ანა სამსონიას იურიდიული კარიერის დასაწყისშივე ამბიციური მიზანი ჰქონდა – აეთვისებინა შრომის სამართლის ნიშა, რომელსაც ქართულ რეალობაში სათანადოდ არ აფასებდნენ. დღეს ის “Ecovis საქართველოს“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის როლში ბიზნესს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომლის მნიშვნელობის არდანახვაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება – სასწორზე ხშირად არამხოლოდ დიდი ფული, არამედ ათასობით ადამიანის ბედია.
ავტორი: ანტონ კოკაია
ანა, დავიწყოთ თქვენს კომპანიაზე საუბრით. რას სთავაზობს Ecovis საქართველო მის კლიენტებს?
“Ecovis საქართველო“ აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას – ეს არის საგადასახადო მიმართულება, იურიდიული მიმართულება, საბუღალტრო მიმართულება და აუდიტის მიმართულება. შესაბამისად, ბიზნესისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთი ბრენდის ქვეშ არის გაერთიანებული.
ჩვენ ვფარავთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას. თავიდან კომპანია საგადასახადო მიმართულებით შეიქმნა და აერთიანებს ამ სფეროში ყველაზე გამოცდილ და ექსპერტული ცოდნის მქონე საგადასახადო სამართლის სპეციალისტებს. მათ აქვთ სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემოსავლების სამსახური, სადაც ზუსტად ამ საკითხებზე მიმდინარეობს საუკეთესო პრაქტიკების შემუშავება. საგადასახადო მიმართულებით ვაერთიანებთ საგადასახადო მხარდაჭერას, კონსულტაციას, აუდიტს და სხვა სერვისებს.
საბუღალტრო მიმართულებითაც სრული სპექტრი გვაქვს – ეს ეხება როგორც ინდივიდუალურად კომპანიისთვის საბუღალტრო მომსახურების გაწევას, ასევე საბუღალტრო აუდიტის ჩატარებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ ხდება შესწავლა, რა შეცდომებია დაშვებული საბუღალტრო პროცესში და ხდება მხარდაჭერა მათ აღმოფხვრაში.
ასევე გვაქვს სერვისი, რომლის ფარგლებში ხდება კომპანიაში საბუღალტრო მენეჯმენტის გამართვა და ჩვენი გუნდი ეხმარება სხვადასხვა ბიზნესსუბიექტს საბუღალტრო ურთიერთობების უფრო მაღალ ეტაპზე აყავაში ან საერთოდ, ნულიდან დაწყებაში.
აუდიტის მიმართულება შედგება ფინანსური აუდიტისგან, რაც მთელი რიგი კომპანიებისთვის სავალდებულოა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუდიტის მომსახურება კომპანიის რისკების მართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ საზოგადოებისთვის მაღალი დაინტერესების ე.წ. „სდპ სტატუსის“ სუბიექტებისთვის აუდიტის ჩატარებას. ეს გულისხმობს უფრო მაღალ საფეხურს აუდიტის პროცესში. ამ შემთხვევაში უფრო მაღალი კვალიფიკაციაა საჭირო და ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ამ კვალიფიკაციით.
რაც შეეხება იურიდიულ მიმართულებას, მას მე ვხელმძღვანელობ და უნდა აღინიშნოს, რომ Ecovis-ს ეს სერვისი ბოლო სამი წელია, რაც დაემატა და ჩემი შემოერთებით ამ მიმართულებით შევიძინეთ მსხვილი კლიენტები. ეს საქართველოს ბაზარზე დიდ წარმატებას ნიშნავს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ისეთი კლიენტები, რომლებიც დღეს ქართულ ბიზნესსექტორში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
რითია გამორჩეული თქვენი მიმართულება?
Ecovis-ის იურიდიული მიმართულება აერთიანებს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს. პირველყოვლისა, გამოვყოფდი კლასიკურ იურიდიულ მხარდაჭერას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით ყოველდღიურობაში და ვმართავთ იურიდიულ პროცესებს.
მეორე, ეს არის რისკზე დაფუძნებული ურთიერთობა. არიან კომპანიები, რომლებიც Ecovis-ს ანდობენ მათი შრომითი პოლიტიკის თუ სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის სისწორის შემოწმებას. ჩვენ ვაკეთებთ შესაბამისობის კონტროლს – ამ კომპანიებს უკვე ჰყავთ იურისტები, მაგრამ სჭირდებათ სამართლებრივი პროცესების აუდიტი.
მესამე საკითხი, ალბათ, ყველაზე საინტერესოა – ეს არის კრიზისული ურთიერთობების მართვა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვო სწორი პარტნიორი კრიზისის მართვის ნაწილში. განსაკუთრებით, როცა დავა ეხება საგადასახადო საკითხებს და ასევე ძალიან აქტუალური გახდა კოლექტიური დავები შრომითი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ხაზი არის წამყვანი Ecovis-ში.
რა თქმა უნდა, ინდივიდუალური დავა ძალიან საინტერესოა, მაგრამ დიდი გამოწვევაა ისეთი კრიზისის მართვა, რომელიც ეხება, მაგალითად, 3000 ან 4000 თანამშრომელს. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს არამხოლოდ იურიდიული პირის ცხოვრებაზე, არამედ საზოგადოებაზეც – ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ქალაქის კოლაფსსაც იწვევს.
ეს ჩვენი სპეციალიზაცია გახდა, რაც, შეიძლება ითქვას, უნიკალური სერვისია – სექტორში ბევრი მოთამაშეა, ვინც საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა იურიდიულ მომსახურებას, მაგრამ Ecovis-ის პორტფელშია ს კრიზისული საკითხების – კოლექტიური დავების მართვა.
რამ გადაგაწყვეტინათ, რომ სწორედ Ecovis-ს შეერთებოდით?
ჩემთვის საინტერესო იყო Ecovis-ის მდგრადობა და რეპუტაცია მსოფლიოს მასშტაბით. Ecovis-ი წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია დიდი ხნის წინ შეიქმნა და დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს. ეს არის მსოფლიო ექსპერტიზა ლოკალურ დონეზე, რაც გვაძლევს წვდომას ეკოვისის საუკეთესო პრაქტიკებზე სხვადასხვა ქვეყანაში.
ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის საინტერესო იყო საქართველოში მისი წარმომადგენლობა, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მმართველი პარტნიორები, ჩემთვის სამაგალითო პროფესიონალები იყვნენ. სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და დავთანხმდი შეთავაზებას.
მაქვს გამოცდილება არაერთ კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე ვმუშაობდი. ჩემთვის ძალიან ცხადი იყო ბიზნესის საჭიროებები, თუმცა სერვისის ნაწილში გადმოსვლა ჩემთვისაც გამოწვევა იყო.
როგორ აღმოჩნდით უშუალოდ შრომის სამართლის სფეროში?
ჩემი მიზანი თავიდანვე იყო სპეციალიზირება, ვინაიდან თანამედროვე სამართალი წარმოუდგენელია სპეციალიზირების გარეშე. ჩემთვის ეს არის სამეწარმეო და შრომის სამართალი. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ შრომის სამართალში ვყოფილიყავი ჩართული ყველა კუთხით – იქნებოდა ეს ადვოკატის როლი დასაქმებულის თუ დამსაქმებლის მხარეს, სასამართლო მედიატორის როლი, თუ კოლექტიური დავის მედიატორის როლი და სხვა.
მაგალითად ხუთ წელზე მეტი გავატარე ისეთ სიტუაციებში, სადაც სრული ენთუზიაზმით და თავდაუზოგავად ვიყავი ჩართული საქართველოს უმსხვილესი კოლექტიური დავების მედიაციაში. ამან ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, შრომის სამართალს ყველა ასპექტიდან შეხედო. ასეთ შემთხვევაში ხვდები, რა შეიძლება იყოს პრობლემის გასაღები. თუ მხოლოდ ბიზნესის მხარე გესმის, ვერ იპოვი საერთო ენას დასაქმებულთან და პირიქით. აქვე, საკორპორაციო სამართლის ცოდნის გარეშე, შრომით სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტა წარმოუდგენელი მგონია. შესაბამისად, ჩემი ეს გამოცდილებაც მეხმარება.
შრომითი ურთიერთობები ძალიან ბევრ რამეს აერთიანებს. ადრე იყო აღქმა, რომ შრომითი ურთიერთობები HR პროფესიონალების საქმეა. დღეს ბიზნესი გასცდა ამ იდეას – შრომითი ურთიერთობების მართვა პირდაპირ გავლენას ახდენს მის წარმატებაზე, მის შემოსავლებზე, რეპუტაციასა და მდგრადობაზე, რასაც ბიზნესები კარგად აცნობიერებენ.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ საქართველოში მომწიფდა კოლექტიური დავების კულტურა, როცა დასაქმებულები ერთიანდებიან და გარკვეული პროცესების შეჩერებას ახერხებენ, მაგალითად, იფიცებიან. აღარ ჩამოვთვლი სექტორებს, ვისთვისაც ეს შეიძლება იყოს კოლაფსის მიზეზი. რა თქმა უნდა, აქ დრო არ იცდის და ძალიან სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვერცერთი იურისტი, რომელიც ადგილზე მუშაობს, ვერ მოახერხებს კომპლექსური გამოცდილების მიღებას რამდენიმე დღეში. ამან განაპირობა ის, რომ ბაზარზე აუცილებელი გახდა სრულიად სხვა სტილის პროფესიონალის არსებობა.
მე თავიდანვე ეს მქონდა გეგმაში. როცა დავგეგმე, საქართველოში ეს მიმართულება საერთოდ არ ყოფილა აქტიური, მაგრამ მე ვადევნებდი თვალს ევროპულ საზოგადოებას – როგორ ხდებოდა შრომითი ურთიერთობების მართვა სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის – გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერით გამოცდილება მივიღე გერმანულ საადვოკატო ფირმაში, რომელიც სწორედ შრომის სამართალში სპეციალიზირდებოდა.
ჩემი მიზანი იყო კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბება და საკუთარი თავის მომლაპარაკებლად ფორმირება, ვინაიდან ვთვლი რომ იურიდიული პროფესიონალის მომავალი ამაზე გადის.
ზუსტად ვიცოდი, რას ვაკეთებდი, რადგან ვიცოდი, რომ სამართლებრივ ბაზარზე ამგვარი პროფესიონალი არ არსებობდა. დღეს იმით ვამაყობ, რომ Ecovis-ი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ამ გამოცდილებას ფლობს და ჩვენი ეს სერვისი ბაზარზე წამყვანია.
რა არის Ecovis-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა?
ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი, რომ Ecovis-ი აერთიანებს მრავალმხრივ პროფესიონალთა გუნდს. ხშირად, კლიენტს არ აქვს წარმოდგენა, ზუსტად რა საჭიროება აქვს და მიმართავს იურისტს. იურისტის ანალიზის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მას სჭირდება სხვა სპეციალისტის დახმარება და მისი საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ექსპერტიზა. ამიტომ, ჩვენი გუნდი ძალიან მარტივად და მოქნილად ახერხებს კლიენტს შესთავაზოს როგორც იურიდიული, ისე საბუღალტრო და საგადასახადო სერვისები.
ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს კლიენტისთვის, რადგან ერთი ფანჯრის პრინციპით ბევრ სერვისსა და პროფესიონალზე აქვს წვდომა. ეს პასუხია ბიზნესსუბიექტების მნიშვნელოვან გამოწვევაზე – სხვადასხვა ადგილას უწევთ სპეციალისტების პოვნა. მათ ერთ გუნდად შეკვრა ცალკე საქმეა, როცა კომპლექსური მუშაობაა საჭირო. ჩვენს შემთხვევაში დაინტერესებული პირი მოდის და ყველა ის სერვისი მიეწოდება, რაც სჭირდება.
ამდენად, Ecovis-ი საიმედო პარტნიორია, როდესაც საქმე ეხება სისწრაფეს, კრიზისსა და მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მხარდაჭერას.
რამ განაპირობა, რომ Ecovis-ი შრომის სამართლის ბაზარზე მსხვილი ბიზნესის მნიშვნელოვან პარტნიორად იქცა?
კარგი კითხვაა, რადგან ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფია. ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა რეკლამა, არამედ გამოცდილებაზე, შედეგზე დაფუძნებული რჩევა. ბიზნესსუბიექტებმა ეს ძალიან კარგად იციან. მათ აქვთ ცოდნა, გამოიკვლიონ, ვინ დებს შედეგს და რა დროში ახერხებს ამას. ჩვენი მთავარი მხარდამჭერები ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც მაღალ რეკომენდაციას გვიწევენ და ეს ხდება ხიდი ახალ პარტნიორებთან.
როგორ უდგებით ისეთ სიტუაციებს, როცა სასწორზე განსაკუთრებით დიდი ფულია?
ეს არის ზუსტად ცოდნისა და გამოცდილების ნაწილი – თუ ჩვენ შევხედავთ სამართლებრივ პრობლემას, როგორც რაღაც ძალიან ნაცნობს, მოცემული საკითხი მარტივდება.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ კრიზისის მართვას, ჩვენთვის ეს არის ყოველდღიურობა. Ecovis-ში ვერ ნახავთ საქმეს, რომელიც მარტივია ან დიდ თანხებს არ ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს არაა განსაკუთრებული სტრესი.
ეს არ ნიშნავს, რომ გულგრილი დამოკიდებულება გვაქვს. უბრალოდ, ვიცით, როგორ უნდა მივუდგეთ და რა გზები გამოვნახოთ. სიცხადით, სიმშვიდით და პროცესის სრული კონტროლით ვუდგებით საკითხს.
როგორ ახერხებთ ნდობის მოპოვებას ისეთ ვითარებაში, როცა დრო არ იცდის?
ჩემი გასაღები პირველ რიგში სიმართლეა. არასდროს ვნიღბავ გარემოებებს და არ ვამარტივებ სიტუაციას. ძალიან ზუსტად, რეალისტურად გავდივართ საკითხებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დასაფასებელია, განსაკუთრებით მაღალი დონის მენეჯმენტთან, რომელიც მიჩვეულია მათ წინაშე სიტუაციის შელამაზებას და ამგვარად მიწოდებას.
დაბოლოს, მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სერვისების მდგრადობა. ჩვენი მიზანია, ჩვენი უნიკალური მიდგომები, სერვისები გახდეს ყველა მსხვილი მოთამაშის ინტერესის საგანი.
ჩვენი მიზანია, რომ გავაძლიეროთ შედეგების დადება ჩვენს ყველაზე ძლიერ მიმართულებებში – შრომითი დავებისა და კრიზისების მართვის სამართლებრივ ნაწილში, ასევე, საგადასახადო დავების მართვის მხრივ და უფრო მეტად დავაახლოვოთ იმ სამიზნე აუდიტორიასთან, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რაც თანამედროვე ტენდენციებს შეეხება – იქნება ეს გაციფრულება თუ მართვის სტილის მოდერნიზაცია. ამითი ვცდილობთ, რომ მუდმივად ხელი შევუწყოთ იურისტების უფრო მოქნილ მუშაობას და ავუმაღლოთ კვალიფიკაცია.
კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხაზს, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი გამოცდილება, რომლის შედეგებითაც უკვე არაერთი ბიზნესია კმაყოფილი, გავუზიაროთ უფრო მეტ მსხვილ მოთამაშეს და ამ გზით დავეხმაროთ არამხოლოდ ბიზნესს, არამედ საზოგადოებასაც, რადგან ეს სერვისები ეხმარება საერთო კეთილდღეობას.
შრომის სამართალში ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინო ყველა აქტორი, რომელიც ამ დარგშია. ხშირად, იურისტები აქტორებად განიხილავენ მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფ სუბიექტებს, თუმცა სინამდვილე ეს არ არის. შრომითი კრიზისების მართვაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს ყველა აქტორს, ვინც ამ პოლიტიკაში არის ჩართული.













