Big Tech-ის $750-მილიარდიანი ფსონი ხელოვნურ ინტელექტზე

Big Tech-ის $750-მილიარდიანი ფსონი ხელოვნურ ინტელექტზე

ფოტო: edge-ai-vision.com

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები – Amazon-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი და Meta – 2026 წელს ხელოვნურ ინტელექტში რეკორდულ ინვესტიციებს გეგმავენ. მათი პროგნოზებით, წლიურმა დანახარჯებმა შესაძლოა $725 მილიარდს მიაღწიოს. Tesla-ს განახლებული ბიუჯეტის დამატებით, ჯამური ხარჯი სავარაუდოდ $750 მილიარდამდე გაიზრდება, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ეს თანხა ძირითადად AIინფრასტრუქტურაზე ნაწილდება: სუპერკომპიუტერებისთვის განკუთვნილ ჩიპებზე, სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებზე, რომლებზეც დღეს, ფაქტობრივად, მთელი AIინდუსტრია დგას.

ვინ რამდენს დახარჯავს?

Alphabet-მა კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი $180-$190 მილიარდამდე გაზარდა, რაც წინა სამიზნე ნიშნულს $5 მილიარდით აღემატება. ბიუჯეტი გაზარდა Meta-მაც – $125-$145 მილიარდამდე, რაც დაახლოებით $10-მილიარდიანი ზრდაა.

კიდევ ერთმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა, მსგავსი პროგნოზი პირველად გაასაჯაროვა და $190-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა – მნიშვნელოვნად მეტი, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.

ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტის კუთხით ლიდერი Amazon-ია. ჯეფ ბეზოსის კომპანიის $200-მილიარდიანი გეგმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი ერთწლიანი კაპიტალური ინვესტიციაა აშშ-ში.

ამავე დროს, ილონ მასკის Tesla-მ საკუთარი ხარჯები $20 მილიარდიდან $25 მილიარდამდე გაზარდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამ ნაბიჯს პირდაპირ AI-რბოლასთან აკავშირებს. Tesla-ს საინვესტიციო მიმართულებებს შორის კი არის თვითმართვადი ტექნოლოგიები, ჰუმანოიდი რობოტები და საკუთარი ჩიპების წარმოება.

ბაზრის რეაქცია: კარგი შედეგები, თუმცა ნეგატიური მოლოდინი

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ტექნოლოგიური კომპანიების უმეტესობამ ფინანსური შედეგებით მოლოდინებს გადააჭარბა, ინვესტორების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. Alphabet-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როცა Amazon-ის, Microsoft-ისა და Meta-ს აქციების ღირებულება დაეცა. აღსანიშნავია, რომ Meta-ს შემთხვევაში ვარდნამ 10%-ს მიაღწია.

ეს მიუთითებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე: დღეს კარგი შემოსავლები უკვე აღარ არის საკმარისი. ბაზარი ყურადღებით აკვირდება, რამდენად ეფექტიანად გადააქცევენ კომპანიები უზარმაზარ AI-ხარჯებს რეალურ მოგებად.

რატომ იზრდება ხარჯები ასე სწრაფად?

Alphabet-ის CEO-მ, სუნდარ პიჩაიმ, განმარტა, რომ კომპანია „გამოთვლითი რესურსების დეფიციტს“ განიცდის. მისი თქმით, მოთხოვნა ბევრად აღემატება იმ ინფრასტრუქტურას, რაც დღეს არსებობს.

კომპანიებს უკვე აქვთ ასობით მილიარდ დოლარზე გაფორმებული კონტრაქტები, თუმცა მათი შესრულება რესურსების სიმცირის გამო ფერხდება. მომხმარებლები მონაცემთა ცენტრებში სივრცის დასაჯავშნად რიგში დგანან, ხოლო AI-ჩიპები, რომელთა უმეტესობას Nvidia აწარმოებს, დეფიციტშია.

ამ პირობებში, არც ერთ კომპანიას არ სურს კონკურენტს მსხვილი კლიენტები დაუთმოს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისი სიმძლავრე არ აქვს.

რისკები: უზარმაზარი ხარჯები და გაურკვეველი პოტენციური მოგება

მიუხედავად ოპტიმიზმისა, Wall Street-ზე სკეპტიციზმი იზრდება. მთავარი კითხვა უცვლელია – შეძლებს თუ არა AI-ინდუსტრია ამ კოლოსალური ინვესტიციების გამართლებას?

AI-ეკოსისტემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსხვილ კლიენტებზე, როგორიც მაგალითად OpenAI-ია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ვერ შეასრულა გარკვეული შემოსავლების და მომხმარებლების ზრდის შიდა მიზნები, რაც აჩენს კითხვებს – შეძლებენ თუ არა მსგავსი კომპანიები მომავალში ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურის დაფინანსებას.

ამის ფონზე, ბაზარზე უკვე ნეგატიური რეაქცია უკვე შესამჩნევია: Oracle-ის, SoftBank-ისა და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, ასევე შემცირდა ჩიპების მწარმოებლების Nvidia-ს, AMD-ისა და სფეროს სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების – აქციების ღირებულებაც.

რას უნდა ველოდოთ?

დღეს ნათელია, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური სექტორის მთავარი ბრძოლის ველია. კომპანიები მზად არიან ასობით მილიარდი დოლარი დახარჯონ იმისთვის, რომ ამ ინდუსტრიის ლიდერობა მოიპოვონ. თუმცა მომდევნო ეტაპი კიდევ უფრო რთულია: ბაზარი ელოდება არა მხოლოდ ინოვაციას, არამედ ამ ინოვაციის მონეტიზაციას.

თუ AI ვერ გაამართლებს ამ მასშტაბის ინვესტიციებს, ეს შეიძლება ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ძვირ შეცდომად იქცეს. და თუ ის მოლოდინებს გაამართლებს – მაშინ ეს ახალი ეკონომიკური ეპოქის დასაწყისი იქნება.