არარსებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა

არარსებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა

ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, თვითგამოცხადებული და არაღიარებული ქვეყნები აქტიურ ეკონომიკურ პროცესებში ჩართულნი მაინც არიან. ჩვენს ჩამონათვალში ის ქვეყნები მოხვდა, რომლებიც დღემდე არსებობს და მათ სუვერენულობასაც გაეროს 100-ზე ნაკლები წევრი ქვეყანა ცნობს. კლასიფიკაციის აღნიშნული მეთოდის გამო, სტატიაში მიმოხილული არ არის კოსოვოსა და პალესტინის ეკონომიკური მდგომარეობა. ციფრების გამოყენებით ვნახოთ, თუ რა მანძილია ტაივანიდან სომალილენდამდე.

ტაივანი ( ჩინეთის რესპუბლიკა)

დე ფაქტო სუვერენული ქვეყანა, რომელსაც ქვეყნების უმრავლესობა და მათ შორის ჩინეთი დღემდე არ აღიარებს. რესპუბლიკამ განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ მიიქცია, ვინაიდან კომუნისტებთან დამარცხებული გომინდანის წევრებმა თავი სწორედ ტაივანს შეაფარეს. ცივი ომის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, 1971 წლამდე ტაივანი გაეროში ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად ითვლებოდა, მის სუვერენულობას კი 71 ქვეყანა აღიარებდა. მოგვიანებით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გაეროში ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ჩაანაცვლა, მის სუვერენულობას კი დღეს მხოლოდ 22 სახელმწიფო ცნობს.

ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. მეოცე საუკუნის შუა წლებში არსებული ჰიპერინფლაცია და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანამ უცხოეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებით და საბაზრო ეკონომიკაზე კონცენტრირებული რადიკალური რეფორმებით დაძლია. წარმატების ერთ- ერთ საზომად 1952- 1982 წლების შუალედში არსებული საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელმაც 8.7% პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 2016 წლის მონაცემებით, ტაივანის მშპ $508, 849 მილიარდს შეადგენს და მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში 23-ე ადგილზეა. ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ-ის რაოდენობა კი 46,883 დოლარია, რითაც ტაივანი გერმანიასთან ერთად მე-19 ადგილს იკავებს. ტაივანის მოსახლეობა 23,51 მილიონ ადამიანს შეადგენს, აზიის კონტინენტზე ეკონომიკის სიდიდით კი რიგით მე-5 ქვეყანაა. 2016 წლის აგვისტოში დაუსაქმებელთა რაოდენობამ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, 3,9% შეადგინა.

აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, ტაივანს დამსახურებულად ეკუთვნის ყველაზე მდიდარი და სასურველი არაღიარებული ქვეყნის სტატუსი. მეტიც, ბევრი „ხილული“ ქვეყანა სიამოვნებით ინატრებდა მის ადგილზე ყოფნას, თუნდაც ჩვენ.

ჩრდილოეთი კვიპროსი

დამოუკიდებლობა 1983 წელს გამოაცხადა, თუმცა მისი სუვერენულობა დღემდე მხოლოდ თურქეთმა აღიარა. პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის მსგავსად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად თურქეთზე არის დამოკიდებული. მეტ-ნაკლებად წარმატებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ჩრდილო კვიპროსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თურქეთიდან მიღებული ფინანსური დახმარებებია, რაზეც ციფრებიც მეტყველებს. მხოლოდ 2006-2008 წლების პერიოდში, დე ფაქტო ქვეყანამ თურქეთიდან $1,3 მილიარდის ფინანსური სუბსიდია მიიღო. სექტორების მიხედვით, არაღიარებული კვიპროსის სტაბილურობისთვის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 1,3 მილიონი ვიზიტორი ჩავიდა, რომელთაგან მილიონი თურქი იყო. აღნიშნული რაოდენობა 2006 წლის მაჩვენებელთან (570 ათასი) შედარებით გაორმაგებულია. გაზრდილია ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც და მან 2013 წელს $620 მილიონს მიაღწია, რაც ორჯერ აღემატება 2004 წლის მაჩვენებელს (288 მილიონი). ჩრდილოეთ კვიპროსის მთავარი პარტნიორი ექსპორტსა და იმპორტში თურქეთია, რაც არავისთვისაა გასაკვირი. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 313 ათასი ადამიანით განისაზღვრა, მთლიანი შიდა პროდუქტი $4,040 მილიარდს შეადგენდა. აღნიშნული მშპ-ის მაჩვენებელი დაახლოებით ოთხჯერ ჩამორჩება მეზობელ და საერთაშორისოდ აღიარებული კვიპროსის ანალოგიურ მონაცემებს. ამავე წლის მონაცემებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $15,09 ათასს შეადგენდა, რაც $11 ათასით ჩამორჩება კვიპროსის მსგავს მაჩვენებელს. უმუშევრობის მაჩვენებელი ჩრდილოეთ კვიპროსში 7,2%-ს შეადგენს და ამ მხრივ ის მნიშვნელოვნად ჯობნის მეზობელ კვიპროსს.

საერთაშორისო იზოლაციისა და სხვა თანამდევი გარემოებების მიუხედავად, ეკონომიკური მაჩვენებლებით ჩრ. კვიპროსი მეორე ყველაზე წარმატებული არაღიარებული ქვეყანაა მსოფლიოში, რისი ძირითადი მიზეზიც თურქეთის აქტიური ფინანსური (და არამხოლოდ) დახმარებაა.

საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა (სადრ)

ესპანეთის ყოფილი კოლონია და დღემდე არაღიარებული სახელმწიფო, რომელიც ტერიტორიის დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებს. ტერიტორიული დისპუტი სადრ-ის მთავრობასა და მაროკოს შორის უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს და სხვადასხვა ქვეყნის პოზიციაც ამ მხრივ განსხვავებულია. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის დამოუკიდებლობას გაეროს წევრი 47 ქვეყანა და თავად არაღიარებული სამხრეთ ოსეთი აღიარებს. ქვეყნის ეკონომიკაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მაროკო ახდენს, ვინაიდან სადრ- ის ტერიტორიის 75%-ის ადმინისტრირებას მაროკოს ხელისუფლება ახორციელებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2007 წელს ქვეყნის მშპ $906,5 მილიონს შეადგენდა, ერთ სულ მოსახლეზე კი ეს მაჩვენებელი $2,500-ით განისაზღვრა. სადრ-ის მოსახლეობა დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთაგან დასაქმებულთა ნახევარი სოფლის მეურნეობაში არის ჩართული, დარჩენილი ნაწილი კი ძირითადად სერვისისა და ინდუსტრიის სფეროზე ნაწილდება. ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც მაროკოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად თევზაობითა და აქლემების მოვლით არის დაკავებული.

აფხაზეთი

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოსგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აფხაზეთის ეკონომიკა დიდი ხნის განმავლობაში კოლაფსს განიცდიდა. სხვადასხვა გარემოებასთან ერთად, კრიზისის გამწვავებაში მნიშვნელოვან როლს კრიმინალისა და კორუფციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი თამაშობდა, რაც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. აფხაზეთის ეკონომიკის სტაბილურობაში ფუნდამენტური როლი რუსეთს აკისრია, რომელიც, პირდაპირი ფინანსური დახმარების გარდა, სხვადასხვა მასიური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის დაკავებული აფხაზეთში. ფულადი დახმარების თვალსაჩინოებისთვის ქვეყნის ბიუჯეტი გამოდგება, რომლის ნახევარსაც რუსეთიდან მიღებული ფინანსური დახმარება შეადგენს. აფხაზეთის სტატისტიკის დეპარტამენტის 2014 წლის ინფორმაციით, ქვეყნის მოსახლეობა 242,7 ათას ადამიანს შეადგენდა, მოსახლეობის ნახევარი რურარულ ადგილებში არის დასახლებული. ამავე უწყებამ 2012 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის მშპ 25 მილიარდ რუბლს შეადგენდა, რაც დაახლოებით $700 მილიონს უდრის. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ 2009-2012 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 14,2% პროცენტი შეადგინა. მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 90 ათასი რუბლია, რაც $3,000-ს უდრის. უკანასკნელ წლებში ტურიზმი აფხაზეთში მზარდი დინამიკით გამოირჩევა, რაც რუსეთის მიერ მისი აღიარებითა და უვიზო მიმოსვლით არის გამოწვეული. მაგალითისთვის, 2015 წელს აფხაზეთში 1,2 მილიონი რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც საერთო ვიზიტორების 85%-ს აღემატება. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზური ეკონომიკა როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად, სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე. ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების გარდა, აღნიშნულს სავაჭრო ურთიერთობებიც ადასტურებს. აფხაზეთთან ვაჭრობის მხრივ მეორე ადგილზე მყოფ თურქეთს, რუსეთი დაახლოებით 5-ჯერ ჯობნის. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტატისტიკური მონაცემების უმრავლესობა აფხაზური მხარის მიერ არის გამოქვეყნებული, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხით არ ხასიათდება. დღევანდელი ეკონომიკური მონაცემების გათვალისწინებით, აფხაზეთი მდიდარი და ღარიბი არაღიარებული ქვეყნების ჩამონათვალის შუაში იმყოფება.

ყარაბაღი

კიდევ ერთი არაღიარებული ტერიტორიული ერთეული სამხრეთ კავკასიაში, რომლის ეკონომიკაც უკანასკნელ წლებში ზრდის დინამიკით ხასიათდება. აზერბაიჯანს, ირანსა და სომხეთს შორის მდებარე სადავო ტერიტორიაზე 140 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 99% ეთნიკური სომეხია. ყარაბაღის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2013 წელს მშპ $411 მილიონს შეადგენდა, რაც 2009 წლის ანალოგიურ მონაცემს ($260 მლნ) თითქმის ორჯერ აღემატება. ამავე წლის მონაცემებით, ყარაბაღში მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2,8 ათასით განისაზღვრა, სომხეთში ეს მაჩვენებელი $3,5 ათასს შეადგენდა, აზერბაიჯანში კი $7,9 ათასს. ქვეყნის ტერიტორიაზე დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წელს 63 ათას ადამიანს შეადგენდა, უმუშევრობა კი 4%-ით იყო განსაზღვრული. მთავრობის მიერ წარმოებული პრივატიზაციისა და ეკონომიკური რეფორმის პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ყარაბაღის ეკონომიკის კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სომხეთზე. მხოლოდ 2010 წელს არაღიარებულმა რესპუბლიკამ სომხეთისგან $30 მილიონის პირდაპირი ფინანსური დახმარება მიიღო. სოციალური დახმარების კუთხით, ყარაბაღს სხვადასხვა სომხური დიასპორისა და აშშ-ის მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიეწოდება. მხოლოდ 2008-2010 წლების მონაკვეთში, აშშ-დან შემოსულმა თანხამ $20 მილიონს მიაღწია.

დნესტრისპირეთი (ტრანსნისტრია)

მოლდოვაში არსებულ თვითგამოცხადებულ სეპარატისტულ რეგიონს უკვე დიდი ხანია, ცუდი დღეები უდგას. მძაფრი ეკონომიკური კრიზისისა და კორუფციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ევროკავშირსა და მოლდოვას შორის დადებული უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება დნესტრისპირელებისთვის დიდი დილემა აღმოჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით, უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ ათიათასობით დნესტრისპირელმა მოლდოვის პასპორტების აღება და ევროპული პერსპექტივით სარგებლობა გადაწყვიტა. დნესტრისპირეთის ეკონომიკა ძირითად კონტრაბანდითა და რუსეთზე დამოკიდებულებით სულდგმულობს. 2012 წლის მონაცემებით, არაღიარებული რესპუბლიკის მშპ $950 მილიონი იყო, ერთ სულ მოსახლეზე კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ $1,500-ს შეადგენდა. ტრანსნისტრიის მთავარი სავაჭრო პარტნიორები მოლდოვა, რუსეთი, რუმინეთი, უკრაინა და იტალია არიან. ხაზგასასმელია ისიც, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვაჭრობა უფრო და უფრო აქტიურდება. სეპარატისტული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაში უმნიშვნელოვანესი როლი დღემდე რუსეთს აქვს, იგი პირდაპირ და არაპირდაპირ ფინანსურ დახმარებას უწევს დნესტრისპირეთს. მაგალითისთვის პენსიების გაცემისთვის და პირველადი საკვების სუბსიდირების მიზნით, მოსკოვიდან მიღებული ფინანსური დახმარება გამოგვადგება, რომელიც ყოველწლიურად საშუალოდ $27 მილიონს შეადგენს. დნესტრისპირეთი დღევანდელი ეკონომიკური მოდელის გათვალისწინებით, რუსეთის დახმარების გარეშე სრულ კოლაფსს განიცდიდა. საინტერესოა, რამდენად გაუძლებს იგი მომავალში მზარდ პრობლემებს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ცხოვრება დღითი დღე უფრო რთული და აუტანელი ხდება.

სომალილენდი

აფრიკის ჩრდილოეთით მდებარე არაღიარებული ქვეყანა, რომელიც წარსულში ბრიტანეთის იურისდიქციაში იმყოფებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტერიტორიულ ერთეულს სომალის ავტონომიურ რეგიონად მიიჩნევს, მის დამოუკიდებლობას კი მხარს მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს. ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყით, რომ სომალილენდი ყველაზე ღატაკი არაღიარებული ქვეყანაა, აღიარების შემთხვევაში კი იგი ბოლოდან მეოთხე ადგილზე იქნებოდა. 2012 წლის მონაცემების თანახმად, ქვეყნის მშპ $1,4 მილიარდი იყო, მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი $347-ს შეადგენს. აღნიშნულზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ მალავის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბურუნდის ჰქონდა. მძაფრი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები სომალილენდისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ქვეყნის ურბანულ ნაწილში დასახლებულთა 29% უკიდურესად ღარიბია, იგივე მაჩვენებელი კი სოფლად 38%-ს შეადგენს. UNICEF-ის ინფორმაციით, სომალის არაღიარებულ ნაწილში მშობიარობის დროს დედების გარდაცვალების მაჩვენებელი კრიტიკულად მაღალია: სიკვდილიანობა ყოველ 100,000 მშობიარობაზე დაახლოებით 1000-1400-მდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემების ფონზე საკითხავია, რამდენად იმსახურებს ქვეყნის პრეზიდენტი პოლიციელსა და ჯარისკაცზე 167-ჯერ მეტ, ექიმზე 111-ჯერ მეტ და პარლამენტარზე 15-ჯერ მეტ ხელფასს ყოველწლიურად.

P.S – სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, სიაში სამხრეთი ოსეთი ვერ მოხვდა, ვინაიდან თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ეკონომიკური მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ამ დრომდე შეუძლებელია ისეთი მარტივი და ფართოდ გავრცელებული ინდიკატორების დადგენა, როგორიც მშპ და მშპ ერთ სულ მოსახლეზეა. დაუდგენელია ასევე მცხოვრებთა და დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობაც.