ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს ბიზნეს გაერთიანებები საერთო განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული სხვადასხვა ფუნდამენტალური საკანონმდებლო ცვლილებების შედეგები მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და სოციალურ ფონზე.
მეწარმეობის ხელშეწყობა, სტაბილური გარემოს შენარჩუნება და საკანონმდებლო ნორმების ჰარმონიზაცია არის ეკონომიკური ზრდის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ვიფიქროთ მომავალზე და ქვეყნის განვითარებაზე.
საქართველოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების და გამოწვევების ფონზე, ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც შესაძლებელია მოყვეს გარკვეული სირთულეები, მოითხოვს ფრთხილ დამოკიდებულებას და დეტალური ანალიზის გარეშე მათი რეალიზება ხიფათის შემცველია.
დაანონსებული რეგულაციები, რომელებიც ართულებენ ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილური ბიზნესგარემოს ფორმირების პროცესს და შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას, რაც თანაბრად აისახება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. ადგილობრივი ბიზნესი, რომლის დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, მუდმივად ხემისაწვდომი და იაფი დაფინანსების წყაროს ძიებაშია, ზედმეტი რეგულაცია კი, ამ პროცესს კიდევ უფრო გაართულებს და შეზღუდავს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენ კარგად გვესმის მარეგულირებლის მიერ დასახული მიზნის მნიშვნელობა, როგორც დედოლარიზაციის, ასევე სოციალური ფაქტორების მიმართულებით და ამ პროცესის მიმართ ჩენი მხარდაჭერა არაერთხელ დაგვიფიქსირებია, თუმცა ამასთანავე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად მიღებული ზომები იყოს პროპორციული და არ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები, რაც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანწილად აისახება და კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ ფონს.
საქართველოს საბანკო ასოციაცია და პარტნიორი ბიზნეს გაერთიანებები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების პროცესში, აუცილებლად მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ, საჯაროდ დავაფიქსიროთ ის რეკომენდაციები, რომლებიც კონსულტაციების პროცესში იქნა შემუშავებული, კერძოდ:
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ დებულების ახალი რედაქცია კომპლექსურად ცვლის საკრედიტო მიდგომებს ბაზარზე და აუცილებლად გამოიწვევს საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელის შეუქცევად შემცირებას. ჩვენი პროგნოზით, ძალაში შესვლიდან მომავალი 12 თვის განმავლობაში დებულების ეფექტი მთლიან საკრედიტო პორტფელზე აისახება ნეგატიურად და გამოიწვევს მის შემცირებას 3,5-4%-ით. აღნიშნული უმეტესწილად უზრუნველყოფილი იქნება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდ. მეწარმეებზე გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის შემცირებით და მცირე და საშუალო, კორპორატიული ბიზნეს სესხების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი კლებით. ცვლილება ასევე აისახება საერთო ეკონომიკურ ზრდის ტემპზე და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას დაახლოებით 3%-ით შეამცირებს.
2017-2018 წლებში უკვე დაწესებული შეზღუდვები ამ ეტაპზე სრულად არ ასახულა საკრედიტო პორტფელზე და დამატებითი წნეხი დაკრედიტების წესზე მნიშვნელოვნად გაართულებს და რიგ შემთხვევაში შეუძლებელს გახდის საბანკო სექტორის ადექვატურ რეაგირებას მასზე. ამასთან ერთად, მოთხოვნა მიწოდების ჯანსაღი ბალანსის დარღვევა და მომხმარებლების მიერ საბანკო სექტორიდან სესხების მიღებაზე ხელმისაწვდომობის საშუალების მკვეთრად შემცირება გამოიწვევს სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად რეგულაციების დეკლარირებულად სასარგებლო მიზნებისა, ზედმეტად რთული და მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკური რეალობის და საჭიროების გაუთვალისწინებლად, სერიოზულ პრობლემას შეუქმნის განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, ასეულ ათასობით მოვაჭრეს, მცირე მეწარმეს და ფიზიკურ პირებს, მსხვილ ბიზნესს კი, მნიშვნელოვნად გაურთულებს ოპერირებას, მომხმარებლისთვის გააძვირებს პროდუქციის და მომსახურების ღირებულებას, შეამცირებს მათზე ხელმისაწვდომობას და უარყოფითად აისახება ბიზნეს გარემოზე.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული შენიშვნები და არგუმენტები კიდევ ერთხელ იქნება განხილული, რათა შევძლოთ და ერთობლივად ავიცილოთ თავიდან დაანონსებული რეგულაციების ნეგატიური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე”.
საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC Georgia)
საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია
საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია