აშშ-მა რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორებისთვის ახალი სანქციები გამოაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი კრემლისთვის ომის დასაფინანსებელი სახსრების შემცირება და მიმდინარე კონფლიქტის ფონზე უკრაინის მხარდაჭერაა.

ეს ზომები გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინირებულად იქნება მიღებული და მიზნად ისახავს მსხვილი რუსული ენერგოკომპანიების, მათ შორის Gazprom Neft-ისა და Surgutneftegas-ის, ასევე 183 გემის სანქცირებას, რომლებითაც ენერგიის ექსპორტი ხორციელდება.

სანქციები, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობის ექსპორტს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, განსაკუთრებით აზიის ბაზრებზე. აშშ-ის ეს ნაბიჯი რუსეთის ეკონომიკას შესაძლოა, ყოველთვიურად მილიარდობით დოლარი დაუჯდეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამჟამინდელი საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მიღებული ზომები მნიშვნელოვან გლობალურ შეფერხებას არ გამოიწვევს.