ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთი კორეა აშშ-ში $200 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებს. სეულის განმარტებით, ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, $54 მილიარდი, ალასკაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მხარეებს მის განხორციელებაზე საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.
თეთრი სახლის მიერ დაანონსებული პროექტები სამხრეთ კორეის მიერ აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში აღებული უფრო ფართო, $350 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო პაკეტის ნაწილია. ეს უკანასკნელი გემთმშენებლობისთვის $150 მილიარდსა და სტრატეგიული ინვესტიციებისთვის დამატებით $200 მილიარდს მოიცავს.
„იმ შეთანხმებების წყალობით, რომლებიც ჩემს ადმინისტრაციასა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმდა, ისინი აშშ-ში $200 მილიარდამდე ინვესტიციას განახორციელებენ“, — განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციითვე, სეულის ინვესტიციები მოიცავს რვა მსხვილი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას, ასევე ბუნებრივი აირის მილსადენსა და ტეხასში 6-გიგავატიანი ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტის განვითარებას.
რაც შეეხება ალასკის პროექტს, სამხრეთ კორეის მთავრობის განმარტებით, მასში მონაწილეობა მხოლოდ კონკრეტული კომერციული და სამართლებრივი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში განიხილება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე მიონის განცხადებით, ალასკის პროექტისა და ბირთვული რეაქტორების განხორციელებამდე მათი კომერციული სიცოცხლისუნარიანობა უნდა დადასტურდეს.
თუმცა სეულმა დაადასტურა ტრამპის მიერ დაანონსებული სხვა ინვესტიციები, მათ შორის $22.3 მილიარდი ტეხასში ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს ელექტროენერგიით მოამარაგებს, და $120 მილიარდი რვა ბირთვული რეაქტორის მშენებლობისთვის.













