გერმანია დიდი ცვლილებების მოლოდინში: შეცვლის თუ არა ანალინა ბერბოკი ანგელა მერკელს?

გერმანია დიდი ცვლილებების მოლოდინში: შეცვლის თუ არა ანალინა ბერბოკი ანგელა მერკელს?

ერ­თა­დერ­თი, რი­სი თქმაც ამ მო­მენტის­თ­ვის და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა, არის ის, რომ გერმანიაში 2021 წლის 26 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის ეპოქა დასრულდება და ქვეყანას ახალი კანცლერი ეყოლება.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მთავარი განხილვის საგანი იყო, ვინ შეცვლიდა ანგელა მერკელს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის პოსტზე. საკმაოდ მძაფრი კონკურენციის შედეგად გადაწყდა, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს 60 წლის არმინ ლაშეტი უხელმძღვანელებდა. ცხადია, ფართო საზოგადოებისთვის ეს სიახლე მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძლიერი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელი ცვლილებების კუთხით. როგორც გერმანიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ ბევრს აინტერესებდა, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ევროპის ყველაზე ძლიერი და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს – გერმანიის ახალი კანცლერი. არმინ ლაშეტმა, რომელიც გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეს ხელმძღვანელობს, კანცლერობის კანდიდატად დასახელებისთვის პარტიის მმართველი საბჭოს წევრების მხარდაჭერა მოიპოვა (მისი კონკურენტი ასევე გავლენიანი კონსერვატორი პოლიტიკოსი მარკუს ზოდერი იყო) და ახლა მთავარი ბრძოლისთვის ემზადება. არმინ ლაშეტი ანგელა მერკელის პოლიტიკის განუხრელ მხარდამჭერად ითვლება და მას პარტიული ხმების მოპოვების პრობლემა თითქოს არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, რამდენად საკმარისი იქნება ეს გერმანიის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად, რთული სათქმელია. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში გამართული ადგილობრივი არჩევნები და სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოპულარობა დღითი დღე მცირდება. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევებიდან ასევე ირკვევა, რომ არც თავად არმინ ლაშეტი განიხილება უპირობოდ კონსერვატორთა გამარჯვების გარანტიად.

ამ ყველაფრის ფონზე წინა პლანზე გამოდის გერმანიის მწვანეთა პარტია და მისი ლიდერი, 40 წლის პოლიტიკოსი ჰანოვერიდან ანალინა ბერბოკი. გერმანელი მწვანეების პოპულარობა ბოლო პერიოდში წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაგრამ მაისის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ათიდან ექვსი კვლევის მიხედვით, მწვანეთა პარტიამ მართალია უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 3% პროცენტით, მაგრამ მაინც გაუსწრო მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს. მართალია, თვის ბოლოს მმართველმა პარტიამ მცირედი, 1%-იანი უპირატესობა დაიბრუნა, მაგრამ ექსპერტთა წრეებში მაინც სერიოზულად განიხილება იმის შესაძლებლობა, რომ მწვანეთა პარტიამ გამარჯვება მოიპოვოს, ხოლო ქ-ნმა ბერბოკმა კანცლერის თანამდებობა დაიკავოს.

Photo Credits to DPA

ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ასევე მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად რეალურად არსებობს შანსი იმისა, რომ 26 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნებს შედეგად, დიდი ხნის შემდეგ პირველად, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უფლება სწორედ მწვანეთა პარტიამ მიიღოს. 19 აპრილს მწვანეთა პარტიის მიერ ანალინა ბერბოკის კანცლერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ პრაქტიკულად რამდენიმე საათში დაიწყო კარგად ორგანიზებული დეზინფორმაციული და სიძულვილის კამპანია მწვანეთა ლიდერის წინააღმდეგ. სოციალური ქსელები მოიცვა ყალბმა ფოტოებმა, რომელშიც რუსი პორნოვარსკვლავის შიშველ ტანზე „ფოტოშოპით“ „მიწებებული“ იყო ქ-ნი ბერბოკის ფოტო. ვრცელდებოდა ასევე ყალბი ფოტოები ჯორჯ სოროსთან და ანგელა მერკელთან ერთად. აგრეთვე, ნიაღვარივით წამოვიდა ანალინა ბერბოკის ისლამოფობიის, ანტიმიგრანტული განწყობების და შინაური ცხოველების, როგორც მწვანე გარემოსთვის გამოწვევის შესახებ დეზინფორმაცია. მწვანეთა პარტიის ლიდერებისა და ექსპერტების შეფასებით, ეს არ იყო მოულოდნელი, თუმცა ყალბი და სიძულვილის შემცველი ინფორმაციის გავრცელების სისწრაფემ მაინც გამოიწვია გარკვეული შეშფოთება ანალინა ბერბოკის შტაბში. მწვანეებს ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად სპეციალური ჯგუფი აქვთ შექმნილი, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ჰიბრიდულ ომში მათ მთავარ მოწინააღმდეგეს, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის უშიშროების სამსახური წარმოადგენს. გერმანელ უსაფრთხოების ექსპერტთა აზრით, სწორედ კრემლი დგას ამ კარგად ორგანიზებული ზიზღისა და სიყალბის კამპანიის უკან. რატომ? განსაკუთრებით რა არ მოსწონთ კრემლში ანალინა ბერბოკთან მიმართებით?

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გერმანიის შესაძლო მომავალი კანცლერი რადიკალურად ეწინააღმდეგება „ნორდსტრიმ 2“-ის გაზსადენს. მან თავის საპროგრამო გამოსვლაში პირობაც კი დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს პროექტი არ განხორციელდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალინა ბერბოკი გამოირჩევა სხვა გერმანელი პოლიტიკოსებისგან ვლადიმირ პუტინისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. „თუ გერმანიის საგარეო პოლიტიკა წარუმატებელი იქნება უკრაინასთან დაძაბულობის გამო რუსეთთან მიმართებით, ან ზოგადად რუსეთთან დამოკიდებულებაში, ან თუნდაც „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტის განხორციელების კუთხით, ევროპა განადგურდება“ – ეს სიტყვებიც ანალინა ბერბოკის საპროგრამო გამოსვლიდანაა. თუ ამ ყველაფერს დავამატებთ მწვანეთა ლიდერის მტკიცე პოზიციებს ნატო-სა და ევროკავშირის განმსაზღვრელ როლზე გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, ცხადზე ცხადი ხდება, თუ რატომ არის მისი კანდიდატურა მიუღებელი როგორც კრემლისთვის, ისე გერმანიაში რუსეთის ფავორიტი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

რაც შეეხება მწვანეთა პარტიის მხარდამჭერებს, პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, თუ ვინ შეიძლება იყოს მათი მთავარი დასაყრდენი არჩევნების დროს. საგულისხმოა, რომ ანალინა ბერბოკმა ბოლო წლების განმავლობაში კლასიკური „მწვანე“ იდეოლოგიისგან გარკვეული დისტანცირება მოახდინა და უფრო ცენტრისტ პოლიტიკოსად ახდენს პოზიციონირებას. ეს გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს „ფუნდამენტალისტ“ „მწვანე“ ამომრჩევლებს შორის, თუმცა ანალინა ბერბოკი მაინც ცდილობს ამომრჩეველთა ბაზის გამდიდრებას და ისეთი მხარდამჭერების მოზიდვას, რომლებსაც აქამდე არასდროს მიუციათ ხმა მწვანეთა პარტიისთვის.

ზემოთ მოყვანილ საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით მწვანეთა ლიდერის პოზიციები მნიშვნელოვანია შესაძლო კოალიციის წევრების შერჩევის საკითხთან მიმართებითაც. ქ-ნი ბერბოკის ასეთი ხისტი დამოკიდებულება პუტინისა და კრემლის მიმართ გარკვეულ სირთულეებს უქმნის, მაგალითად, სოციალ-დემოკრატებსა და მემარცხენე პარტია „დი ლინკეს“. მათგან განსხვავებით, გერმანელი თავისუფალი დემოკრატებისთვის მწვანეთა საგარეო პოლიტიკური ხედვები მისაღებია, თუმცა მათი ხმები კოალიციის შესაქმნელად საკმარისი ნამდვილად არ იქნება.

ისტორიულ არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ეს იქნება გადამწყვეტი თვეები როგორც ანალინა ბერბოკისთვის, ისე არმინ ლაშეტისთვის. როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, უკვე ცხადია, რომ მწვანეთა პარტია ძალიან სერიოზულ შედეგს მიაღწევს და სავარაუდოდ შევა კოალიციურ მთავრობაში. თუმცა მთავარ ინტრიგად მაინც რჩება, შეძლებს თუ არა 40 წლის ანალინა ბერბოკი ანგელა მერკელის ჩანაცვლებას.

ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს. მე პირადად ძალიან მინდა, რომ ანალინა ბერბოკი გერმანიის შემდეგ კანცლერად ვიხილოთ. თუმცა, ცხადია, მთავარია, რა სურს და ვის ანიჭებს უპირატესობას გერმანელი ამომრჩეველი. ასე რომ, როგორც იტყვიან, ვნახოთ, ვნახოთ…

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *