ბიტკოინის ფასი $70,000-ს 8 აპრილის შემდეგ პირველად ჩამოსცდა – რამ გამოიწვია გაუფასურება?

ბიტკოინის ფასი $70,000-ს 8 აპრილის შემდეგ პირველად ჩამოსცდა – რამ გამოიწვია გაუფასურება?

ბიტკოინის ფასი 70,000 დოლარზე ქვემოთ 8 აპრილის შემდეგ პირველად ჩამოვიდა. კრიპტოვალუტის ღირებულების მკვეთრი შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში ბიტკოინის უმსხვილესმა ინსტიტუციურმა მფლობელმა, Strategy-მ, სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ საკუთარი რეზერვებიდან მისი ნაწილის გაყიდვის შესახებ განაცხადა.

სამშაბათს დილით ბიტკოინის ფასი დროებით 69,690 დოლარამდე დაეცა, რაც წინა დღესთან შედარებით 3.8%-ზე მეტით ნაკლებია. მოგვიანებით კრიპტოვალუტამ დანაკარგების ნაწილი აღიდგინა, თუმცა გასულ კვირასთან შედარებით მისი ფასი კვლავ 8.4%-ზე მეტით არის შემცირებული. ოთხშაბათ დილის მონაცემებით კი ბიტკოინი 67,200 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.

ორშაბათს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, Strategy-მ, რომელიც ადრე MicroStrategy-ის სახელით იყო ცნობილი, მაისის ბოლო კვირაში 32 ბიტკოინი გაყიდა. კომპანიამ ტრანზაქციით დაახლოებით 2.5 მილიონი დოლარი მოიზიდა, რომელიც აქციონერებისთვის დივიდენდების გადასახდელად გამოიყენა.

გაყიდული ბიტკოინების საშუალო ფასი დაახლოებით 77,135 დოლარს შეადგენდა. ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ Strategy-ის აქციები ორშაბათს 5.85%-ით გაუფასურდა.

ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ საკუთარი ბიტკოინის რეზერვების ნაწილი გაყიდა. მსგავსი ტრანზაქცია ბოლოს 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.

გაყიდვის მიუხედავად, Strategy კვლავ რჩება ბიტკოინის უმსხვილეს ინსტიტუციურ მფლობელად. კომპანიის ბალანსზე 843,706 ბიტკოინი რჩება, რომლებიც საშუალოდ 75,699 დოლარად არის შეძენილი.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, Strategy-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ სეილორის ქონება 4.2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მას მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 1008-ე ადგილზე აყენებს. Strategy-ის აქციების ფასის ვარდნის შედეგად, სეილორის ქონება ერთ დღეში დაახლოებით 268 მილიონი დოლარით შემცირდა.