ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებაზე აუქციონი „აჭარაბეთმა“ მოიგო

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებაზე აუქციონი „აჭარაბეთმა“ მოიგო

ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლებაზე გამოცხადებულ აუქციონში „აჭარაბეთმა“ გაიმარჯვა. აღნიშნული ინფორმაცია Forbes Georgia-ს კომპანიაშიც დაუდასტურეს. რაც შეეხება სტადიონის სახელს, ჯერჯერობით „აჭარაბეთში“ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ტენდერის პირობებში არის მითითებული, რომ სტადიონის ადმინისტრაციასთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ბევრი პირობაა გასათვალისწინებელი. შესაბამისად, სახელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თუმცა, სამუშაო სახელია „აჭარაბეთის არენა“, მაგრამ ეს ჯერ დადასტურებული არ არის“, – განაცხადეს კომპანიაში.

ცნობისთვის, როგორც რამდენიმე დღის წინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, აუქციონში გამარჯვებულმა სახელის დარქმევის უფლება 8.7 მილიონ ლარად იყიდა.

„გამარჯვებული ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სახელის დარქმევისა და რეკლამის განთავსების უფლებით ისარგებლებს, რაც წლიურად 1 მლნ 750 ათას ლარს შეადგენს. აუქციონში გამარჯვებულს მხოლოდ სახელისა და რეკლამის განთავსების უფლებები ექნება და არ იქნება ჩართული სტადიონის მართვაში.

ბათუმის სტადიონის სახელის ფორმულირება მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს და უნდა მოიცავდეს სიტყვა „არენას“. საბოლოო დამტკიცებისთვის სახელი სტადიონის მესაკუთრეს უნდა წარედგინოს“, – აღნიშნულია უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *