რეპუტაციის შექმნა და შენარჩუნება ყველა კომპანიისა თუ ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. დიდი კორპორაციებისათვის, რომლებიც ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობით სარგებლობენ, ბრენდის რეპუტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
კვლევითმა კომპანია Axios Harris Poll-მა შეერთებულ შტატებში 43,000 ადამიანი გამოკითხა იმის გასაგებად, თუ რომელი 100 კომპანია სარგებლობს განსაკუთრებით კარგი რეპუტაციით. რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, თუ რომელი ორი კომპანია იყო მათთვის განსაკუთრებით გამორჩეული. ის 100 ბრენდი კი, რომლებიც მომხმარებელთა მიერ შეირჩა, სამ მთავარ კრიტერიუმს ეფუძნება: კომპანიის ხასიათს (კულტურა, ეთიკა, ღირებულებები), ტრაექტორიას (კომპანიის ზრდის პერსპექტივები, მომავლის ხედვა, ინოვაციურობა) და ნდობას (ენდობა თუ არა მომხმარებელი კომპანიას).
საინტერესოა, რომ სიაში პირველ ადგილს ცნობილი ამერიკული ტანსაცმლის ბრენდი – Patagonia იკავებს. კომპანიის რეპუტაციის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 31 ერთეულით გაუმჯობესდა და 82.7-ს შეადგენს. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ რეპუტაციის სიაში მეორე ადგილს არა ამერიკული, არამედ იაპონური ავტომწარმოებელი Honda Motor Company იკავებს. როგორც ჩანს, ამერიკელები იაპონურ ბრენდს სხვა ამერიკულ კორპორაციებზე მეტად ენდობიან. შემთხვევითი არაა, რომ პანდემიის ეპოქაში სიის მესამე ადგილი ცნობილმა ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია Moderna-მ დაიკავა. მოდერნას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მთელ მსოფლიოში დიდი სანდოობითა და, შესაბამისად, კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მას რეპუტაციის მაჩვენებელში 81.3 ქულა აქვს მინიჭებული.
სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- Patagonia – 82.7
- Honda Motor Company – 81.6
- Moderna – 81.3
- Chick-fil-A – 81.1
- SpaceX – 81.1
- Chewy – 80.9
- Pfizer – 80.2
- Tesla Motors – 80.2
- Costco – 80.1
- Amazon.com – 80.0
ერთწლიან პერიოდში ყველაზე დიდი დაღმასვლა კი ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google-მა აჩვენა. მისი რეპუტაციის მაჩვენებელი 36 ერთეულით შემცირდა და 2021 წელს სიაში მე-60 ადგილს იკავებს. საინტერესოა ისიც, რომ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ Facebook-ი და Fox News-ი.