აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მასკი მომავლის ტექნოლოგიების პროექტის თანახელმძღვანელად დაასახელა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მასკი მომავლის ტექნოლოგიების პროექტის თანახელმძღვანელად დაასახელა

ფოტო: ALLISON ROBBERT / Getty Images

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ილონ მასკი Project Meridian-ის თანახელმძღვანელად დაასახელა. ეს არის ინიციატივა, რომლის მიზანიც მომავლის საბრძოლო გარემოს შესწავლა და აშშ-ის სამხედროებისთვის ახალი იარაღისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრაა.

ჰეგსეტის განცხადებით, პროექტს მასკთან ერთად Anduril-ისა და Oculus-ის თანადამფუძნებელი პალმერ ლაკი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნიუტ გინგრიჩი უხელმძღვანელებენ.

Project Meridian-ის შექმნის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის მემორანდუმის მიხედვით, ინიციატივამ უნდა შეისწავლოს „მომავლის ბრძოლის ველები“, განსაზღვროს იარაღი და ტექნოლოგიები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ამ გარემოში უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება და მათი განვითარებისა და გამოცდის დასაწყებად რეკომენდაციები შეიმუშაოს.

მემორანდუმში მასკის სახელი პირდაპირ არ არის ნახსენები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროექტი პენტაგონის ფარგლებს გარედან სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების – ტექნოლოგების, ინოვატორების, ბიზნესლიდერების, პოლიტიკის შემქმნელებისა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების – გამოცდილებას გამოიყენებს.

Project Meridian-ის დასკვნები და რეკომენდაციები ჰეგსეტის ოფისს არაუგვიანეს 2027 წლის 28 იანვრისა უნდა წარედგინოს. თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის შედეგები არაკლასიფიცირებული ანგარიშის სახით საჯაროდ გამოქვეყნდება.

პროექტში ილონ მასკის როლი, არსებული აღწერით, უფრო საკონსულტაციო ხასიათისაა, ვიდრე ოფიციალური სახელმწიფო თანამდებობა.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი