„ოქრომრავალ კოლხეთზე“ ლეგენდები ძველ საბერძნეთში ჯერ კიდევ დიდი კოლონიზაციის დაწყებამდე, ძვ.წ. VIII საუკუნემდე არსებობდა. მას შემდეგ, რაც ბერძნებმა შავი ზღვის ათვისება დაიწყეს, კოლხეთს უფრო ახლოს გაეცნნენ, კოლონიები, ფაქტორიები დააარსეს, ადგილობრივ ტომებთან ვაჭრობა დაიწყეს. კოლხეთი იქცა ბერძნული სამყაროს აღმოსავლეთ ფორპოსტად და საზღვრად აზიის დიდ ცივილიზაციებთან.
ბერძნულმა კოლონიზაციამ როგორც ძველი საბერძნეთის, ისე ზოგადად ძველი სამყაროს ისტორიაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ბერძნებმა დააარსეს კოლონიები უცხო გარემოში, დამკვიდრდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე – პირენეის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთ აფრიკამდე, შეაღწიეს და აითვისეს შავი ზღვა. მათ გაავრცელეს ბერძნული ცივილიზაცია და, სანაცვლოდ, ბევრი რამ მიიღეს სხვა ცივილიზაციებისგანაც. შემდგომში კი ჯერ ელინისტურმა სამყარომ, ბოლოს რომის იმპერიამ და ქრისტიანობამ თანამედროვე ევროპულ კულტურას ჩაუყარეს საფუძველი.
განსხვავებით ეგვიპტის ან ახლო აღმოსავლეთის დიდ სივრცეში, წყალუხვი მდინარეებით მორწყულ, ნაყოფიერ მიწებზე აყვავებული ცივილიზაციებისგან და დიდი იმპერიებისგან, რომელთა ეკონომიკურ საფუძველს მიწათმოქმედება წარმოადგენდა, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთში, ქალაქ- -სახელმწიფოებში მოსახლე ბერძნებს სხვაგან უწევდათ რესურსების ძიება. ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი მწირი, შედარებით უნაყოფო და ღარიბი მიწა იყო, რომელიც ჭარბ მოსახლეობას ვეღარ აკმაყოფილებდა.
ბერძნები დიდი მოგზაურები იყვნენ. ისინი თავიანთი ხომალდებით კვეთდნენ ზღვის ტალღებს და ეძებდნენ ახალ მიწებსა და ახალ შესაძლებლობებს. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ხშირია შორეულ საზღვაო მოგზაურობათა ამბები, მათ შორის გამოსარჩევია ოდისეა და არგონავტების მითი. ამ უძველეს ხანაში, როდესაც ზღვაოსნობა ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და მეზღვაურებს ბევრი ჰქონდათ სასწავლი, რათა უსაფრთხოდ და საიმედოდ ეცურათ შორეულ მიწებამდე, ბევრი ვერ ბედავდა მოგზაურობას. გემზე მსახურება რთულ და სახიფათო საქმედ ითვლებოდა. ძვ.წ. VI საუკუნის ლეგენდარულმა ფილოსოფოსმა, ანაქარსისმა, რომელსაც ჰკითხეს, ცოცხალი უფრო მეტი იყო თუ მკვდარი, აღნიშნა – გააჩნია, მეზღვაურებს რომელ ჯგუფს მიაკუთვნებთო. „მე არ გამიკვირდება, ვინმე თუ ზღვაში ერთხელ გავა, მაგრამ თუ მეორედაც გადაწყვეტს ამის გაკეთებას, ძალიან გავოცდები“ – ვხვდებით ძველი ბერძენი პოეტის, ფილემონის (ძვ.წ. IV-III სს) ტექსტის ფრაგმენტში.
მძლავრი ბერძნული პოლისებიდან კოლონიზატორები იყვნენ ათენელები, სპარტელები, კორინთელები. თავდაპირველად ბერძნებმა ახლო კუნძულების ათვისება დაიწყეს. კორინთელებმა ძვ.წ. VIII საუკუნეში დააარსეს კოლონია კუნძულ კორფუზე, რომელსაც ანტიკურ ხანაში კორკირა ეწოდებოდა. მას შემდეგ კოლონისტები გაცილებით შორს წავიდნენ. კორინთელებმა დააარსეს სიცილიისა და სამხრეთ იტალიის ბერძნულ ქალაქებს შორის უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი – სირაკუზი; სპარტელებმა – ტარენტუმი სამხრეთ იტალიაში, აპულიაში; ათენელებმა – ეფესო მცირე აზიაში და თურიუმი იტალიაში.
პირველი კოლონისტები ძირითადად ვაჭრები იყვნენ, რომლებიც სავაჭროდ, რესურსების საძიებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად მიდიოდნენ. კოლონიზაციის მიზეზი ზოგჯერ პოლიტიკურიც იყო – ომები, შიდა დაპირისპირება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. შემდგომში კოლონიზაციას უფრო ორგანიზებული სახე მიეცა. ამავე დროს, ხმელთაშუა ზღვაში, ბერძნებს მეტოქეობას უწევდნენ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მცხოვრები ფინიკიელებიც, განთქმული ზღვაოსნები და კოლონიზატორები, რომელთაც დააარსეს ჩრდილოეთ აფრიკის უდიდესი და უძლიერესი კოლონია – კართაგენი.
ანტიკურ ხანაში ბერძენთა მრავალი მნიშვნელოვანი პოლისი მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე, იონიაში იყო. მათ შორის – ჰალიკარნასი, ეფესო, პერგამონი, სმირნა, მილეტი. იონიელებს ხშირად უწევდათ დაპირისპირება მცირე აზიასა და მესოპოტამიაში გაშლილ სამეფოებთან თუ იმპერიებთან, ვინაიდან, განსხვავებით ბალკანეთის ბერძნებისგან, ისინი აღმოსავლეთიდან დაუცველები იყვნენ ბუნებრივი ბარიერით – ზღვით. ძვ.წ. VI საუკუნის შუა ხანებში აქ აქემენიანთა სპარსეთის იმპერია გამოჩნდა. მეფე კიროს დიდმა დაიპყრო მცირე აზიის სამეფოები, მათ შორის, უძლიერესი – ლიდია. იონიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები სპარსელთა იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცნენ, თუმცა ფართო ავტონომია შეინარჩუნეს. შემდგომში იონიის პოლისთა აჯანყება ბერძენ-სპარსელთა ხანგრძლივი ომის მიზეზი გახდა, ვინაიდან მათ, სპარსელებთან ომში, ათენელები და ერიტრეელები დაეხმარნენ.
იონიაში მდებარეობდა ქალაქი მილეტი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დასახლება იყო და არა მხოლოდ ძველ ბერძნულ, არამედ, ხეთურ ტექსტებშიც კი იხსენიება. ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა და იზრდებოდა დიდი ბერძნული კოლონიზაციის ეპოქაში. მილეტელებმა სამოცდაათამდე (პლინიუს უფროსის მიხედვით, ოთხმოცდაათი) აპოიკია და ემპორიონი დააარსეს, მათ შორის, აბიდოსი – ჰელესპონტის (დარდანელის) სრუტეში, სინოპი – შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ნავკრატისი – ეგვიპტეში. აპოიკიას ბერძნები მეტროპოლიიდან (ანუ კოლონიის დამაარსებელი ძირითადი ქალაქიდან) წასული ადამიანების დაარსებულ დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოს უწოდებდნენ, ემპორიონს კი – სავაჭრო კოლონიას.
შავი ზღვა, რომელიც ერთ დროს ბერძნებისთვის არასტუმართმოყვარედ ითვლებოდა, რაც, ძირითადად, შავიზღვისპირეთის სიშორითა და უცხო გარემოთი იყო განპირობებული, სისტემური კოლონიზაციის შემდეგ, სტუმართმოყვარე გახდა. ამ ზღვის გავლით შეიძლებოდა მიღწევა ძველი ბერძნული გადმოცემების ლეგენდარულ ქვეყანამდე – კოლხეთამდე.
ბერძნების დაარსებული სავაჭრო პუნქტები იმის მიხედვით იზრდებოდა და ძლიერდებოდა, თუ როგორი ბუნებრივი პირობები აღმოჩნდებოდა იქ ფეხის მოსაკიდებლად, რა ურთიერთობებს დაამყარებდნენ ადგილობრივ ხალხებთან ან რამდენად მნიშვნელოვანი რესურსების წყაროს კონტროლის შესაძლებლობა მიეცემოდათ. ბერძნებს საშუალება ეძლეოდათ, მეტროპოლიიდან ჩამოტანილი საკუთარი ნაწარმიც მიეყიდათ ადგილობრივებისთვის. განთქმული იყო ათენური ჭურჭელი, კორინთოული იარაღი და მილეტური ქსოვილები.
მილეტელებმა კოლხეთის ტერიტორიაზე დააარსეს დიოსკურია (სოხუმი), გიენოსი (ოჩამჩირე), პიტიუნტი (ბიჭვინთა) და ფასისი, რომელიც, ყველაზე ხშირად, ფოთთანაა ლოკალიზებული. ამავე დროს, მნიშვნელოვანი კოლონია უნდა ყოფილიყო თანამედროვე აჭარის ტერიტორიაზე, ფიჭვნარში, სადაც არქეოლოგებმა ანტიკური ხანის ბერძნული დასახლების კვალი და აქ ბერძნებისა და ადგილობრივების ხანგრძლივი ურთიერთობის დამადასტურებელი ნიშნები აღმოაჩინეს.
ბერძნებისთვის, ერთ დროს, კოლხეთი ძალიან შორეული, ლეგენდარული მიწა იყო, რომელიც არგონავტების მითთან და „ოქროს საწმისთან“ იყო დაკავშირებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც შავი ზღვა აითვისეს, იასონის გზას ბევრი ზღვაოსანი დაადგა, რომელთა ნაწილი კოლხეთში, სანაოსნოდ ხელსაყრელ სანაპიროებზე დასახლდა.
ბერძნულ ისტორიულ წყაროებში ბევრი რამ წერია კოლხეთის რესურსებზე, თუმცა ზოგჯერ ეს ცნობები წინააღმდეგობრივია. რაც უფრო კარგად გაიცნეს ბერძნებმა კოლხები, ინფორმაციის სიზუსტეც გაიზარდა. ჰეროდოტეს (ძვ.წ. V ს.) მიხედვით, კოლხები განთქმულები იყვნენ სელის დამუშავებით, რომელსაც ბერძნები „სარდონულს“ უწოდებდნენ და ის ეგვიპტურის მაგვარი იყო. სელისგან მზადდებოდა გემის აფრები, სამოსი და ა.შ. ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს) მიხედვით აქ მოიპოვებოდა ყველაფერი გემთმშენებლობისთვის, რადგან კოლხეთში „იზრდება მრავალი ტყე და მდინარეებითაც ჩამოიტანება, ამუშავებენ ბლომად სელს, კანაფს, ცვილსა და ფისს, ხოლო სელის დამუშავება განთქმულიც კი არის, ქვეყნის გარეთაც კი გააქვთ“. ფსევდოქსენოფონტეს (ძვ.წ. V ს.) მიხედვით, „თუ ქალაქი მდიდარია გემთსაშენი ხე-ტყით, სად გაყიდის მას, თუ არ მიაღწევს შეთანხმებას იმასთან, ვინც ზღვაზე ბატონობს? თუ ქალაქი მდიდარია სპილენძით, რკინით ან სელით, როგორ გაასაღებს, თუ არ დაითანხმა ის, ვინც ზღვას განაგებს? გემები ხომ სწორედ ამისგან იქმნება. ერთისგან იღებს ხეტყეს, მეორისგან – რკინას, მესამისგან – სპილენძს, მეოთხისგან – სელს, მეხუთისგან – ცვილს, გარდა ამისა, ნებას არ მისცემენ, ყველაფერი ეს სხვა ადგილას გაიტანონ“. შესაბამისად, კოლხეთის ეს რესურსები ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ბერძნებისთვის, რომელთაც მუდმივად სჭირდებოდათ ახალი ხომალდების ასაგები ხე-ტყე და სხვა მასალა.
ანტიკურ ხანაში კოლხეთი მონათვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრიც იყო. კოლხი მონები არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ უშუალოდ საბერძნეთშიც მიჰყავდათ. ათენში აღმოჩენილ ბერძნულ ჭურჭელზე გაკეთებულ რამდენიმე წარწერაში მოხსენიებულია მათი დამამზადებელი და მომხატველი კოლხები, რომლებიც მონები უნდა ყოფილიყვნენ. მონათვაჭრობა დასავლეთ საქართველოში ბერძნული კოლონიზაციის მომდევნო საუკუნეებშიც, რომის იმპერიის დროსაც უნდა გაგრძელებულიყო. შედარებით სხვა ფორმით კი, გვიან შუა საუკუნეებში, ბევრად დიდი მასშტაბებიც მიიღო.
ძვ.წ. IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ერთ დროს აქემენიანთა სპარსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ახლო აღმოსავლეთი ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა. ელინისტური კოლონიზაციის ფორმები განსხვავდებოდა უწინდელი ბერძნული კოლონიზაციისგან. უმთავრესი სხვაობა ის იყო, რომ ამ შემთხვევაში კოლონიები არსებოდა არა მხოლოდ ზღვის სანაპიროებზე, არამედ ქვეყნის სიღრმეში და ისინი მჭიდროდ იყო დაკავშირებული და შერწყმული ადგილობრივ ცივილიზაციებთან.
მას შემდეგ, რაც რომაელებმა ძვ.წ. I საუკუნეში მცირე აზია დაიპყრეს და ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს პოზიციების განმტკიცება, ელინისტური სამყაროს შექმნილი წესრიგი დიდწილად უცვლელად გადავიდა რომის მმართველობის ქვეშ. ბალკანეთის ნახევარკუნძული, მცირე აზია და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, კვლავ ბერძნულენოვანი გახლდათ და ბერძნული გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. აქ ლათინურმა ენამ და კულტურამ, რომელიც თავადაც ბერძნულის დიდ გავლენას განიცდიდა, ვერ შეცვალა საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ელინისტური კულტურული ფენომენი. ასე მოხდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც, სადაც ბერძნული გავლენა საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდა. უცვლელი რჩებოდა სავაჭრო სისტემაც, რომელიც რომის მმართველობის ქვეშ კიდევ უფრო გაფართოვდა და განვითარდა, ვინაიდან, ხანგრძლივი დროით, მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი და შავი ზღვის ძირითადი სავაჭრო ცენტრები ერთი იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. კოლხეთში კვლავ შემოდიოდა ბერძნული საქონელი და აქედან ვრცელდებოდა მთელ კავკასიაში.
ბერძნულმა კოლონიზაციამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კოლხეთის და ზოგადად ამიერკავკასიის მჭიდრო კონტაქტს ანტიკური ცივილიზაციის ცენტრებთან. შავი ზღვის გავლით შემოდიოდა და ვრცელდებოდა ბერძნული კულტურა, რელიგია, ცოდნა, ტექნოლოგია და ზეგავლენას ახდენდა, ერწყმოდა ადგილობრივს. ბერძენ კოლონისტებს შემოჰქონდათ აუცილებელი რესურსები საბერძნეთიდან და შავიზღვისპირეთის ქალაქებიდან, მათ შორის: მარილი, თევზი, ხორბალი, ღვინო, ჭურჭელი, ქსოვილები, ზეითუნის ზეთი; ეს სავაჭრო ქსელი მრავალი საუკუნე არსებობდა და სასიცოცხლო იყო როგორც ანტიკური კოლხებისთვის, ისე შემდგომში ლაზიკის სამეფოსთვისაც, რომელშიც, ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოპი კესარიელის (VI ს.) მიხედვით, ჯერაც ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით. ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო სისტემასთან დასაკავშირებლად, მცირე აზიისა თუ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გარდა, ინდოეთიდან და შუა აზიიდან ჩამოსული ვაჭრები კოლხეთშიც სტუმრობდნენ, სადაც ადგილობრივ ბერძნულ კოლონიებთან ვაჭრობდნენ და ცვლიდნენ საქონელს. ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში ამიერკავკასიაში შემოვიდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ეკონომიკური ფენომენი – მონეტა. პირველი ფული ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში, მცირე აზიაში, ლიდიის სამეფოში მოიჭრა, შემდგომ – ეგეოსის ზღვის კუნძულ ეგინაზე. მალევე გავრცელდა ბერძნული კოლონიზაციის სივრცეში, მათ შორის, კოლხეთშიც, სადაც მოიჭრა პირველი ქართული ფული – ვერცხლის კოლხური თეთრი. ძველი კოლხეთის შესწავლა, არქეოლოგიური მასალის გარდა, ძირითადად ბერძნული წყაროებითაა შესაძლებელი. დაწყებული არგონავტების მითით, დამთავრებული ბიზანტიის ადრეული ბერძნულენოვანი მწერლებით, ჩვენ კოლხეთის ისტორიის ხანგრძლივი და თითქმის უწყვეტი თხრობა გვაქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლხეთი ხმელთაშუა- და შავიზღვისპირეთის ანტიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო როგორც პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური, კულტურული თვალსაზრისით, ისე ეკონომიკურად და დიდი სავაჭრო სისტემის ერთ, საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა მრავალი საუკუნის მანძილზე.