აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 4 მლრდ დოლარის ღირებულების მოპარული ბიტკოინი ამოიღო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 4 მლრდ დოლარის ღირებულების მოპარული ბიტკოინი ამოიღო

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხის, 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის კონფისკაცია მოახდინა. სამართალდამცავებმა ასევე ორი ადამიანი დააკავეს, რომელთაც 120 000 ბიტკოინის არალეგალური გზებით გათეთრება სურდათ.

აღნიშნული ოდენობის ბიტკოინები 2016 წელს კრიპტოსავაჭრო პლატფორმაზე კიბერთავდასხმისას მოიპარეს. მაშინ მოპარული კრიპტოვალუტების საერთო ღირებულება 71 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ბიტკოინის ამჟამინდელი ღირებულების გათვალისწინებით, მოპარული ციფრული აქტივები 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა. სამართალდამცავებმა მოპარული 120 000 ბიტკოინიდან 94 000-ის ამოღება შეძლეს.

მთავარი პროკურორის თანაშემწის განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიება ღირსეული პასუხია იმ თაღლითებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტები მათთვის უსაფრთხო თავშესაფარია და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ფულის გათეთრების მარტივ საშუალებას წარმოადგენს.

იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განმარტებით, 2016 წელს კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Bitfinex-ზე შეღწევის შემდეგ, ჰაკერმა საკუთარ კრიპტოსაფულეზე 2000-მდე არაავტორიზებული ტრანზაქცია განახორციელა. 34 წლის ილია ლიხტენშტაინთან ერთად მისი 31 წლის მეუღლეც დააკავეს. როგორც ჩანს, წყვილი ერთობლივად ცდილობდა თაღლითური გზით მოპოვებული კრიპტოვალუტების განაღდებას.

დანაშაულის გამოძიებაში გერმანელი და ამერიკელი პოლიციელები იყვნენ ჩართულნი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *