ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი დამატებით $2.75 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. AI-სტარტაპის მხარდასაჭერად და კომპანიებს შორის პარტნიორობის გასაფართოებლად, შეთანხმება გასულ წელს გაფორმდა.
შედეგად, სტარტაპში Amazon-ის ინვესტიცია $4 მილიარდამდე გაიზრდება. გარიგების პირობებით, Amazon-ს მარტამდე სტარტაპში დამატებითი დაფინანსებების გაკეთებაც შეუძლია, რაც შემდგომში შესაძლოა უკვე Anthropic-ში მის საკუთრებაში არსებულ აქტივად იქცეს. პარტნიორობის ფარგლებში, სტარტაპი Amazon Web Services-ის მონაცემთა ცენტრს და სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ ჩიპებს გამოიყენებს.
თუმცა Amazon-ის გარდა, Anthropic-ი ვალდებულია, მისი კიდევ ერთი ახლო პარტნიორის, Google-ის ჩიპებიც გამოიყენოს. საძიებო გიგანტი დაფინანსებების რაუნდს $450 მილიონით გასულ მაისს შეუერთდა და Amazon Web Services-თან ერთად სტარტაპის cloud-პარტნიორია.
Anthropic-ი 2021 წელს, OpenAI-ის ყოფილი თანამშრომლის, დანიელა ამოდეის მიერ შეიქმნა და მის ყველაზე ძლიერ კონკურენტადაც იქცა. სტარტაპმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, მისი მომხმარებლების უმრავლესობა კი ბიზნესია, მათ შორის: საძიებო სისტემა DuckDuckGo და მოგზაურობის სახელმძღვანელოს გამომცემლობა Lonely Planet-ი.
კომპანიის ჩატბოტი Claude-ი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო განვითარებაზეა ორიენტირებული. ახალი პროგრამული უზრუნველყოფით Claude-ს პრობლემების გადაჭრა ყოვლისმომცველი კვლევების გარეშე შეუძლია.