ფოტო: Shutterstock
2026 წელს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიების რეიტინგი მკვეთრად შეიცვალა – ხელოვნურმა ინტელექტმა კერძო ტექნოლოგიური ბაზრის ლიდერობა სრულად გადაიბარა. შედეგად, წელს რეიტინგს აღარ ლიდერობენ ფინტექი, ელექტრონული კომერციისა ან სოციალური მედიის კომპანიები — კერძო ბაზარზე წამყვან პოზიციებს ახლა ხელოვნური ინტელექტის კომპანიები იკავებენ.
Crunchbase-ის უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში 30 ყველაზე ძვირად ღირებული „უნიკორნის“ საერთო ღირებულება $3.9 ტრილიონს აღწევს. ამ თანხის დაახლოებით 60% კი სწორედ ხელოვნური ინტელექტის სექტორზე მოდის. ცნობისთვის, „უნიკორნი“ არის კერძო კომპანია, რომლის საბაზრო შეფასებაც, სულ მცირე, $1 მილიარდს შეადგენს.
რეიტინგის სათავეში ამერიკული კომპანია Anthropic-ია, რომელიც $965 მილიარდად არის შეფასებული, მეორე პოზიციას კი OpenAI–ი იკავებს — $852 მილიარდის შეფასებით. კოლექტიურად ამ ორი კომპანიის ღირებულება $1.8 ტრილიონს აჭარბებს, რაც წარმოდგენილი რეიტინგის თითქმის ნახევარია და რაც ნათლად აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ინვესტორების ინტერესი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებისადმი.
Anthropic-ისა და OpenAI-ის გარდა, რეიტინგში მრავლად არიან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ოპერირებადი სხვა კომპანიებიც. მათ შორისაა Databricks-ი, Figure, Safe Superintelligence-ი, Anysphere, ScaleAI-ი და Cognition-ი. ეს ტენდენცია კი მიუთითებს, რომ დღევანდელობაში ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ პერსპექტიულ ტექნოლოგიურ მიმართულებად, არამედ კერძო ინვესტიციების მთავარ მამოძრავებელ ფაქტორადაცაა ქცეული.
რეიტინგში ამერიკის შეერთებული შტატების აშკარა დომინაციას ვაწყდებით. ეს კი, პირველ რიგში, აშშ-ის ძლიერი ვენჩურული კაპიტალის ბაზრის, მაღალკვალიფიციური ტექნოლოგიური კადრებისა და განვითარებული სტარტაპ-ეკოსისტემის დამსახურებაა. მსგავს გარემოში კერძო კომპანიები იმაზე უფრო მოკლე ვადაში აღწევენ მილიარდობით დოლარის შეფასებას, ვიდრე მსოფლიოს სხვა წერტილებში.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად კი სიაში სხვა ქვეყნებში ბაზირებულ უნიკორნებსაც ვხვდებით. მათ შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და სეიშელის კუნძულები, რომლებიც მნიშვნელოვან პოზიციებს ინარჩუნებენ გლობალურ კერძო ტექნოლოგიურ ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს ინვესტორების ინტერესი უფრო მეტად ხელოვნური ინტელექტისკენ არის მიმართული, რეიტინგში კვლავ მაღალ პოზიციებს იკავებენ სხვა სექტორების წარმომადგენელი კომპანიები. მაგალითად, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოირჩევიან Stripe-ი, Revolut-ი, Checkout.com-ი და Ramp-ი, რაც ციფრულ ფინანსურ მომსახურებაზე მზარდ მოთხოვნას ადასტურებს.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად რჩება TikTok-ის შემქმნელი ჩინური ByteDance-ი, ხოლო ონლაინ-რიტეილ პლატფორმა Shein-ი სწრაფ ზრდას განაგრძობს და გლობალური ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება. აქვე აღსანიშნავია Waymo-ც, $126-მილიარდიანი შეფასებით, რომელიც ამტკიცებს, რომ ავტონომიური მართვის სისტემებში ინვესტორები მომავალშიც დიდ პოტენციალს ხედავენ.
2026 წლის ყველაზე ძვირად ღირებული „უნიკორნები“:
| № | კომპანია | შეფასება |
|---|---|---|
| 1 | Anthropic | $965 მლრდ |
| 2 | OpenAI | $852 მლრდ |
| 3 | ByteDance | $480 მლრდ |
| 4 | Stripe | $159 მლრდ |
| 5 | Ant Group | $150 მლრდ |
| 6 | Databricks | $134 მლრდ |
| 7 | Waymo | $126 მლრდ |
| 8 | Reliance Retail | $101 მლრდ |
| 9 | Revolut | $75 მლრდ |
| 10 | Shein | $66 მლრდ |
| 11 | Anduril Industries | $61 მლრდ |
| 12 | Reliance Jio | $58 მლრდ |
| 13 | Ramp | $44 მლრდ |
| 14 | Canva | $42 მლრდ |
| 15 | Checkout.com | $40 მლრდ |












