საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 353.94 მილიონი ლარით, 0.68%-ით გაიზარდა. შედეგად, თებერვლის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 52.24 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.09%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 402.67 მილიონი ლარით, 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 48.73 მილიონი ლარით, 0.21%-ით.
სებ-ის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 8.64 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 14.46 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში წინა თვესთან შედარებით 0.98%-იანი ზრდა, მეორე შემთხვევაში კი 0.35%-იანი მატება დაფიქსირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, 222.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 27.38 მილიარდი ლარი შეადგინა.
აქვე აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.74% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.40 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მონაცემია.