ჯენსენ ჰუანგმა Marvell-ი „მომდევნო ტრილიონდოლარიან კომპანიად“ მოიხსენია | აქციები 25%-ზე მეტით გაძვირდა

ჯენსენ ჰუანგმა Marvell-ი „მომდევნო ტრილიონდოლარიან კომპანიად“ მოიხსენია | აქციები 25%-ზე მეტით გაძვირდა

წყარო: Yahoo Finance Video

 

ჩიპების მწარმოებელი კომპანია Marvell Technology-ის აქციების ფასი სამშაბათს პრემარკეტზე 25%-ზე მეტით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანგმა, ის „მომდევნო ტრილიონდოლარიან კომპანიად“ მოიხსენია.

განცხადება ტაიპეიში გამართულ Computex-ის ტექნოლოგიურ გამოფენაზე გაკეთდა. Marvell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ, მეტ მერფიმ, სცენაზე Nvidia-ს ხელმძღვანელი მიიწვია, რათა კომპანიებს შორის მარტში გამოცხადებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ესაუბრათ.

სცენაზე ასვლისთანავე ჰუანგმა მერფის გამოსვლა შეაწყვეტინა და აუდიტორიას მიმართა: „ქალბატონებო და ბატონებო, მომდევნო ტრილიონდოლარიანი კომპანია.“

მერფიმ განცხადებას ენთუზიაზმით უპასუხა და ჰუანგს უთხრა: „მოდი, ამას ერთად მივაღწიოთ.“

Nvidia-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა „სასარგებლო AI-ისა“ და ხელოვნური ინტელექტის აგენტების ეპოქის დაწყებას, ასევე Marvell-ის ქსელური ნახევარგამტარების მნიშვნელობას. მოგვიანებით მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სწორედ ამიტომ მიიჩნევს Marvell-ს მომავალ ტრილიონდოლარიან კომპანიად.

თავის მხრივ, მერფიმ აღნიშნა, რომ კომპანიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა სწორი მიმართულებით მოძრაობს.

ჰუანგის კომენტარების შემდეგ Marvell-ის აქციების ფასი პრემარკეტზე 274 დოლარამდე გაიზარდა. ამას წინ უძღოდა ორშაბათს დაფიქსირებული 7%-იანი ზრდაც. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციები უკვე 158%-ზე მეტით არის გაძვირებული.

Marvell-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 2024 წლის დეკემბერში გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს, ხოლო ორშაბათის სავაჭრო სესიის დასრულებისას კომპანიის ღირებულება 191.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Computex-ის ფარგლებში ჯენსენ ჰუანგი კიდევ ერთ პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ამჯერად ის სცენაზე ARM Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რენე ჰაასმა მიიწვია.

ორშაბათს Nvidia-მ Windows-ის ლეპტოპებისა და დესკტოპებისთვის თავისი პირველი სრულად ინტეგრირებული ჩიპი, RTX Spark-ი, წარადგინა. ახალი პროდუქტი ARM-ის არქიტექტურაზე დაფუძნებულ პროცესორს იყენებს და, კომპანიის განცხადებით, ე.წ. პერსონალური AI-აგენტების გაშვება შეუძლია.

როდესაც ჰაასმა ჰუანგს RTX Spark-ის წარდგენა მიულოცა, Nvidia-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა: „მე ახალ პროდუქტს ვაცხადებ, მისი აქციების ფასი კი იზრდება. ყოველი ახალი პროდუქტის შემდეგ მისი აქციები ძვირდება, ჩემსას კი არაფერი ემართება.“

RTX Spark-ის წარდგენის შემდეგ ARM-ის აქციების ღირებულება ორშაბათს 15.73%-ით, 408.85 დოლარამდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში Nvidia-მ თებერვლის შემდეგ საუკეთესო სავაჭრო დღე დააფიქსირა. კერძოდ, კომპანიის აქციების ღირებულება 6.26%-ით გაიზარდა და 224 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, RTX Spark-ი Nvidia-ს AI-სუპერკომპიუტერებში გამოყენებული ჩიპების გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს. კომპანიის მტკიცებით, ახალ პლატფორმას Microsoft Windows-ზე ძლიერი ლოკალური AI-აგენტების, პოპულარული ვიდეოთამაშებისა და პროდუქტიულობის პროგრამების გაშვება შეეძლება.

Nvidia უკვე ათწლეულებია, სამომხმარებლო გრაფიკულ პროცესორებს აწარმოებს, თუმცა წარსულში ასეთი სისტემები Intel-ის ან AMD-ის პროცესორებთან ერთად მუშაობდა. RTX Spark-ი კი უშუალოდ Nvidia-ს მიერ წარმოებული პროცესორით არის აღჭურვილი, რომელიც MediaTek-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

ახალი პლატფორმით Nvidia კონკურენციას გაუწევს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Qualcomm-ი, Apple-ი, და ჩვენ მიერ უკვე ნახსენები Intel-ი და AMD.