ამერიკული Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და დისტანციურად მუშაობას ურჩევს

ამერიკული Forbes-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და დისტანციურად მუშაობას ურჩევს

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ავტორიტეტული ჟურნალი საკუთარ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასა და დისტანციურად მუშაობას ურჩევს. სტატიაში აღწერილია საქართველოს ბუნების თავისებურებები და გაცემულია რამდენიმე რეკომენდაციაც. გარდა ამისა, სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკაც საკმაოდ ლიბერალურად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ თუკი საქართველოში სტუმრობისას მისმა გარემომ დიდი ხნით დარჩენისაკენ გიბიძგა, სავიზო რეჟიმი ამის საშუალებას მარტივად იძლევა. ეს კი ქვეყანას საკმაოდ მიმზიდველს ხდის დისტანციურად მომუშავეთათვის  და ამ მხრივ მას რეგიონშიც გამოარჩევს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და შესაბამისად ტურისტულ მნიშვნელობაზეა გამახვილებული. საქართველოს დედაქალაქი Forbes-ში მოხსენიებულია როგორც ტრადიციულისა და თანამედროვეობის ნაზავი, სადაც ყველა ინტერესისა და შეხედულების ადამიანს შეუძლია საკუთარი ადგილის პოვნა. განსაკუთრებული ყურადღება იუსტიციის სახლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების უცნაურ არქიტექტურაზეა გამახვილებული.

საინტერესოა ისიც, რომ თბილისი სტატიაში საკმაოდ ხელმისაწვდომ ქალაქადაა დახასიათებული. აღნიშნულია, რომ ცხოვრების ხარჯები სხვა დედაქალაქებთან შედარებით აქ დაბალია, გამართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქის უმეტესი ნაწილი Wi-Fi ქსელითაა დაფარული. ეს კი თბილისის, როგორც დისტანციურად მომუშავეებისთვის ხელსაყრელი ქალაქის პოტენციალს ერთიორად ზრდის. ბუნებრივია, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ღვინოსა და ღვინის კულტურას ეთმობა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

 

მთავარ ფოტოზე ტერმინალი.