ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ქართველი ძიუდოისტების წარმატება თბილისის გრანდ სლემზე

ოთხი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ქართველი ძიუდოისტების წარმატება თბილისის გრანდ სლემზე

გუშინ, 24 მარტს, ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი დასრულდა. ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს. მთლიანობაში გრანდ სლემის მასპინძლების მონაგარმა ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ქალთა ნაკრების ლიდერმა, ეთერ ლიპარტელიანმა -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ მას აქამდე გრანდ სლემის ფინალური შეჯიბრი ოთხჯერ ჰქონდა წაგებული, თუმცა ამჯერად კანადელი ჯესიკა კლიმკეიტის დამარცხება და ტურნირის მოგება შეძლო, დამატებით დროში შესრულებული ვაზარით.

მეორე, ასევე უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება, უკვე კაცთა შორის, ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხა. მან 73 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ინდივიდუალური ნეიტრალური სტატუსით მოჭიდავე რუსი კარენ გალსტიანი დაამარცხა. შავდათუაშვილმა მეტოქეს იპონით მოუგო და თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი კარიერაში მეორედ მოიპოვა.

ტურნირის ბოლო დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა – ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება ლაშა ბექაურმა შეძლო, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანელი ელჯან ჰაჯიევი 51 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა საბა ინანეიშვილმა მოიგო, რომელმაც ყაზახი იერასილ კაჟიბაიევი იპონით დაამარცხა. ამავე კატეგორიის გამარჯვებული კი გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ უშანგი კოკაურს მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა. თუშიშვილმა შეხვედრა 51 წამში, იპონით დაასრულა.

თბილისის გრანდ სლემი 22-24 მარტს გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 83 ქვეყნის 531-მა ძიუდოისტმა მიიღო. მათ შორის, გრანდ სლემზე საქართველოს სახელით 43-მა ძიუდოისტმა იასპარეზა.