ფოტო: rainmaker.co.in
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ უახლესი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კორუფციის აღქმის მაჩვენებელი (CPI) მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ტენდენცია აჩვენებს, რომ კორუფციის დონე არა მხოლოდ განვითარებად, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც იზრდება, რაც გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე მზარდ წნეხს ქმნის.
ცნობისთვის, კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) ქვეყნებს სკალაზე 0-დან 100-მდე ქულით აფასებს. მაღალი ქულა კორუფციის ნაკლებ აღქმაზე მიანიშნებს, დაბალი ქულა კი – პირიქით. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42-მდე დაეცა, ხოლო 182 ქვეყნიდან 122-მა 50-ზე ნაკლები ქულა მიიღო.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების შემცირებაა. თუ 2015 წელს 80-ზე მეტი ქულა 12 ქვეყანას ჰქონდა, 2025 წლისთვის ეს რაოდენობა 5-მდე შემცირდა.
ეს ტენდენცია მიანიშნებს, რომ კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე იმ ქვეყნებსაც ეხება, რომლებიც ტრადიციულად ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით გამოირჩეოდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ამის მიზეზებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდა, ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება და კონტროლის მექანიზმების დასუსტებაა.
აშშ ამ ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რომელიც 64 ქულით 29-ე ადგილზეა – ისტორიულ მინიმუმზე. ეს კლება გამჭვირვალობასთან და ინსტიტუციურ ნდობასთან დაკავშირებულ შეშფოთებებს უკავშირდება.
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ყველაზე კარგი მდგომარეობა დანიაშია, რომელსაც 89 ქულა აქვს მინიჭებული. მას მოსდევს ფინეთი და სინგაპური, შესაბამისად, CPI-ის 88 და 84 ქულით. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი სომალსა და სამხრეთ სუდანშია. ორივე ქვეყანას 9-9 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში საქართველოც მოვხდა, რომელსაც 100-დან 50 ქულა აქვს მინიჭებული. ის ამ მაჩვენებლით 182 ქვეყანას შორის 56-ე ადგილზეა. საქართველოს ქულა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 8-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მისი მსგავსი ქულა აქვს ბაჰრეინს, საბერძნეთსა და იორდანიას.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ კორუფციას მხოლოდ პოლიტიკური კი არა, ეკონომიკური გავლენაც აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) კვლევები კორუფციას ინვესტიციებს კლებასთან, ეკონომიკური ზრდის შესუსტებასა და მთავრობის ეფექტიანობის შემცირებასთან აკავშირებს.
ბევრ ქვეყანაში კორუფცია ასევე ცვლის საჯარო ხარჯების პრიორიტეტებს. მაგალითად, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის განკუთვნილი თანხები ხშირად არამიზნობრივად იხარჯება.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია, სადაც სუსტი ინსტიტუტები ორგანიზებული დანაშაულისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიმართ უფრო მოწყვლადია.
ეკონომიკური მდგომარეობის გარდა, კორუფცია ასევე მნიშვნელოვან სოციალურ რისკებს ქმნის. ანტიკორუფციული ჟურნალისტიკა ბევრ ქვეყანაში სიცოცხლისთვის საშიშ საქმიანობად მიიჩნევა. 2012 წლიდან 150 ჟურნალისტი მოკლეს, რომლებიც კორუფციულ თემებზე მუშაობდნენ (ომის ზონების გარეთ). თითქმის ყველა შემთხვევა მაღალი კორუფციის დონის მქონე ქვეყნებში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ქვეყანა პროგრესს მაინც აღწევს, გლობალური სურათი აჩვენებს, რომ კორუფცია კვლავ ღრმად არის ფესვგადგმული და მისი შემცირება სულ უფრო რთულდება.
ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე დაბალია
| ადგილი | ქვეყანა | CPI ქულა (2025) |
|---|---|---|
| 1 | დანია | 89 |
| 2 | ფინეთი | 88 |
| 3 | სინგაპური | 84 |
| 4 | ახალი ზელანდია | 81 |
| 4 | ნორვეგია | 81 |
| 6 | შვედეთი | 80 |
| 6 | შვეიცარია | 80 |
| 8 | ლუქსემბურგი | 78 |
| 8 | ნიდერლანდები | 78 |
| 10 | გერმანია | 77 |
| 10 | ისლანდია | 77 |
ქვეყნები, სადაც კორუფციის დონე ყველაზე მაღალია
| ადგილი | ქვეყანა | CPI ქულა (2025) |
|---|---|---|
| 172 | ეკვატორული გვინეა | 15 |
| 172 | ჩრდილოეთი კორეა | 15 |
| 172 | სირია | 15 |
| 175 | ნიკარაგუა | 14 |
| 175 | სუდანი | 14 |
| 177 | ერიტრეა | 13 |
| 177 | ლიბია | 13 |
| 177 | იემენი | 13 |
| 180 | ვენესუელა | 10 |
| 181 | სომალი | 9 |
| 181 | სამხრეთი სუდანი | 9 |












