2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, Apple-ის შემოსავალი 81 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი სმარტფონების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს უკავია.
Apple-ის მიერ მიმდინარე წელს მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35%-ზე მეტითაა გაზრდილი. გარდა ამისა, ტექნოგიგანტის წმინდა მოგებამ 21,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, $1,3 თითოეულ აქციაზე, მაშინ როდესაც 2020 წლის მეორე კვარტალში მოგება 11,3 მილიარდ აშშ დოლარს, აქციაზე კი $0,63-ს უტოლდებოდა. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები კომპანიისგან მიმდინარე კვარტალში მხოლოდ 73 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღებას ელოდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის რეკორდული მაჩვენებლის კვარტალურ შემოსავალზე დიდ გავლენას სმარტფონების გაყიდვიდან მიღებული მოგება ახდენს. Iphone-ის გაყიდვები მიმდინარე კვარტალში 53%-ითაა გაზრდილი, რაც დაახლოებით 40 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
მიუხედავად გაზრდილი შემოსავლისა, ანალიტიკოსების განცხადებით, მთავრობის ქმედებები, განსაკუთრებით კი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღებული განკარგულებები, სამომავლოდ კომპანიის აქციების ფასებს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დააყენებს. ასეთ სიტუაციაში კი Apple-ს გაუჭირდება Samsung-თან და Google-თან კონკურენციის პირობებში დომინანტური როლის შენარჩუნება.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის აქციების ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 500%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით კი 55%-ით, რაც ძირითადად Iphone-ის გაყიდვების მასიურმა ზრდამ განაპირობა. სმარტფონებიდან მიღებული შემოსავალი კომპანიის მთლიან შემოსავალში 53%-ს იკავებს. გასულ წელს კომპანიამ გაყიდვებიდან დაახლოებით 275 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2,5 ტრილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა.