ექსკლუზიურ ინტერვიუში, ExxonMobil-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი საკუთარ გეგმას გვაცნობს, რომელიც მზარდი მსოფლიოს ენერგიით მომარაგებაში მდგომარეობს… თანაც ისე, რომ ამ პროცესში მსოფლიო არ განადგურდეს.
დარენ ვუდსი კლინტონში (ნიუ-ჯერსი) მდებარე ExxonMobil-ის კვლევითი ცენტრის გრძელ, ლინოლეუმგადაკრულ ჰოლებში დააბიჯებს. ეს 53 წლის ელექტროინჟინერი Exxon-ის აღმასრულებელ დირექტორად 2017-ის იანვარში დასახელდა. ამ ნერდების სამოთხეში ის თავს კომფორტულად გრძნობს – უსაფრთხოდ მოკალათებული 750 რურალურ აკრზე, ჭიშკრების, შეირაღებული დაცვისა და რენტგენის მოწყობილობების უკან. Exxon-ის მეცნიერთა ლეგიონები, იმ 300-ის ჩათვლით, ვინც ნიუ-ჯერსიში მუშაობს, წელიწადში $1 მილიარდს ხარჯავს, რათა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას გაართვას თავი: შეამციროს გარემოს დაბინძურება და, ამავე დროს, მსოფლიო კიდევ უფრო მეტი ენერგიით მოამარაგოს მსოფლიო, რომელიც Exxon-ის პროგნოზით, საუკუნის შუისათვის, 9 მილიარდი ადამიანით იქნება დასახლებული. ვუდსი Forbes-ს ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერას სწორედ აქ დასთანხმდა, ათასობით მილის მოშორებით Exxon-ის ცენტრალური ოფისიდან, ე.წ. God Pod-იდან, რომელიც დალასის გარეუბანში მდებარეობს. დედააზრი ისაა, რომ ხაზი გაუსვას, რომ ესმის: ნახშირჟანგი მართლაც საფრთხეს უქადის გლობალურ კლიმატს. „ჩვენ გვესმის რისკი და გვესმის, რომ მას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, – ამბობს ვუდსი. – ამაში გულწრფელები ვართ. გვჯერა ამის“.
მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? ბოლო-ბოლო, Exxon-ი ნამდვილად არ აპირებს, ნავთობი მიწაში დატოვოს, როგორც ეს ნახშირჟანგის მოწინააღმდეგეებს მოეწონებოდათ. მეტიც, 2025 წლისთვის კომპანიას აშშ-ში ნავთობის წარმოების დღეში 600,000 ბარელამდე გაზრდა აქვს განზრახული და კიდევ ერთი 200,000-ის მოპოვებას გაიანას სანაპიროზე არსებული ახალი, გიგანტური აღმოჩენების მეშვეობით აპირებს. Exxon-ის მეგატრენდის დამკვირვებელთა აზრით, ნავთობის ყოველი წვეთი საჭირო გახდება, როცა 2040-ისთვის საშუალო ფენის რიცხვი გაორმაგდება, ენერგიაზე მოთხოვნა კი 25%-ით გაიზრდება. „წადით იმ ადგილებში, რომლებიც ენერგოსიღარიბეს განიცდიან. ეს მოტივაცია ხდება, – ამბობს ვუდსი. – ვერ გამოტრიალდები და ვერ იტყვი, მოდი, აქ ახლა საგდულები გადავკეტოთო“.
მაგრამ ამავე დროს Exxon-ი რეგულაციური, სოციალური და მეწილეთა მხრიდან წამოსული მძიმე წნეხის პირისპირაცაა, რომელიც მისგან საკუთარი ნამოქმედარის აწმენდას ითხოვს. ჯერსის კვლევითი ცენტრის მმართველის, აღმასრულებელ ვიაჯი სვარუპის თქმით, რაც მათ სჭირდებათ, ეს ინოვაციებია, რომლებიც ოთხ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყო „ხელმისაწვდომი, მოქნილი, სანდო და ეკოლოგიურად მდგრადი“.
დამოკიდებულების თვალსაზრისით, ეს დრამატული ცვლილებაა $260-მილიარდიანი (2017 წლის გაყიდვებით) ენერგოგიგანტისთვის. რექს ტილერსონამდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლი რეიმონდმა გლობალურ დათბობას თაღლითობა უწოდა, 1997 წლის კიოტოს პაქტს კი „არაპრაქტიკული, უსამართლო და არაეფექტიანი“. 2009 წელს ტილერსონმა პარტიული ხაზი შეარბილა, მხარი დაუჭირა ნახშირჟანგის გადასახადის შემოღებას და მომავლის საწვავად არადამაბინძურებელი ბუნებრივი აირი გამოაცხადა. მაგრამ, როგორც ჩანს, რექსს პრობლემის გლობალური ბუნება მთლად ვერ გაეგო და 2013-ში იკითხა: „რა აზრი აქვს პლანეტის გადარჩენას, თუ კაცობრიობა იტანჯება?“ თანამდებობიდან ოფიციალურ გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე მან კომპანიასთან „ყოველგვარი კავშირის გაწყვეტის“ შეთანხმებას მიაღწია და დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნად მოგვევლინა. ტილერსონის წასვლიდან ორ კვირაში მისი კარიერის დამაგვირგვინებელი გარიგების შესახებ გაკეთდა განცხადება. მხედველობაში გვაქვს ნიუ მექსიკოსა და ტექსასის ცხელ-ცხელ პერმულ აუზში 250,000 აკრის $6 მილიარდიანი შესყიდვა ფორტ-უერთელი ძმები ბასებისაგან. მოლაპარაკებები პირადად ტილერსონმა აწარმოა თავის მეგობარ სიდ რ. ბასთან. ვუდსი არ ამბობს, თუ ჰქონდა „რექსიტის“ შემდეგ რაიმე კონტაქტი ტილერსონთან (რომელმაც, კომპენსაციის სახით, $180 მილიონი გაიყოლა), მაგრამ მისი მემკვიდრეობის უგულებელყოფას ნამდვილად არ აპირებს. პირიქით. „აქ არაეგოისტური კულტურაა, – ამბობს ვუდსი. – მოლოდინია, რომ ახალი ტიპი მოვა და საქმეს უკეთესად გააკეთებს“.
საქმის უკეთესად გაკეთება მწვანე ტექნოლოგიაში მეტი ძალისხმევის ჩადებას ნიშნავს. Exxon-მა პირობა დადო, რომ კრეიგ ვენტერსა (რომელიც პირველი იყო, ვინც ადამიანის გენომი დაანაწევრა) და მის Synthetic Genomics-თან ერთობლივ ინიციატივას $600 მილიონს დაახარჯებდა. თანამშრომლობა 2009-ში დაიწყო, გასულ ზაფხულს კი მხარეებმა, როგორც იქნა, ინოვაციას ახადეს ფარდა. „მივაგენით გენეტიკურ გზას, რომლითაც წყალმცენარეები ლიპიდებს ქმნიან, – ამბობს სვარუპი და ის ცხიმოვანი უჯრედები აქვს მხედველობაში, რომლებიც წყალმცენარეების ეკოლოგიურად მდგრადი ნავთობის საშენ მასალებად შეიძლება, გამოდგეს. – ახლა ამ საქმის სათანადო მასშტაბებით გაკეთებას ვაპირებთ“. მაგრამ ვუდსისთვის, რომელმაც წინა ათწლეული Exxon-ის გადამმუშავებელი და ქიმიკატების განყოფილების მართვაში გაატარა, წყალმცენარეებისგან მიღებული საავიაციო საწვავის ერთჯერადი პარტია არ არის ტრაბახის საგანი. მას გენეტიკურად შექმნილი წყალმცენარეების ისეთი გადამმუშავებელი სადგურის ხილვა სურს, რომელიც დღეში 450,000 ბარელს აწარმოებს. და სადღაც ოც წელიწადში, რაც Exxon-ის ტერმინოლოგიით „აგრესიულ მოთმინებას“ ნიშნავს, კომპანიამ, შესაძლოა, ეს მოახერხოს.
უფრო ახლო მომავალს რაც შეეხება, Exxon-ი საჯარო ბაზარზე ბრუნვად FuelCell-თან თანამშრომლობს, რათა დახვეწოს სისტემა, რომელიც ენერგოსადგურებიდან ნახშირჟანგსა და სხვა გამონაბოლქვებს ამისამართებს, აზავებს მათ მეთანში და საწვავის ავზებში უშვებს. ეს ავზები, თავის მხრივ, აირებს ელექტროქიმიური გზით ელექტროენერგიად გადარქმნიან და, ასევე, ნახშირჟანგის 90%-იან კონცენტრირებულ ნაკადად, რომელიც მზადაა ჰერმეტიზაციისა და მიწის სიღრმეებში გასაშვებად. Exxon-ის ყურადღება აქ ერთმა გარემოებამ მიიქცია: ნახშირჟანგის „დამატყვევებელი“ სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ეს სისტემა ენერგოპარაზიტი არ გახლავთ. „ეს იმასავითაა, რომ ვთქვათ, ფასკუნჯები რეალურად არსებობენო“, – ამბობს Exxon-ის უფროსი მეცნიერი, ქიმიის დოქტორი ტიმ ბარკჰოლცი. გიგანტური ბატარეის მსგავსად, საწვავის ავზი 10-10-ზე ფუტის კუბს წარმოადგენს. ორ მათგანს Alabama Power-ის მიერ ოპერირებულ ქვანახშირის სადგურზე ამონტაჟებენ. 500-მეგავატიან სადგურს დაახლოებით 175 კუბის სიმძლავრე დასჭირდება, თითქმის მთელი ნახშირჟანგი (და სხვა დამაბინძურებელი მინარევები) რომ „დაატყვევოს“, შედეგად კი ენერგიის წარმოების გრძელვადიანი ხარჯი კილოვატ/საათში 6 ცენტიდან 8 ცენტამდე გაიზრდება. ამის ეკონომიურობა საეჭვოა, მით უფრო, თუ კონგრესი ნავთობის გადასახადს დააკანონებს ან ნავთობკომპანიას CO2-ის ყიდვა თუ მოუნდება ნავთობსაბადოებში გასაშვებად, მეტი ნედლი საწვავის მოპოვების მიზნით.
ამ წინსვლების მიუხედავად, ადვილია, ცინიკური იყო. Exxon-მა იცის, რას ნიშნავს „სწორად მოქცევა“ და ისიც იცის, მერე როგორ არ მოიქცეს ასე. ამის ხანგრძლივი, სევდიანი გამოცდილება აქვს. 1978-ში Exxon-ის კლიმატის მკვლევარმა დაწერა ანგარიში, სათაურით „სათბურის ეფექტი“, სადაც გვაფრთხილებდა, რომ ნახშირჟანგის დაბინძურებას შეეძლო, გლობალური ტემპერატურა ორი გრადუსით აეწია, და რომ მსოფლიოს ათი წელი ჰქონდა დასაფიქრებლად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. „ნაადრევია წიაღისეული საწვავის გამოყენების შეზღუდვა, მაგრამ არც სტიმულირება უნდა მოხდეს“, – წერდა ის. იმავე 1970-იანებში, Exxon-ის მეცნიერებმა ლითიუმის იონის ბატარეა გამოიგონეს, მაგრამ კომპანია მისი კომერციალიზებისთვის არ გარჯილა, სამაგიეროდ, ქვანახშირსა და ურანში დააბანდა კაპიტალი. მერე კი Exxon Valdez-ის ნავთობის ჩაღვრაც მოხდა.
სულ რაღაც გასულ წელს, ფედერალურმა მოსამართლემ Exxon-ის ბეიტაუნის გადამმუშავებელ კომპლექსს, რომელიც ჰიუსტონთან ახლო მდებარეობს, ჯარიმის სახით, $20 მილიონი დააკისრა გარემოს ჭარბი დაბინძურებისთვის. არც პლასტიფიკატორები უნდა დავივიწყოთ – ქიმიური ნივთიერებები, რომელთაც Exxon-ი პლასტიკატებს უმატებს, უფრო დრეკადი რომ გახადოს. ბოლო წლების კვლევათა თანახმად კი პლასტიფიკატორები იმ ბავშვების ენდოკრინულ სისტემას აზიანებს, რომლებიც რეზინის სათამაშოებს იდებენ პირში. კიდევ არის რაიმე ტოქსინები, რომელთა შესახებაც არაფერს გვეუბნებიან? „ეს არაფერში გვარგია. აბსოლუტურად პირიქითაა, – ამბობს სვარუპი. – ჩვენ ამა თუ იმ საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენი შვილები დადიან სკოლაში, ჩვენი შვილები სვამენ წყალს, ჩვენი შვილები სათამაშოებით თამაშობენ“.
მაგრამ ამ პასუხით ვერ დააშოშმინებთ ნიუ-იორკის გენერალურ პროკურორს, ერიკ შნეიდერმანს, რომელიც ExxonMobil-ის საქმეს 2015 წლიდან იძიებს თაღლითური სქემების გამო, რომელიც აქციონერებისთვის გლობალური დათბობის რისკების დამალვას უკავშირდება. კომპანიის იურისტები ამას „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას“ უწოდებენ. და ნუ დაგვავიწყდება აქციონერი აქტივისტებიც. შარშანდელი წლიური შეხვედრა, ამ მხრივ, სასიგნალო იყო. ხმათა 62%-ით აქტივისტებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც კომპანიისგან ითხოვს, გაამხილოს ზრდად ტემპერატურასთან გასამკლავებელი გეგმა და შეაფასოს „საკუთარი აქტივების სიცოცხლისუნარიანობა დაბალნახშირჟანგიან ეკონომიკაზე გადასვლის კვალდაკვალ“. არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, როცა დღეში 4 მილიონის ეკვივალენტ ნავთობს მოიპოვებ.
ვუდსმა არჩია, არ უგულებელყოს ეს იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუცია, ვაითუ საფონდო ბირჟების მაინდექსირებელი გიგანტების, BlackRock-ის, Vanguard Group-ისა და Fidelity Investments-ის რისხვა გამოიწვიოს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. „უწინ უფრო უპატივცემულო, ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონდათ, – ამბობს Walden Asset Management-ის დირექტორი ტიმ სმითი, რომელიც ათი წელია, Exxon-ს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. – მათი ტონი იცვლება“. გასული წლის სენსაცია: Exxon-მა საბჭოში სიუზან ავერი მიიღო, ატმოსფეროს მეცნიერი და Woods Hole Oceanographic Institution-ის ყოფილი უფროსი. „ეს დასაწყისია, – ამბობს ენდრიუ ლოგანი საინვესტიციო საკონსულტაციო ფირმა Ceres-იდან, – მაგრამ სამყარო კიდევ უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე Exxon-ი“. კლიმატისა და მმართველობის საკითხებზე თუ მიდგება საქმე, ლოგანი კომპანიას ბევრად დაბალ შეფასებას აძლევს, ვიდრე Royal Dutch Shell-ს, Statoil-სა და Total-ს (თუმცა, მაგალითად, PetroChina-სა და Saudi Aramco-ზე მაღლა აყენებს).
ვუდსი უარყოფს, თითქოს მოქმედებისკენ აქტივისტებმა უბიძგეს. „მე კლიმატის რეზოლუციას ცალკე განვიხილავდი, – ამბობს ის. – გულწრფელად რომ გითხრათ, მასთან თუ მის გარეშე, ამაზე საუბარი ჩვენ ისედაც გვექნებოდა. მსგავსი საკითხებით მრავალი, მრავალი წელია, დაკავებულები ვართ… აქციონერთა ამ კენჭისყრამდე ბევრად ადრე“. Exxon-ი აქტივისტთა ჭკუაზე არ დადის; აქ ვერ ნახავთ უტიფარ თავის მოკატუნებას მწვანეობაზე, როგორიც, ვთქვათ, BP-ის 2006 წლის რებრენდინგი იყო Beyond Petroleum-ად („ნავთობს მიღმა“). ვერც ალტერნატიულ ენერგიასთან დაკავშირებულ უსარგებლო, ალალბედზე შემუშავებულ ნაირგვარ პროექტებს ნახავთ. ქარი? მზე? არა. „ჩვენ, ამ მხრივ, ბევრი არაფერი გვაქვს შესათავაზებელი“, – ამობს ვუდსი.
მაგრამ ვუდსის დამოკიდებულება მკაფიოა. ნებისმიერი „რეალური გამოსავლისთვის“ ამ მოუხელთებელი ნახშირჟანგის გადასახადის დაკისრება იქნება საჭირო. „თუ საზოგადოებას ამ საკითხის მოგვარება სურს, ნახშირჟანგს ფასი უნდა დაედოს, – ამბობს ის. – აი, ეს იქნება საჭირო. მთავრობამ უნდა მიიღოს ეს ზომა, საზოგადოება კი ამ ფასის გადასახდელად მზად უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ მოტივების გაერთიანება და საკითხის გადაჭრა გახდეს შესაძლებელი“. ნატვრებთან სიფრთხილეა საჭირო. შესაძლოა, ეს ყველაფერი იმით დამთავრდეს, რომ ნახშირჟანგის გადასახადს Exxon-ის გადასახადი ეწოდოს.