საუდის არაბეთი ნავთობის საბადოზე უზარმაზარი ექსტრემალური პარკის აშენებას გეგმავს

საუდის არაბეთი ნავთობის საბადოზე უზარმაზარი ექსტრემალური პარკის აშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდია, საუდის არაბეთი ცდილობს, თავისი ეკონომიკის  ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს, თუმცა ეს სულაც არ უშლის  ხელს, ნავთობინდუსტრია ორიგინალური იდეების გენერირებისათვის გამოიყენოს და ახალი ტურისტული მიმართულებები შექმნას.

ახლახან საუდის არაბეთმა  საკუთარი გეგმები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ნავთობის საბადოზე 150,000 კვადრატული მეტრის „ექსტრემალური პარკის“ მშენებლობას გეგმავს.  საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) მიერ დაფინანსებული პროექტი The Rig–ი მოიცავს რამდენიმე სასტუმროს, ათზე მეტ რესტორანს, რომლებიც მთელ რიგ სხვადასხვა პლატფორმაზე იქნება განლაგებული, ატრაქციონებსა და ექსტრემალურ პარკებს.

მიმდინარე თვის დასაწყისში პროექტის რენდერი გამოქვეყნდა. პროექტის ავტორთა განცხადებით, მათი მიზანია, „სტუმრებს შესთავაზონ  უამრავი გასართობი ღონისძიება, თავგადასავლები და წყლის სპორტული აქტივობები“.

„ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისით პროექტი უნიკალურია და ის ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მოიზიდავს“, – აღნიშნულია  PIF- ის განცხადებაში. ჯერჯერობით პროექტის დასრულების თარიღი უცნობია.

ოფშორული ნავთობის პლატფორმებით შთაგონებული მსოფლიოს პირველი ტურისტული მიმართულება ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილია. საუდის არაბეთის მიზანი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებაა.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ქალაქ მექას სანახავად ყოველწლიურად ქვეყანას მილიონობით რელიგიური ვიზიტორი სტუმრობს, ქვეყნის კონსერვატიული კანონები საერთაშორისო ვიზიტორებისათვის საუდის არაბეთს არამიმზიდველ  ადგილად აქცევს.

საუდის არაბეთი პოზიციას ცვლის და ცდილობს, ტურისტულად მიმზიდველი წერტილი გახდეს. მათი მიზანია კონკურენცია ახლომდებარე დუბაის, აბუ-დაბისა და ომანს გაუწიონ, ხოლო ათწლეულის ბოლოს ყოველწლიურად 100 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *