Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Apple-ი, მსოფლიო ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამაც 3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საინტერესოა, რომ 2007 წელს მისი დამფუძნებლისა და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ჯობსის მიერ პირველი აიფონის წარდგენის შემდეგ, კომპანიის აქციათა ფასები დაახლოებით 5,800%-ით არის გაზრდილი.

შეიძლება ითქვას, რომ Apple-ი იმ ერთ-ერთია იშვიათ კომპანიათაგან, რომელთაც პანდემიის პერიოდში სარგებელი ნახეს. სრული იზოლაციების პერიოდში მოთხოვნა ტექმოწყობილობებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც კომპანიას პანდემიის რთული პერიოდი მარტივად გადაატანინა.

3-ტრილიონდოლარიანი საბაზრო კაპიტალის ფლობა ამერიკული ტექგიგანტისათვის  ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ კომპანიას 2-დან 3 ტრილიონ დოლარამდე მისაღწევად სულ რაღაც 16 თვე დასჭირდა.

ცნობისათვის, პირველი 1-ტრილიონდოლარიანი კომპანიის სტატუსიც სწორედ Apple-ს ეკუთვნის, რომელიც მას 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. კომპანიის განვითარების ტემპები საკმაოდ მაღალია და, როგორც ჩანს, ამერიკელები გაჩერებას არ აპირებენ. კომპანია ახლო მომავალში უამრავი სიახლის შემოტანას გეგმავს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Apple-ის თვითმართვადი ელექტრომობილი იქნება – მასზე  მუშაობა სწორედ ახლა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, კომპანია იწყებს სმარტფონების ნაწილების გაყიდვასაც, რათა მომხმარებლებს საკუთარი მობილურების შეკეთება თავადვე შეეძლოთ.