ბირთვული ენერგია - რისკები, უპირატესობები და პერსპექტივები

ბირთვული ენერგია - რისკები, უპირატესობები და პერსპექტივები

ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონის საზომი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორი მისი ენერგომოხმარებაა. კარდაშევის თეორია გვეუბნება, რომ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელია ენერგომოხმარების ზრდა, ტექნოლოგიური პროგრესი კი ენერგიის წრყაროების განვითარებას და მათი ეფექტიანობის ზრდას უწყობს ხელს. ამჟამად კაცობრიობა განვითარების ჯერაც საწყის ეტაპზეა, რადგან დედამიწის ენერგომოხმარების თითქმის 85% წიაღისეულ საწვავზეა, ანუ ნავთობზე, ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე მოდის, განახლებადი ენერგიის წილი კი საერთო მოხმარებაში ჯერაც მიზერულია.

ბუნებრივია, დედამიწის მოსახლეობის ზრდისა და ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, იმატებს ენერგომოხმარებაც, წიაღისეული საწვავები კი ამოწურვადი რესურსია, შესაბამისად, კაცობრიობას აუცილებლად დაუდგება მომენტი, როდესაც მას ან მოუწევს ენერგიის ალტერნატიული, განახლებადი წყაროების მოძიება, ან ის უბრალოდ შეწყვეტს განვითარებას. მრავალსაუკუნიანი ისტორია ცხადყოფს, რომ ჰომო საპიენსს დანებება არ სჩვევია, ცვლად გარემო-პირობებთან ადაპტირება კი სწორედ ის თვისებაა, რომელიც დედამიწაზე მცხოვრები სხვა არსებებისგან ნამდვილად გამოგვარჩევს.

ენერგოინდუსტრიას უდავოდ სჭირდება პროგრესი, თანაც სწრაფი, რადგან ენერგომოხმარების ზრდის პარალელურად, ყოველწლიურად იმატებს წიაღისეული საწვავების მოხმარებაც, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ, მზისა თუ ქარის ენერგიისგან განსხვავებით, ნავთობისა და გაზის ენერგიად გარდაქმნის პროცესი გაცილებით უფრო მარტივი და, რაც მთავარია, იაფია. ენერგიის წყაროებს შორის ნამდვილად არსებობს ერთი, რომელსაც ერთდროულად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ინოვაციურიც და არქაულიც – საკითხი ბირთვულ ენერგიას ეხება.

ბირთვული სადგური ენერგიას ატომების გახლეჩის გზით გამოიმუშავებს, გამოყოფილი სითბო წყალს ორთქლად გარდაქმნის, რომელიც, თავის მხრივ, გენერატორების ტურბინებს ამუშავებს. ერთი შეხედვით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და რთული წარმოსადგენია, ის ყველაზე ეფექტიანი იყოს, თუმცა თუ საწვავის მოხმარებას და გამომუშავებულ ენერგიას შევადარებთ, შემდეგ სურათს დავინახავთ: 1,000 მეგავატი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ტრადიციულ თბოელექტროსადგურს 2,5-3 მილიონი ტონა ქვანახშირი სჭირდება, ატომურ სადგურს კი – დაახლოებით 20-30 ტონა ურანი.

წმინდად ტექნიკური თვალსაზრისით, ბირთვული ენერგია არ არის სრულად განახლებადი, რადგან თავად ურანი ამოწურვადი რესურსია, მისი უსასრულოდ გამოყენება კი შეუძლებელია, მზის, ქარისა თუ წყლისგან განსხვავებით. მიუხედავად ამისა, მაღალი ენერგოეფექტიანობის გათვალისწინებით, დედამიწაზე არსებული ურანის მოცულობა იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ კაცობრიობა ენერგიის ამ წყაროს გამოყენებას ასწლეულების განმავლობაში შეძლებს, ტექნოლოგიური პროგრესი კი სადგურების ენერგოეფექტიანობის ზრდას გამოიწვევს, ანუ მეგავატი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად შედარებით ნაკლები ურანი იქნება საჭირო, ვიდრე ახლა.

საგულისხმოა, რომ ბირთვული ენერგიის არქაულობა სწორედ ტექნოლოგიური პროგრესით, უფრო სწორად, შეფერხებული პროგრესითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ბირთვული ენერგიის მიმართ ინტერესმა პიკს მსოფლიო მასშტაბით ე.წ. „ატომური ეპოქის” დროს მიაღწია, კერძოდ, 1970-იან წლებში, მაშინ როდესაც მსოფლიო არა მდგრადი ენერგიის განვითარების გლობალურ ინიციატივაში, არამედ ცივ ომში იყო ჩართული. ბირთვული ელექტროსადგურების რეკორდული ტემპით მშენებლობის მიღმა საკმაოდ მარტივი მიზეზი იდგა – ის იძლეოდა როგორც ენერგიის ეფექტიანად გამომუშავების, ისე ურანის გამდიდრების და შემდეგ უკვე მისი დახმარებით ატომური იარაღის შექმნის საშუალებას. საბჭოთა კავშირის არსენალში თითქმის 6,000 ბირთვული ქობინის თავმოყრა სწორედ ატომური ელექტროსადგურების რეკორდული მშენებლობით იყო განპირობებული, რომელთაც საბჭოთა მთავრობა ურანის გასამდიდრებლად აქტიურად იყენებდა.

მართალია, ამჟამად ბირთვულ სადგურებს ატომური იარაღის შესაქმნელად ნაკლებად იყენებენ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თუ, მაგალითად, ირანს არ ჩავთვლით, თუმცა ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მაინც რჩება უნდობლობისა და შიშის გრძნობა, რასაც განსაკუთრებით ამწვავებს რამდენიმე ტრაგიკული კატასტროფა, მათ შორის, ჩერნობილისა და ფუკუშიმის ინციდენტები.

ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 437 ბირთვული ელექტროსადგური ფუნქციონირებს, ისინი კი საერთო ჯამში გლობალური ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ს გამოიმუშავებენ, ანუ დაახლოებით 3 ტრილიონ კილოვატსაათ ენერგიას. საგულისხმოა, რომ 1995 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 17.5%-ს აღწევდა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით დაღმასვლის ნელი ტენდენცია ფიქსირდება, რომელსაც რთულია, ლოგიკური ან რაციონალური ვუწოდოთ.

უდავოა, რომ ბირთვული ენერგია მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, მათ შორისაა: რადიოაქტიური ნარჩენების გაჟონვის შესაძლებლობა, ტექნიკური გაუმართაობა, ადამიანური შეცდომა, სტიქიური მოვლენა, მთავრობის მიერ ბოროტად გამოყენების შემთხვევა, საბოტაჟი, ტერაქტი, მიზანმიმართული თავდასხმა, ან, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა გვიჩვენა – ომი, რომელმაც ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრში მოახვედრა. ცხადია, ყველანაირი რისკის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, თუმცა ენერგეტიკულ საკითხებზე საუბრისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული რისკების ანალიზის კომპლექსური მოდელი, რომელიც არა უშუალოდ მოცემული პროექტის, არამედ ალტერნატიული წყაროების რისკებსაც გაითვალისწინებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიაღისეული საწვავი ენერგიის ყველაზე იაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი წყაროა, რომლის მოხმარებაც ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება. მაგალითად, ზემოხსენებულ 1995 წელთან შედარებით მსოფლიო მასშტაბით ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება თითქმის გაორმაგებულია, ბირთვული ენერგია კი სტაგნაციას და ეტაპობრივ დაღმასვლას განიცდის. მართალია, ბირთვული კატასტროფა გაცილებით უფრო „სანახაობრივი” და ხელშესახებია, ვიდრე ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის ფუნქციონირებისგან მიღებული ეკოლოგიური ზიანი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წიაღისეული საწვავი გარემოს უმთავრესი დამბინძურებელია, თბოელექტროსადგურის მრავალწლიანი ფუნქციონირება და მის მიერ ატმოსფეროში CO2-ის ნელი გაფრქვევა, საბოლოო ჯამში, უფრო დიდ ზიანს აყენებს ბუნებას და დედამიწას, ვიდრე ბირთვული ავარია, რომელიც ოც-ოცდაათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ დედამიწა არა მარტო ენერგორესურსების ამოწურვის, არამედ კლიმატის ცვლილების რეალური და გარდაუვალი საფრთხის წინაშეცაა, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ენერგოსისტემა რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა წყაროებზე.

ქარის, მზისა თუ წყლის ენერგიას ბირთვულთან შედარებით არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორისაა რისკების დაბალი დონე და შედარებითი სიიაფე, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბირთვული ენერგია გაცილებით უფრო სტაბილური და სანდოა, ვიდრე ქარი თუ მზე. განახლებადი ენერგიის წინააღმდეგ არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი სწორედ სტაბილურობას უკავშირდება, ვინაიდან მზე ერთ ადგილზე მთელი დღის განმავლობაში არ ანათებს და ქარიც მუდმივად არ ქრის, ეს აჩენს რისკებს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში სადგური საჭირო მოცულობით ელექტროენერგიის გამომუშავებას ვერ შეძლებს, დანაკლისის შესავსებად კი წიაღისეული საწვავი მაინც იქნება საჭირო. ამ არგუმენტს განსაკუთრებით ამყარებს სეზონურობისა და ენერგიის შენახვის სირთულის ფაქტორები. მოგეხსენებათ, მწვანე ენერგიის შესანახად დიდი ზომის ბატარეებია საჭირო, თავად ამ ტიპის ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რომელიც დიდი რაოდენობით ტერიტორიას და ბუნებრივ რესურსებს, კერძოდ, ლითიუმს მოითხოვს, რომლის მარაგი დედამიწაზე ამოუწურავი ნამდვილად არ არის, მისი მოპოვება კი მაღაროების მოწყობასთან და მრეწველობის არაეკომეგობრულ პრაქტიკასთანაა დაკავშირებული.

მსოფლიო მასშტაბით ქვეყნის ეროვნულ ენერგოსისტემაში ბირთვული ელექტროსადგურების წარმატებული ინტეგრირების არაერთი მაგალითი არსებობს, მათ შორისაა საფრანგეთი, სადაც ელექტროენერგიის 65%-ს ატომური სადგურები გამოიმუშავებს; ბირთვული ენერგიის საკმაოდ მაღალი წილია შვედეთშიც, სადაც ის საერთო გამომუშავების 30%-ს შეადგენს.

ბირთვული ენერგიის მთავარი პრობლემა არა მისი უსაფრთხოება, არამედ ელექტროსადგურის, რეაქტორისა და სპეციალური სარკოფაგის მშენებლობის ხარჯებია. ბირთვული ელექტროსადგურის ასაშენებლად საშუალოდ 3-დან 10 მილიარდ დოლარამდეა საჭირო, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი იწყება დაკვირვებისა და შეფასების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ათი წელიც კი შეიძლება გაგრძელდეს. მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში შესვლამდე საჭირო პერიოდი და ხარჯები ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც კერძო ინვესტორები ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისგან თავს იკავებენ. აგრეთვე გასათვალისწინებელია გარანტიების და საზოგადოების განწყობის ფაქტორებიც, ცხადია, ინვესტორები ვერ დაუშვებენ მილიარდობით დოლარის დაბანდებას ისეთ ქვეყანაში, სადაც რეალური შანსია იმისა, რომ საზოგადოების პროტესტისა თუ პოლიტიკური ნების ცვლილების გამო მთავრობამ პროექტი შეაფერხოს ან სულაც შეაჩეროს.

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული ენერგია ვერ იქნება დედამიწის ენერგიის ძირითადი წყარო, თუმცა მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ შეასრულოს დამხმარე როლი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება. თანამედროვე, მცირე ზომის, შედარებით უსაფრთხო ბირთვულ რეაქტორებს შეუძლიათ, ეროვნულ სისტემას ენერგია სწორედ მაშინ მიაწოდონ, როცა ის ყველაზე მეტად იქნება საჭირო, მაგალითად: ზამთარში, ღამით, უამინდობისა თუ კრიტიკულად გაზრდილი მოთხოვნის დროს. ბირთვული ენერგიის სიმარტივე და სტაბილურობა საზოგადოების მიერ არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი, რადგან ის ერთ-ერთი იმ ხელსაწყოთაგანია, რომლებიც ჰომო საპიენსს ბუნების, დედამიწისა და საკუთარი თავის გადარჩენის რეალურ შანსს აძლევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *