თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი შემოსავლების მიხედვით

ყოველწლიურად სახელმწიფოები თავდაცვაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიებისთვის შემოსავლების ძირითად წყაროდაა ქცეული. თუმცა ფირმათა ნაწილი, მათ შორის Boeing-ი, შემოსავალს არათავდაცვითი ინდუსტრიებიდან და სექტორებიდანაც გამოიმუშავებს.

2022 წლის შემოსავლების მიხედვით, Visual Capitalist-მა თავდაცვის წამყვანი კომპანიების რეიტინგი Defense News-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა. ცნობისთვის, ამ შემთხვევაში აღნიშნული რეიტინგი კომპანიების მიერ მხოლოდ თავდაცვიდან მიღებულ შემოსავლებს აღრიცხვას. გასაკვირი არაა, რომ 2022 წლის რეიტინგში ყველაზე მეტი, 12 კომპანიით ამერიკის შეერთებული შტატებია წარმოდგენილი, რომელსაც მეორე ადგილით ჩინეთი (4 კომპანია) მოჰყვება.

მსოფლიოს უმსხვილესი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყნიდან რეიტინგში პირველ სამ პოზიციას Lockheed Martin-ი, RTX-ი (ყოფილი Raytheon Technologies-ი) და Northrop Grumman-ი იკავებენ. Lockheed Martin-ი 1995 წელს Lockheed Corporation-ისა და Martin Marietta-ს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. თავდაცვის ამერიკული ფირმა ძირითადად F-35-ის მსგავსი მოწინავე გამანადგურებლების წარმოებითაა ცნობილი, თუმცა NASA-სთან ერთად Orion-ის კოსმოსურ ხომალდზეც მუშაობს.

Raytheon-ი სამხედრო აღჭურვილობის ფართო სპექტრს აწარმოებს, მათ შორის Javelin-ის პორტატიულ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას. CSIS-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 7,000 Javelin-ი მიაწოდა, რაც მისი მარაგის დაახლოებით მესამედს შეადგენს. რაც შეეხება 1994 წელს Northrop-ისა და Grumman Aerospace-ის შერწყმით ჩამოყალიბებულ Northrop Grumman-ს, ის B-2 „სტელსის“ ბომბდამშენების წარმოებითაა ცნობილი. 2023 წლის აგვისტოში, „კომპანიის ტექნოლოგიებზე წვდომის დასაჩქარებლად“ მან ოფისი ტაივანში გახსნა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩინეთის სამივე წამყვანი თავდაცვის ფირმა სახელმწიფოს საკუთრებაა. „ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია“ (AVIC) ჩინეთის უდიდესი საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კომპანიაა, რომელიც Fortune Global 500-ის 2023 წლის რეიტინგში 150-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი. AVIC-ის შვილობილი Chengdu Aerospace Corporation-ი ჩინეთის პირველ ოპერაციულ „სტელსის“ გამანადგურებელს – J-20-ს აწარმოებს.

„ჩინეთის ჩრდილოეთ ინდუსტრიის ჯგუფი“ (CNIG) საერთაშორისო მასშტაბით Norinco Group-ის სახელის ქვეშ ოპერირებს. 2003 წელს კომპანიას ბუშის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ირანისთვის სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდების ბრალდებით. ჩინეთის მესამე უმსხვილესი თავდაცვის კომპანია კი „ჩინეთის სამხრეთ ინდუსტრიის ჯგუფია“ (CSIG), რომელიც სამხედრო მანქანებს, საბრძოლო მასალასა და სხვა აღჭურვილობას აწარმოებს. კომპანია ჩინეთის წამყვან ავტომწარმოებელსა და მსოფლიოში ელექტრომობილების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ Changan Automobile-საც ფლობს.

რეიტინგში წარმოდგენილი ევროპული კომპანიებიდან ორის სახელი, როგორც წესი, თავდაცვის ინდუსტრიას იშვიათად უკავშირდება ხოლმე, ესენია: Airbus-ი და Rolls-Royce-ი. Airbus-ი მსოფლიოში კომერციული თვითმფრინავების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ამასთან ერთად კი მრავალფეროვან სამხედრო დრონებს, გამანადგურებლებსა და სატრანსპორტო საშუალებებსაც აწარმოებს.

რაც შეეხება Rolls-Royce-ს, ის თვითმფრინავებისა და საზღვაო ძრავების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია და გაერთიანებული სამეფოს წყალქვეშა ფლოტისთვის ბირთვულ ძრავების სისტემასაც აწარმოებს. მას რეალურად არა აქვს კავშირი Rolls-Royce Motor Cars-თან, რომელიც ამჟამად BMW-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია 1970-იან წლებში ფინანსური სირთულეების გამო, მანქანებისა და აეროძრავების ბიზნესად გაიყო.

თავდაცვის სფეროს კომპანიების რეიტინგი 2022 წლის შემოსავლების მიხედვით:

კომპანიაქვეყანათავდაცვიდან მიღებული შემოსავალითავდაცვის წილი მთლიან შემოსავალში
Lockheed Martinაშშ$63.3 მილიარდი96%
RTX Corpაშშ$39.6 მილიარდი59%
Northrop Grummanაშშ$32.4 მილიარდი89%
Aviation Industry Corporation of Chinaჩინეთი$31.0 მილიარდი37%
Boeingაშშ$30.8 მილიარდი46%
General Dynamicsაშშ$30.4 მილიარდი77%
BAE Systemsგაერთიანებული სამეფო$25.2 მილიარდი96%
China North Industries Groupჩინეთი$18.0 მილიარდი22%
L3Harris Technologiesაშშ$13.9 მილიარდი82%
China South Industries Groupჩინეთი$13.5 მილიარდი31%
Leonardoიტალია$12.9 მილიარდი83%
Airbusნიდერლანდები / საფრანგეთი$12.0 მილიარდი20%
HIIაშშ$10.6 მილიარდი100%
Thalesსაფრანგეთი$9.6 მილიარდი52%
China Aerospace Science and Technology Corporationჩინეთი$9.6 მილიარდი21%
Leidosაშშ$9.5 მილიარდი66%
Amentumაშშ$6.0 მილიარდი70%
Booz Allen Hamiltonაშშ$5.9 მილიარდი64%
Rheinmetall AGგერმანია$5.1 მილიარდი75%
Dassault Aviationსაფრანგეთი$5.0 მილიარდი76%
Elbit Systemsისრაელი$5.0 მილიარდი90%
Rolls-Royceგაერთიანებული სამეფო$4.9 მილიარდი31%
Honeywellაშშ$4.6 მილიარდი13%
Naval Groupსაფრანგეთი$4.6 ვ100%
General Electricაშშ$4.4 მილიარდი6%