ევროპის ქვეყნებში ონკოლოგიური დაავადებები ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. ყოველწლიურადმხოლოდ ევროკავშირში 1.3 მილიონი ადამიანი კიბოს შედეგად იღუპება.
ევროკომისიამ 2021 წლის თებერვალში გამოაქვეყნა Beating Cancer Plan-ი, რომელიც არაგენეტიკური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისკენ არის მიმართული. გეგმაში ყურადღება გამახვილებულია დაავადების გამომწვევ ისეთ მიზეზებზე, როგორიცაა: ალკოჰოლი, თამბაქო, ელექტრონული სიგარეტები და არაჯანსაღი საკვები. ინსტიტუტის მთავარ სტრატეგიას კი მავნე პროდუქტების მოხმარების პრევენცია წარმოადგენს.
ევროკავშირის ქვეყნებში მოწევა კიბოს გამომწვევ მთავარ მიზეზად სახელდება. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სამი შემთხვევიდან ერთი სწორედ თამბაქოს მოხმარების შედეგად ვითარდება.
ევროკომისიის გეგმის მიხევდით, თამბაქოს მოხმარება ფილტვის კიბოს შემთხვევების 27%-ს იწვევს. მისი პრევენცია კი 10-დან 9 შემთხვევის თავიდან აცილების შესაძლებლობას გულისხმობს.
შესაბამისად, ინსტიტუტის მიზანი მწეველთა რაოდენობის შემცირებაა. კომისია რეკომენდაციას უწევს თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების აკრძალვას როგორც საჯარო, ასევეღია სივრცეებში.
გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, სტრატეგიის ეფექტიანობის შესახებ გამართულ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა 348 ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ჯანდაცვის ექსპერტები, მოქალაქეები და პაციენტები. მონაწილეთა 20%-ის შეფასების თანახმად, არაგენეტიკური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისათვის საჭიროა არა ამკრძალავი და მაკონტროლებელი ინსტრუმენტების, არამედ რისკის შემცირების პოლიტიკის იმპლემენტაცია.
ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, Beating Cancer Plan-ი ჯანდაცვის სისტემაში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა არაეფექტიანია, რადგან არ ითვალისწინებს ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ონკოლოგიური დაავადებების შემცირებისკენ მიმართულ ინიციატივას, თუმცა მიგვაჩნია, რომ პოტენციურად ნაკლები რისკის მქონე პროდუქტებზე ხელოვნური ბარიერების შექმნა უარყოფითად აისახება საყოველთაო ჯანდაცვაზე. ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს რეგრესულ ქმედებას, რომელიც შეამცირებს ელექტრონული მოწყობილობების პოზიტიურ ზეგავლენას მწეველთა ჯანმრთელობაზე” , – განაცხადა ჯონ დუნმა, დიდი ბრიტანეთის ასოციაცია UKVIA-ს დირექტორმა.
შემცირებული რისკის მქონე მოწყობილობების მნიშვნელობაზე ასევე საუბრობენ ჯანდაცვის ორგანიზაციები და ექსპერტები. მათი განცხადებით, შემცირებული რისკის პოლიტიკა დადებითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე საყოველთაო კეთილდღეობაზე.
«თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შემცირება და საყოველთაო კეთილდღეობაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულ მწეველებს ჰქონდეთ ელექტრონული მოწყობილობების მოხმარების არჩევანი”, – წერია 33 ჯანდაცვის ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ზიანის შემცირების პოლიტიკის ეფექტიანობას ამტკიცებს დიდი ბრიტანეთის მაგალითიც. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ხელს უწყობს მწეველ მოსახლეობაში ალტერნატიული თამბაქოს პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. შედეგად, 2011-2019 წლებში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 6%-ით შემცირდა.
2018 წელს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ელექტრონული მოწყობილობების მომხმარებლებში მოწევისგან გამოწვეული ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი 99.5%-ით ნაკლებია ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლებთან შედარებით.
„ჩვენ მივესალმებით Beating Cancer Plan-ს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ევროკომისიამ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაძლო ინსტრუმენტის პოტენციალი, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს შეამცირებს: სწორედ ამიტომ, ესენციურად მნიშვნელოვანია, რომ თამბაქოს მოხმარების პრევენციასთან ერთად ხელი შეუწყონ თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას. სხვაგვარად, მილიონობით ზრდასრულმა მწეველმა შეიძლება ხელიდან გაუშვას ორგანიზმზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლების შემცირების შესაძლებლობა”, – განაცხადა დასტინ დალმანმა, IEVA-ს თავმჯდომარემ.
ევროკომისიის გეგმას ქართველი ექსპერტებიც გამოეხმაურნენ. ჯანდაცვის ექსპერტის, სანდრო ურუშაძის განცხადებით, საჭიროა მოსახლეობაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.
„მოწევა სასუნთქი სისტემის სიმსივნის გამომწვევ ერთ–ერთ მთავარ მიზეზად სახელდება. ვინც ხვდება, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის, დამეთანხმება, რომ უმჯობესია, ნაკლები ადამიანი მოიხმარდეს მას..თუმცა, ადვილი არ არის ასეთი მიზნების შესრულება, რადგან თამბაქოს მოხმარება კომპლექსური პრობლემაა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით საუკეთესო გამოსავალს მოწევის დაწყების პრევენცია წარმოადგენს“, – განაცხადა სანდრო ურუშაძემ.
მიუხედავად ამისა, მხოლოდ საქართველოში 800 000 ადამიანი მოიხმარს ტრადიციულ სიგარეტს.
ექსპერტი ამბობს, რომ: „მწეველთა რაოდენობის შემცირება მხოლოდ გადასახადების გაზრდით შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივაში გათვალისწინებული იყოს განათლების კომპონენტიც და განხორციელდეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამები.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არაერთი ქვეყნის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ელექტრონული და გახურებადი თამბაქოს მოწყობილობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ზიანის შემცირების პროცესში”.