Bloomberg-ი ასახელებს იმ მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს, რაც წელს განვითარებად ბაზრებზე იქონიებს გავლენას

Bloomberg-ი ასახელებს იმ მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებს, რაც წელს განვითარებად ბაზრებზე იქონიებს გავლენას

Bloomberg-მა იმ პოლიტიკური მოვლენების სია შეადგინა, რომელთაც ინვესტორებმა განვითარებად ბაზრებზე ყურადღება უნდა მიაქციონ. სააგენტო წერს, რომ 2021 წელს ინვესტორების ყურადღება მიმართული იქნება იმისკენ, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ მთავრობები ეკონომიკის რეცესიიდან დახსნას, გარდა ამისა, არჩევნები გარკვეულ დონეზე პოლიტიკური კალენდრის წამყვანი მოვლენა იქნება არაერთ განვითარებად ქვეყანაში.

„საპროტესტო გამოსვლების გამო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და ბრაზილია, ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან პოლიტიკურ მოვლენებს, რათა იმ ქვეყნებში საინვესტიციო კლიმატის ცვლილება შეაფასონ“, – წერს Bloomberg-ი.

რაც შეეხება სხვა მოვლენებს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ბაზრებზე, Bloomberg-ი ასახელებს რუსეთის დუმის არჩევნებს, რომელიც 19 სექტემბერსაა დანიშნული. როგორც სააგენტო წერს, მმართველი პარტია უმრავლესობის შენარჩუნებას შეეცდება, რაც გაუჭირდება, ვინაიდან მისი პოპულარობა პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მცირდება. ამას ემატება ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გასამართლებაც.

Bloomberg-ი მნიშვნელოვან მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენად ასახელებს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებსაც, ასევე ისრაელში საპარლამენტო არჩევნებს, მალაიზიაში საყოველთაო არჩევნებს და არჩევნებს აფრიკისა და ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში.