Billboard: ადელის ახალი ალბომის გაყიდვებმა 2021 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Billboard: ადელის ახალი ალბომის გაყიდვებმა 2021 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ტრადიციული პლატფორმების პოპულარობა, როგორიცაა CD და ვინილი, სტრიმინგსერვისის სასარგებლოდ ყოველწლიურად უფრო მეტად იკლებს, თუმცა ესეც არ უშლის ხელს ადელს, ახალი ალბომით გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწიოს. Billboard-ის ინფორმაციით, ადელის ახალი ნამუშევარი, სახელწოდებით „30“ პირველია, რომელმაც 2021 წელს გაყიდვების ერთმილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

MRC Data-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოსვლის პირველ კვირაში, ადელის ალბომის 692,000 CD, ვინილი და ციფრული ვერსია გაიყიდა, მეორე კვირაში კი გაყიდული ასლების ოდენობამ 225,000-ს მიაღწია. 2020 წლის ოქტომბერში, ტეილორ სვიფტის მიერ გამოშვებული“Folklore“-ის შემდგომ, ადელის „30“ პირველი ალბომია, რომელმაც მილიონიანი გაყიდვების ზღვარი გადალახა. ამის პარალელურად კი ადელის სინგლი, “Easy On Me”, კვლავ Billboard Hot 100-ის ლიდერია და უკვე მეექვსე კვირაა. რეიტინგის პირველობას არ თმობს.

2021 წელს „30“-ის რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, ერთი მილიონი გაყიდვით ადელის ახალი ალბომი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მის წინამორბედს, სახელწოდებით „25“-ს, რომლის 3,6 მილიონი ფიზიკური ასლი 2015 წელს, გამოსვლიდან მხოლოდ პირველი კვირის განმავლობაში გაიყიდა. ამერიკის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის განცხადებით, 2021 წლის პირველ ნახევარში შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი, 84% სტრიმინგულ  გაყიდვებს ეკავა, ხოლო CD-ისა და ვინილის, ასევე ციფრული ვერსიების გაყიდვებმა, მხოლოდ 10% და 5% შეადგინა.

Billboard-მა ადელის ახალი ალბომი „30“, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად ჯერ კიდევ 19 ნოემბერს, გამოსვლიდან ერთი კვირის შემდგომ დაასახელა. განსაკუთრებული ყურადღება ალბომმა სინგლის “Easy On Me“-ის გამოშვების შემდგომ მიიპყრო, რომელმაც ერთდღიანი სტრიმინგით Spotify-ის რეკორდი მოხსნა. მუსიკალურმა ვიდეომ, გამოსვლიდან პირველ რვა საათში, 15 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ალბომში დამატებით კიდევ 12 სიმღერა და სამი ბონუსტრეკია, რომლებსაც Target-ის ექსკლუზიური CD მოჰყვება.