საფრანგეთში G7-ის სამიტი მიმდინარეობს | რა საკითხებს განიხილავენ ლიდერები?

საფრანგეთში G7-ის სამიტი მიმდინარეობს | რა საკითხებს განიხილავენ ლიდერები?

ფოტო: tvpworld.com

 

საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში „დიდი შვიდეულის“ ყოველწლიური სამიტი მიმდინარეობს. სამიტი 15 ივნისს დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, რა დროსაც G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეხვედრებს გამართავენ და არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და საკითხებს განიხილავენ.

წლევანდელი სამიტის დღის წესრიგი ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეცვალა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საფრანგეთში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ირანთან შეთანხმების მიღწევაზე გაკეთებულმა განცხადებამ. დაახლოებით 3.5-თვიანი ომის შემდეგ ირანთან ზავმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ის, რომ G7-ის ყურადღების ცენტრში სრულად უკრაინის ომის თემა მოექცა. აღნიშნული კი თავად პრეზიდენტმა ტრამპმაც დაადასტურა: „ახლა, როდესაც ეს [ირანის საკითხი] დასრულებულია, ჩვენ ყურადღებას სწორედ მასზე [უკრაინაზე] გადავიტანთ“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სამიტზე G7-ის წევრ სახელმწიფოთა — საფრანგეთი, აშშ, კანადა, გერმანია, იტალია, იაპონია და გაერთიანებული სამეფო — გარდა, მიწვეულნი არიან ლიდერები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც, ესენია: ბრაზილია, ეგვიპტე, ინდოეთი, კენია, სამხრეთი კორეა, კატარი, უკრაინა და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ამ დროისთვის G7-ის სამიტის მთავარი მოვლენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კულუარებს მიღმა გამართული შეხვედრა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, ირანის საკითხი მალე „უკანა პლანზე გადავა“ და უკრაინასთან მიმართებით კი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია.

ზელენსკის კომუნიკაციების მრჩეველ დმიტრი ლიტვინის განცხადებით, პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები სამიტის საერთო შეხვედრის კონტექსტში შედგა, რითაც წესით მიანიშნა, რომ ცალკე შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება. სამიტის ორგანიზატორების განცხადებით, სამშაბათს ტრამპი და G7-ის სხვა ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებით 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და განიხილავდნენ უკრაინისა და ევროპისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს.

ჟურნალისტებთან საუბრისას თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს G7-ის სამიტზე შეხვედრა და ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკება შესთავაზა. თუმცა ზელენსკისგან რაიმე ოფიციალური არხით შეთავაზების მიღება უარყო რუსულმა მხარემ. „რა თქმა უნდა, არა. როგორც იცით, მოსკოვსა და კიევს შორის ოფიციალური არხებიც კი არ არსებობს“, — განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „თუ ზელენსკი მზადაა სერიოზულად საუბრისთვის, შეუძლია ჩავიდეს მოსკოვში, სადაც მას მიიღებენ“.

G7-ზე რუსეთის საკითხი მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ამ მხრივ ერთ-ერთი მთავარი აქტორი კი გაერთიანებული სამეფო იყო, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ კირ სტარმერის გამოცხადებული სანქციების ახალი პაკეტის მთავარი სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტია“, რომელსაც ის ნავთობისა და გაზის გადასაზიდად იყენებს, აგრეთვე ფინანსური ქსელები, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობს. სანქცირებულ გემებს შორისაა რამდენიმე გადამზიდი, რომლებიც რუსეთმა ბოლო პერიოდში შეიძინა, ასევე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამზიდი გემებიც. ცნობისთვის, G7-ის ფარგლებში სტარმერსა და ზელენსკის შორის პირდაპირი შეხვედრაც იგეგმება.

თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით მხოლოდ გაერთიანებული სამეფო არაა დაინტერესებული. როგორც გამოცემა The Hill-ი ფრანგ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, G7-ის ლიდერები რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ქვეყნის ნავთობისა და ბუნებრივი აირის სექტორების წინააღმდეგ მიმართული სანქციების საშუალებით. მათ ასევე შეათანხმეს ერთიანი პოზიცია რუსეთთან ომში უკრაინის მხარდასაჭერად, რაც კიევისთვის თავდაცვის მექანიზმების, ისევე როგორც დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

როგორც აღვნიშნეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ G7-ის სამიტის დაწყებამდე განაცხადა ირანთან შეთანხმების მიღწევაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ახლო აღმოსავლეთის საკითხს აღარ შეხებიან. მათ შორის, ეს საკითხი განხილვის თემა იყო ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრისას. ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეულ შეთანხმებას მოგვიანებით ლაიენი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა და ამ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: „ორივე ვთანხმდებით, რომ ეს [ცეცხლის შეწყვეტა] უნდა გულისხმობდეს ირანის ბირთვული პროგრამის საბოლოოდ დასრულებას. ნავთობის ფასები ეცემა, სწორედ ასე მუშაობს დიპლომატია“.

აქვე, ახლო აღმოსავლეთის საკითხთან მიმართებით, გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაში ხელშეწყობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა. გაერთიანებულმა სამეფომ სახელმწიფოთა ჯგუფიც შეკრიბა, რომელიც, სტარმერის თქმით, „მზად არის შეასრულოს თავისი როლი უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, რათა გემებმა სრუტეში გავლა შეძლონ“. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მაკრონსა და ტრამპს შორისაც, რომლის დროსაც მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტს განუცხადა, რომ ევროპული ძალები სრუტეში განლაგებისთვის მზად არიან.

აქვე, ირანის ომთან დაკავშირებით, ტრამპმა გააქარწყლა ჭორები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის აღსადგენად $300-მილიარდიანი ფონდის შექმნას გეგმავს. „ეს ჭორი გუშინ გავრცელდა და სასაცილოა. ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია, ირანში ფული ჩავდოთ“, — განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.