ბიზნესი ყავის არომატით

ბიზნესი ყავის არომატით

საქართველო, მესტია, 2017 წელი, მეწარმე ქალები, იდეა, მონდომება და 10 000 დოლარი – ასე დაიწყო ქართული ბრენდის „ერთი ყავა“ ისტორია. დღეს „ერთი ყავა“ მესტიაში, თბილისსა და ბათუმში ხუთი ფილიალით, ₾3.5-მილიონიანი ბრუნდვით და თითოეულ ფილიალში წელიწადში მინიმუმ 150 000 ჭიქა დაგემოვნებული ყავით, ყავის ქსელური ბრენდია, რომელიც ყოველ ობიექტში, მსოფლიო სტანდარტის მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდვების მაქსიმუმს აღწევს.

ერთი ყავა – ხშირ შემთხვევაში ეს შეთავაზებაა, განსხვავებულ შემთხვევაში კი ბიზნესი, რომელიც ქსენია მარკოვსკაიამ და ტანია მერზლამ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში – სვანეთში წამოიწყეს და სწორედ იქიდან დაიწყო Specialty ყავის ბრენდმა „ერთი ყავა“ თავისი მოგზაურობა საქართველოში. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სარესტორნო და სასტუმრო საქმის სპეციალისტი ქსენია მარკოვსკაია საქართველოში ოჯახთან ერთად 2007 წელს ჩამოვიდა და მესტიაში მცირე საოჯახო სასტუმროს მართვას შეუდგა. ქსენიას მცირე ბიზნესის მართვის გამოცდილება უკვე ჰქონდა, როცა 2017 წელს კიეველი მარკეტოლოგი და პიარის სპეციალისტი ტანია მერზლა გაიცნო, რომელიც მესტიაში რამდენიმე თვით ჩავიდა და მალევე მიხვდა, რომ იქ ცხოვრების გაგრძელება სურდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მთაში კარგი ყავის დალევას შეძლებდა. მეგობრის სურვილს ქსენიამ ენთუზიაზმით უპასუხა და მესტიაში პირველი Specialty ყავის სახლის გახსნის იდეაც დაიბადა. ბიზნესგეგმის გარეშე და კიევში მოქმედი ყავის სახლის მეპატრონის რჩევებით პარტნიორებად ქცეულმა მეგობრებმა ბრაზილიური „არაბიკის“ ნარჩევი, Specialty მარცვლების იმპორტი დაიწყეს და იდეის გაჩენიდან თვე-ნახევარში მესტიაში ჩასულ დამსვენებელს მცირე ყავის სახლში „ერთი ყავა” შესთავაზეს. ბიზნესიდეამ იმუშავა, სხვადასხვა დასახელების ყავა მესტიაში მიიღეს და შეიყვარეს. მოთხოვნაც გაჩნდა… თუმცა მაშინ პარტნიორებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი საქმე ამ მასშტაბებს მიაღწევდა და Specialty ყავის ადგილობრივ ბაზარზე თავის სტანდარტს შექმნიდა.

სულ მალე ყავის სახლმა „ერთი ყავა“ მაღალმთიანი სვანეთიდან მოგზაურობა ბარისკენ გააგრძელა და შემდგომი დანიშნულების ადგილად დედაქალაქი – თბილისი შეირჩა. ყველაზე რთულ, პანდემიურ 2020 წელს ლოკდაუნს და საყოველთაო ისტერიას არ შეუშინდა და კიდევ ერთი ფილიალი ზღვისპირა ქალაქ ბათუმში გაიხსნა.

მეწარმე ქალების იდეით, მონდომებითა და 10 000 დოლარით დაწყებული მცირე ბიზნესი მალე ქართული ბრენდის ყავის სახლის ქსელად იქცა და ექვსი წლის თავზე ხუთი ფილიალი გააერთიანა: ერთი მესტიაში, სამი თბილისში და ერთიც ბათუმში. შედეგად 2022 წელი კომპანიამ „ერთი ყავა“ ₾3.5-მილიონიანი ბრუნვით, თითოეულ ფილიალში წელიწადში გაყიდული 150 000 ჭიქა სხვადასხვა სახეობის Specialty ყავით და სამოცი დასაქმებულით დაასრულა.

„ერთი ყავის” შექმნისა და წარმატების ისტორიაზეც მისმა დამფუძნებლებმა ქსენია მარკოვსკაიამ და ტანია მერზლამ Forbes Georgia-სთან „ერთი ყავის” არომატისა და გამორჩეული გემოს თანხლებით ისაუბრეს, „ერთი ყავის“ პირველი ჭიქის დაგემოვნებისას გარკვეული რეკომენდაციებიც მომცეს – ისე, როგორც თითოეულ სტუმარს ინდივიდუალურად ურჩევენ და იმაზეც ისაუბრეს, რომ დღეს ბიზნესის განვითარების იმ ეტაპზე გადასასვლელად მზად არიან, როდესაც ქვეყანაში Specialty ყავის ბაზრის განვითარებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ და ამასთან, ქართულმა ბრენდმა „ერთი ყავა” თავისი არომატებით, ფილოსოფიითა და კონცეფციით ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ უნდა მოსინჯოს. როგორც თავად ამბობენ, დღეს „ერთი ყავა“ ცხოვრების სტილია, რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ავითარებდნენ.

სანამ „ერთი ყავის” გეგმებს გაგვიზიარებდეთ, მოგვიყევით „ერთი ყავის“ მოგზაურობის შესახებ მთიდან – ბარში, შემდეგ კი ზღვისკენ… როგორ ახერხებდით წლების განმავლობაში, მათ შორის ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც პანდემია იყო, ქართული ბრენდის განვითარებას და ახალი ობიექტების გახსნას?

ტანია მერზლა: ყავის სახლის რეგიონული ქსელის შექმნა და მისი ფილოსოფიის შენარჩუნება ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. Specialty ყავის სახლების ქსელი მსოფლიოში ძალიან ცოტაა, რადგან უმაღლესი ხარისხის შენარჩუნება და მასშტაბირება არცთუ ადვილია. საქართველოს რეგიონებში ახალი ფილიალის გახსნა და ქსელის განვითარება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან საქართველოში თითოეული კუთხე, ადამიანებისა და მათი მენტალობის განსხვავებიდან გამომდინარე, იმდენად უნიკალური და თვითმყოფადია, რომ ახალ რეგიონში ობიექტის ამუშავება იგივეა, რაც უცხო ქვეყნებში ახალი ფილიალის გახსნა. ამ პირობებში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყავის სახლის ატმოსფერო და ხარისხიანი პროდუქტი, სერვისი, რომელიც სტუმრისადმი ინდივიდუალურ მიდგომას, Specialty ყავის სხვადასხვა ფორმით მომზადებას, გემოვნური თვისებების გაცნობას და მათთვის სასურველი გარემოს შექმნას გულისხმობს. სიყვარული ის დრაივია, რომელიც ამ საქმეს მოაქვს და შემდგომი გაჩერებისკენ მოძრაობის ძალას გვმატებს.

ქსენია მარკოვსკაია: სწორედ ასე გაგვაძლიერა ჩვენი მომხმარებლის მხარდაჭერამ პანდემიის პერიოდში, როდესაც ბათუმში ახალი ფილიალის გახსნა გადავწყვიტეთ. ლოკდაუნის დროს, მაშინ როდესაც ადამიანებს სახლიდან გამოსვლის შიში ჰქონდათ და ყოველი სოციალური აქტივობა მაქსიმალურად შეზღუდული იყო, ჩვენ არათუ ფული არ გვქონდა ახალი ფილიალის გასახსნელად, არამედ გადასახადების გამო გარკვეული დავალიანებაც გვერიცხებოდა. ამიტომ ობიექტის გახსნისთვის საჭირო ფინანსური თანხების მობილიზება ქრაუდფანდინგის გზით გადავწყვიტეთ, რაც დაახლოებით 15 000 დოლარს შეადგენდა. მაშინ როდესაც ქვეყანაში კვების ობიექტები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა, ახალი ობიექტის გახსნას არავინ ელოდა… ქრაუდფანდინგის იდეა და გულშემატკივრების, ერთგული მომხმარებლების მიერ გაღებული თანხები, რაც არც ისე ბევრი იყო; რწმენა იმისა, რომ ჩვენ ამას შევძლებდით, ამ ნაბიჯის გადადგმის ბიძგი და ერთგვარი მოტივატორი გახდა. თუმცა მიღმა ამისა ჩვენ გვქონდა პრობლემები, როგორიც იყო დახურული ფილიალები თბილისსა და მესტიაში, და მუშაობა ფანჯრიდან, გატანის სერვისით; სამსახურის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები, რომლებიც იმ პერიოდისთვის სხვა ქვეყნიდან გვყავდა ჩამოყვანილი, მათზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება ჩვენთვის უპირატესი იყო. იმ პერიოდში ბათუმში, ყავის დასალევად მხოლოდ იმიტომ მოდიოდნენ, რომ ჩვენ გვემუშავა.

ტანია: უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიამდე ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელი ტურისტები იყვნენ, დღეს ასე არაა. მომხმარებელთა 80%-ზე მეტი ადგილობრივები არიან. დღის განმავლობაში თითოეული ობიექტი, მინიმუმ, 1 000 სტუმარს ემსახურება.

ყოველი ახალი ობიექტის გახსნისას კომპანიის მთავარ სლოგანში ერთი სიტყვა იცვლებოდა – Specialty ყავა მათთვის, ვისაც მთა უყვარს; Specialty ყავა სიცოცხლის მოყვარულთათვის და Specialty ყავა მათთვის, ვისაც ზღვა უყვარს – მოგვიყევით დღეს უკვე ყავის კაფეებად ქცეული ქსელის კონცეფციაზე… საიდან შემოგაქვთ ყავა?

ქსენია: ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ყავას, ეს არის ნარჩევი ყავის მარცვლები, მომსახურების ფილოსოფია და ცხოვრების სტილი, რომელსაც ჩვენი სტუმრები ირჩევენ. ისინი მოდიან „ერთ ყავაში“ და იციან, რომ მათზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი თბილისში, მესტიასა თუ ბათუმში ანალოგიური მაღალი სტანდარტით შესთავაზებს წითელი ჭიქით ყავას და დაინტერესების შემთხვევაში მათ ამ კონკრეტული ყავის მოყვანის ისტორიას გააცნობს – ფერმით დაწყებული, ჭიქაში ჩამოსხმამდე. დღეისთვის მოხალული ყავა პირდაპირ ბერლინიდან, საკმაოდ ცნობილი წარმოება The Barn-იდან ჩამოგვაქვს. ფერმერი, რომელსაც ყავა ბრაზილიაში მოჰყავს; კომპანია, რომელიც მწვანე მარცვალს ყიდის; წარმოება, რომელიც ყავას ხალავს და თქვენთვის მომზადებული ყავა – ამ ჯაჭვის გავლას ჩვენი ყავა სულ ორ თვეს ანდომებს და ეს დრო მის გამორჩეულობას განსაზღვრავს. კომერციულ სეგმენტში ეს ციკლი გაცილებით ხანგრძლივია და თქვენ შესაძლოა, 2017 წლის მოსავლის ყავას სვამდეთ, რომელმაც მრავალი გადამყიდველი გამოიარა. ჩვენ კი ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, თქვენ მიერ არჩეული ყავა რომელმა ფერმერმა გაზარდა, როგორ გააშრო, როდის გაყიდა და როდის მოიხალა.

რამდენად მარტივი იყო ამ სეგმენტში თავის დამკვიდრება და როგორია ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია?

ტანია: ჩვენთვის სიტყვა კონკურენცია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველა კომპანია, რომელიც ახლა Specialty ყავის მიმართულებით ქვეყანაში ოპერირებს, ჩვენი პარტნიორია. Specialty ყავის კომპანიები მაღალი ხარისხით ბაზარს და, შესაბამისად, აქ მოქმედ კომპანიებს აძლიერებენ. ჩვენთვის ბაზრის განვითარება და ერთმანეთის ხელშეწყობაა მნიშვნელოვანი.

„ერთი ყავის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ხუთი ობიექტი ცხადყოფს, რომ ქალების ბიზნესიდეამ იმუშავა და გარკვეული შედეგებიც დადო. პანდემიამ და ომმა სხვადასხვა ზომის ბიზნესზე დიდი გავლენა იქონიეს. თქვენ რა გამოწვევებთან გიხდებათ გამკლავება და როგორ ახერხებთ მათ დაძლევას?

ტანია: ერთ-ერთი გამოწვევა პანდემიის შემდეგ და მანამდეც ჩვენთვის თანამშრომლების დეფიციტი იყო. საქართველოში Specialty ყავის სფერო არ არსებობდა, შესაბამისად, არ არსებობს ტრენინგცენტრები, სადაც ბარისტებს მოამზადებენ. მაგალითად, თუ ჩვენთან ბარისტა სხვა ყავის სახლიდან მოდის და მუშაობას იწყებს, ჩვენ მას დღეს უკვე ვამზადებთ, რადგან ჩვენი დანადგარები განსხვავებულ უნარებს და მიდგომას საჭიროებს. პირველ ეტაპზე გამოცდილი კადრები სხვა ქვეყნებიდან ჩამოგვყავდა, რაც უფრო ძვირი გვიჯდებოდა, თუმცა აქ მომზადების საშუალება არ გვქონდა, შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ტრენინგებს უცხოეთიდან ჩამოყვანილ სპეციალისტებთან გადიოდნენ, დღეს უკვე გვყავს თანამშრომლები, რომლებიც სხვებს ამზადებენ და ასწავლიან. ბარისტების გადამზადება და სწავლება კომპანიას ერთ თანამშრომელზე დაახლოებით 1000 ლარი უჯდება.

ქსენია: ზოგადად, ჩვენ გამოწვევებს ყოველთვის გადაწყვეტებად ვაქცევთ. ვთვლით, რომ პანდემიის და ახლა უკვე ომის შემდეგ მსოფლიო აღარასდროს იქნება სტაბილური და განჭვრეტადი, ამიტომ უნდა ვიყოთ მოქნილები და შეგვეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ამ ბიზნესს როგორც პარტნიორები, ისე ვავითარებთ და ეს უნიკალურია, რადგან ჩვენ ორი ქალი ვართ, ბიზნესს წლებია, ვუძღვებით და ჩვენი შეხედულებები გვაქვს ცხოვრებაზე, ოჯახზე, ბედნიერებაზე. იყო მეწარმე ქალი – ჩვენთვის კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არავინ გიხსნის ვალდებულებას, იყო ცოლი და დედა. ეს არ არის კომპრომისი, არამედ უფრო მუდმივი ბალანსის ძიებაა, იყო ბიზნესლედი და იყო პასუხისმგებელი შენს ოჯახსა და შვილების მომავალზე. ინვესტორები უნდა ხედავდნენ ჩვენი განვითარების ისტორიას, თუ როგორ გაიზარდა 10 000 დოლარის ინვესტირებით დაწყებული საქმე, დღეს უკვე ოთხი ყავის სახლის შემთხვევაში 3.5 მლნ ლარის ბრუნვის მქონე კომპანიად. მათ უნდა სჯეროდეთ ჩვენი და უნდა მოგვყვებოდნენ განვითარების სტრატეგიაში.

ბიზნესი განვითარებას განაგრძობს… რომელი ქალაქი თუ დასახლება იქნება ქვეყნის მასშტაბით „ერთი ყავის” მოგზაურობის მომავალი დანიშნულების ადგილი? როგორია თქვენი განვითარების სტრატეგია?

ქსენია: 2023 წელს ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ხარისხი, ბრენდი და მარკეტინგი, და ასევე ქვეყანაში Specialty ყავის ცნობადობის ამაღლება და ბაზრის განვითარება იქნება. პირველი ობიექტის გახსნისას არ ვფიქრობდით იმაზე, რომ წლების შემდეგ ბაზრის განვითარებაზე დავიწყებდით ზრუნვას. ჩვენ მცირე ბიზნესის განვითარების ყველა საფეხური გამოვიარეთ და ახლა ქართული ბრენდის განვითარების გეგმებს არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ვსახავთ. საქმე ის არის, რომ ქსელი „ერთი ყავა“ სწრაფად განვითარდა და უკვე ხუთ ფილიალს აერთიანებს. მომავალში ათი ობიექტის გახსნა გვინდა. განვითარების ეს ტემპი პარტნიორობას და ინვესტირებას საჭიროებს. ამ პერიოდში ინვესტორების მოძიების პროცესში ვართ და ეს განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია იქნება.

ადგილობრივ ბაზარზე წელს ჩვენს ქსელს ერთი ფლაგმანი ფილიალი შეემატება, რომელიც ყავის მოსახალ საწარმოს და კადრების გადამზადების ტრენინგცენტრს გააერთიანებს. 1 მლნ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება თბილისში იგეგმება და ის 1 000 კვ/მ-ზე განთავსდება. ახლა ადგილის შერჩევის პროცესში ვართ. ამ ფილიალში მომხმარებელს ჩვენს Specialty ყავასა და ჯანსაღ საუზმეს შევთავაზებთ, რომელიც კომპანიამ რამდენიმე წლის წინ უკრაინიდან შეფმზარეულის მოწვევით შექმნა, სამი წლის შემდეგ ამავე შეფმზარეულის მოწვევით მენიუს კიდევ უფრო დავხვეწთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ჯანსაღი საუზმის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი.

პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენ გვექნება საკუთარი საწარმო და ყავის იმპორტის 4-რგოლიანი ჯაჭვიდან მოხალვის კომპონენტი ამოვარდება. წარმოების საერთო სიმძლავრე თვეში 15-20 ტონა ყავის მოხალვა იქნება, რომლის ნაწილითაც ადგილობრივი ბაზარი მომარაგდება, დარჩენილ ნაწილს კი ექსპორტზე მივმართავთ.

რაც შეეხება ტრენინგცენტრს, მისი საშუალებით ჩვენ კომპანიისა და ბაზრისთვის პროფესიონალი ბარისტების მომზადებას შევძლებთ და ამ მხრივ არსებულ კადრების დეფიციტს შევავსებთ.

ექსპორტი ახსენეთ, ქართული ბრენდი „ერთი ყავა” საქართველოს ფარგლებს გარეთ – რამდენად რეალურია ეს პერსპექტივა?

ტანია: არათუ რეალური, არამედ ჩვენ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქსელის განვითარების მიზნით შექმნილი „ერთი ყავის“ ფრენჩაიზი უკვე ჩაშვებულია. მოთხოვნა უკვე არსებობს თურქეთიდან, საბერძნეთიდან, რეკომენდაციას გვაძლევენ ლონდონში „ერთი ყავის” გახსნაზე… მოლაპარაკებები ამ თანამშრომლობაზე დაწყებული გვაქვს. ფრენჩაიზი ფილიალების დისტანციურ მართვას გულისხმობს… როგორც საუბრის დაწყებისას აღვნიშნეთ, საქართველოს რეგიონში ფილიალების მართვის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და რომ ჩვენი ყავა აქ, ვაკეში, ზუსტად ისეთივე გემრიელია, როგორიც მესტიასა და ბათუმში.

2023 წელს ათი ფრენჩაიზის გაყიდვა გვაქვს დაგეგმილი, თითოეულის ფასი კი 5 000-დან 7 000 დოლარამდეა. პოტენციურ ქვეყნებში ქართული ბრენდის ფრენჩაიზებს თავად ჩავიტანთ, რადგან ჩვენთვის პარტნიორების წარმატებული სტარტი მნიშვნელოვანია და ამაში ჩვენს მაქსიმალურ რესურსს ჩავდებთ. გვინდა, ქართული ბრენდის, „ერთი ყავის” ხარისხი და მიდგომები ყველა ქვეყანაში მაღალ დონეზე იყოს.

საკმაოდ მასშტაბური გეგმა გაქვთ… კიდევ ერთი ფილიალი საქართველოში, წარმოება, ტრენინგცენტრი და ათიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ, გეგმის წარმატებული სტარტის შემთხვევაში რამდენით გაზრდის ეს ბრუნვას, მოცვას, მოცულობებს – როგორია გათვლები?

ტანია: ახალი პროექტების ფარგლებში წელს ბრუნვის ზრდას არ ველით, თუმცა „ერთი ყავის” ბრუნვა არსებული ხუთი ფილიალის ნაწილში, მინიმუმ, გაორმაგდება. ამ მხრივ ახალი ობიექტის გახსნის გამორიცხვით, ვფიქრობთ, 2023 წელს კომპანიის ბრუნვა 100%-ით გაიზრდება. წლიურად თითოეულ ყავის სახლში 150 000 ჭიქა ყავას ვყიდით, ჩვენი მიზანი ამ რიცხვის 300 000-მდე გაზრდაა. ამასთან, ფრენჩაიზის ქსელის განვითარება იმას ნიშნავს, რომ ყველა ობიექტი ჩვენი ყავის მარცვლით მომარაგდება. შესაბამისად, თუ წელს საზღვარგარეთ ათ ყავის სახლს გავხსნით, მაშინ ბრუნვა არსებულზე 3-ჯერ მეტი იქნება.

ამასთან, ამ სეგმენტის განვითარებისთვის ყავის ივენთების გამართვას ვგეგმავთ. პირველი ასეთი ივენთის – Late Art Battle-ის ორგანიზება გაზაფხულზე გვინდა. ამ შეჯიბრებაზე მონაწილეებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვიწვევთ. თუმცა ამასთანავე ჩვენ მასტერკლასებს კერძო პირებისთვის ვატარებთ. მასტერკლასები თბილისში მუდმივად იმართება, თებერვლიდან კი ბათუმშიც ჩაეშვება.

ქსენია: ასევე გვინდა, რომ ჩვენი Specialty ყავა ბიზნესღონისძიებებსა და შეხვედრებზე ჩვეულებრივი აპარატის ყავის ნაცვლად იყოს წარმოდგენილი. ამ შეთავაზებას „ერთი ყავა” უკვე ამზადებს. ეს მოიცავს ბიზნესშეხვედრაზე „ერთი ყავის” ბარისტას მომსახურებას, რომელიც სხვადასხვა სახის Specialty ყავას მოამზადებს და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზებს, რაც საქართველოში ღონისძიებების კულტურის ნაწილიც შეიძლება გახდეს.

ყველაფერი ამით არ სრულდება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის თემაზე – „როგორ გავხსნათ ყავის სახლი” ორი ონლაინკურსი უკვე ჩავატარეთ. ამის ლოგიკურ გაგრძელებად სხვადასხვა ქვეყანაში ყავის ტურების ორგანიზება მიგვაჩნია. ბიზნესტურები სხვადასხვა ქვეყანაში ყავის სფეროში მნიშვნელოვან მოვლენებზე დასწრებას, ასევე ამსტერდამის Specialty ყავის სახლების მონახულებას და სხვა აქტივობებს გააერთიანებს. 5-6-დღიანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე დაახლოებით 1000 დოლარი იქნება. ყავის ტურების ორგანიზებას კი მარტიდან დავიწყებთ.

ვფიქრობთ, ჩვენი გეგმაზომიერად გაწერილი მცირე თუ მსხვილი პროექტები განავითარებს Specialty ყავის ბაზარს და ქართული ბრენდი „ერთი ყავა“ როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ თავის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia