“ლიბერთი“ სასესხო პორტფელს ზრდის და პროდუქტების დივერსიფიკაციას იწყებს. ამჟამად საქართველოში აქტივების მიხედვით მესამე ბანკი აქცენტს მცირე და საშუალო ბიზნესებსა და აგრომიმართულებაზე აკეთებს. ბანკის ახალ სტრატეგიაზე “ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე საუბრობს.
ბატონო ვაჟა, თქვენ ცოტა ხნის წინ დაიკავეთ “ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია, როგორია თქვენი უპირველესი გეგმები?
ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ახლა ბანკში. ჩვენ ისტორიულად ვასოცირდებოდით პენსიონერების მომსახურე ბანკთან, თუმცა უკვე დავიწყეთ ტრანსფორმაციის პროცესი და გვინდა, რომ უნივერსალური ბანკი გავხდეთ და ნებისმიერ სეგმენტში ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ბუნებრივია, გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები და ნომერ პირველი პრიორიტეტი დღეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება, განსაკუთრებით რეგიონებში. ვფიქრობთ, რომ აქ ძალიან დიდი პოტენციალია, უპირატესობა ამ მიმართულებით გვაქვს და აუცილებლად გამოვიყენებთ. ბანკის გუნდის გაძლიერება ინტენსიურად მიმდინარეობს. ასევე ვგეგმავთ ახალი პროდუქტების გამოშვებას ბაზარზე, ბიზნესისა და საკრედიტო პორტფელის დივერსიფიკაციას. გვინდა, რომ ყველა მიმართულებით კონკურენტუნარიანები ვიყოთ.
რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებაში რას გულისხმობთ? ვინ მიიღებს თქვენს შეთავაზებებს – მცირემიწიანი გლეხები თუ შედარებით მასშტაბური სასოფლო–სამეურნეო პროექტები?
პირველ რიგში მიკრო- და მცირე ბიზნესებზე ვფოკუსირდებით. ამ მხრივ ძალიან დიდი მოთხოვნა არის რეგიონებში – დაკრედიტებაზე და არამხოლოდ დაკრედიტებაზე. ბევრს ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს საბანკო სერვისებსა და ფინანსურ რესურსებზე. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ზოგან ბანკები ნაკლებად არიან წარმოდგენილი, ზოგან პროდუქტები არ არის მორგებული მათზე. ზოგ შემთხვევაში არის რაღაც პროდუქტი, რომელიც მცირე ბიზნესმა შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენოს, მაგრამ ამის შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს. ასევე ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ბანკი მხოლოდ დიდი კლიენტებისთვისაა, ხოლო მათთვის შეიძლება ხელსაყრელი პირობები არ იყოს. ჩვენ ყველაზე დიდი ქსელი გვაქვს საქართველოში და გვინდა, რომ ეს კლიენტები გავზარდოთ, განვავითაროთ და წარმოვაჩინოთ ბანკი მათთვის არა როგორც მხოლოდ მომსახურე ბანკი, არამედ როგორც პარტნიორი.
როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას და თუ გაქვთ კონკრეტული რეგიონი ამორჩეული, საიდანაც ამ გეგმების განხორციელებას დაიწყებთ?
ამ მიმართულებით რეგიონებში ბევრ აქტივობას ვგეგმავთ, იქნება ეს პირდაპირი კომუნიკაცია, ინფორმირება თუ ტრენინგები. ყველაზე კარგად მუშაობს კმაყოფილი მომხმარებლის ფაქტორი. როდესაც სოფელში ორი ადამიანი სარგებლობს „ლიბერთის“ პროდუქტით და კმაყოფილი რჩება, ისინი ხდებიან ბანკის ელჩები იმ სოფელში და პოპულარიზაციას თავად ეწევიან. ეს არ არის ისეთი ცვლილებები, რომ მხოლოდ ერთი რეგიონით დავიწყოთ, ეს მთელი ქსელის მასშტაბით უნდა გავავრცელოთ. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ რეგიონში გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება, ფინანსურ რესურსზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და საერთო ჯამში, რეგიონში ცხოვრება გაუმჯობესდეს. ამით ყველა მოგებული დარჩება – სახელმწიფოც, ჩვენი მომხმარებლებიც და ბანკიც.
“ლიბერთის“ სასესხო პორტფელში აქცენტის გაკეთება სურს ქალ მეწარმეებზეც. რას უნდა ელოდონ ისინი “ლიბერთისგან“?
ქვეყანაში ძალიან ბევრი წარმატებული მეწარმე ქალია. მაგრამ მაინც გვგონია, რომ აქაც არის ბევრი სამუშაო. გვინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მათ, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ. დავადგინოთ მათი და მათი ბიზნესის საჭიროებები და მორგებული შეთავაზებებით დავეხმაროთ. გამოყოფილია ფინანსური რესურსები ჩვენი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორებისგან. ამ საკრედიტო ხაზების საშუალებით სესხების აღება უკეთესი პირობებით იქნება შესაძლებელი.
მეწარმექალები, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება… ვხედავთ, რომ „ლიბერთის“ სასესხო პორტფელი იზრდება. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ყველგან, ყველასთვის ხელმისაწვდომი, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება გვაქვს. გვინდა, ვიყოთ ჩვენი კლიენტების არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი და მომხმარებლებს ჩვენი იმედი ჰქონდეს, როგორც პარტნიორის.
გადავიდეთ პლატფორმა Onoff.ge-ზე. ის არაა საბანკო სექტორის მოთამაშეებთან დაკავშირებული ერთადერთი ბრენდი ელექტრონული კომერციის სფეროში, რა უპირატესობები გააჩნია მას?
ეს პლატფორმა გასულ წელს შეიქმნა და მას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, მან საშუალება მისცა ნებისმიერ, მათ შორის მცირე ზომის მაღაზიას, თავისი პროდუქტი განეთავსებინა ონლაინ, გაეზარდა გაყიდვებიც და მომხმარებელთან წვდომაც. მომხმარებლისთვის პლატფორმა მოსახერხებელია, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ხედავს უამრავ შეთავაზებას. სიახლეა ის, რომ აგრომიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი გახდა ჩვენი პარტნიორი და ფერმერებს სასოფლო მეურნეობასთან დაკავშირებული პროდუქციის შეძენა ონლაინ შეუძლიათ. ძალიან მალე დაგვემატება ქართველი მეწარმეების პროდუქციაც და ამით მათ ბიზნესის განვითარებაში ხელს შევუწყობთ.
ბანკის გამოწვევებზე რომ ვისაუბროთ… მაგალითად, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე დაბალია. საქართველოში სესხის გადავადების პროგრამის დასრულების შემდეგ ელოდებით თუ არა ამ მაჩვენებლის ზრდას?
გარკვეული შეფერხებები იქნება, მაგრამ ჩვენ დრამატულ გაუარესებას არ ველოდებით. ზოგადად საქართველოს ეკონომიკა არ არის იმხელა, რომკრიზისული ვითარებიდან მისი გამოყვანა ძალიან რთული იყოს. თუნდაც ის დახმარების პაკეტი, რაც დონორებისგან უნდა მივიღოთ და რაც მთავრობამ დააანონსა, ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან სტიმულირებას მოახდენს. რაც შეეხება მსესხებლებს, ბუნებრივია, ვიღაცას მეტად გაუჭირდება სესხების გადახდა, ვიღაცას – ნაკლებად. მაგრამ დრამატული ცვლილებები, იმედი გვაქვს, არ იქნება და ძალიან მალე ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით.
“ლიბერთი“ სულ უფრო ხშირად საუბრობს ახალ სტრატეგიაზე, რა მოლოდინები გაქვთ პოსტპანდემიურ პერიოდში?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში გარკვეული ტიპის საბანკო მომსახურებებზე, მათ შორის თუნდაც სესხებზე, მოთხოვნა გაიზრდება. ბევრ ბიზნესს დასჭირდება ინვესტიციები. ჩვენ ამას მომზადებული ვხვდებით. აქტივობა ნელ-ნელა მოიმატებს და ბანკების როლი ამ შემთხვევაში ბიზნესისთვის სწორი პროდუქტების შეთავაზებით მაქსიმალური დახმარების გაწევა იქნება, რათა ბიზნესმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაიაროს ეს პროცესი. ჩვენი ამოცანაა, უმოკლეს დროში ხარისხის, სისწრაფის, ციფრული სერვისებისა და შეთავაზებების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ბანკი ვიყოთ და ტოპ-სამეულში “ლიბერთიც“ ფიგურირებდეს. ამის პოტენციალი გვაქვს და ამას აუცილებლად მივაღწევთ.