როგორ გამდიდრდა “ვოლმარტი”?

ჰიპერმარკეტების ქსელი “ვოლმარტი” მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა, 500 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით.

“ვოლმარტი” ქვეყანა რომ იყოს, შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზე იქნებოდა და უკან ჩამოიტოვებდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ბელგია, ავსტრია, ნორვეგია, ისრაელი, ირლანდია, დანია და ა.შ.

“ვოლმარტი” მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა, სადაც 2.2 მლნ ადამიანი მუშაობს. აქედან, 1.5 მლნ აშშ-ში, 0.7 მლნ კი სხვა ქვეყნებში ყავს დასაქმებული.

“ვოლმარტის” საკონტროლო პაკეტის მფლობელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახი - უოლტონების ოჯახია. ოჯახის წევრების ერთობლივი ქონება 190 მილიარდ დოლარს აღწევს.

1945 წელს, არკანზასის შტატ, ქალაქ ბენტოვილში მამისგან ნასესხები 20 ათასი დოლარით და პირადი 5 ათასი დოლარის დანაზოგით, 27 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა სემ უოლტონმა მაღაზიების ქსელის “ბენ ფრანკლინის” მაღაზია იყიდა. სემის მიზანი იყო მაღაზიიდან პროდუქცია რაც შეიძლება დაბალ ფასში გაეყიდა, დაბალი მოგების მარჟაზე ემუშავა და სანაცვლოდ გაყიდვების მოცულობა გაეზარდა. ამასთან, ის ცდილობდა მაღაზიაში პროდუქცია რაც შეიძლება დაბალი ფასის მქონე მიმწოდებლებისგან შემოეტანა. მაღაზიის შემოსავალი და ღირებულება სწრაფად იზრდებოდა, 5 წელიწადში უკვე 250 ათასი დოლარის შემოსავალი ჰქონდა.

სემს მაღაზიის ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული. იჯარის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდა და 1950 წელს ახალი მაღაზია გახსნა - “უოლტონსი”, რომელმაც ამ სახელწოდებით 1969 წლამდე იმუშავა. ამ დროისთვის უკვე არკანზასში 24 მაღაზია ჰქონდა გახსნილი და წლიურად 12 მლნ დოლარს ვაჭრობდა.

1969 წელს კომპანიას “ვოლმარტი” დაერქვა, მაღაზიების რაოდენობა 38-მდე გაიზარდა, შემოსავალი კი 44 მლნ დოლარამდე.

1970 წელს “ვოლმარტმა” ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციები გაყიდა. 1975 წლამდე აშშ-ის 8 შტატში გაიხსნა კომპანიის მაღაზიები, შემოსავალმა კი 340 მლნ დოლარს მიაღწია. 1987 წელს კომპანიას 1 200 მაღაზია ჰქონდა და 16 მილიარდის პროდუქციას ყიდდა.

1982-1988 წლებში სემ უოლტონი ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

1992 წელს სემი გარდაიცვალა. ამ დროისთვის “ვოლმარტის” შემოსავალი 50 მილიარდი დოლარი იყო, 2000-მდე მაღაზია ჰქონდა გახსნილი და 380 ათასი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. კომპანიის მართვა მისმა შვილმა რობ უოლტონმა გადაიბარა.

1991 წელს “ვოლმარტმა” მაღაზია მექსიკაში გახსნა. ეს იყო პირველი მაღაზია აშშ-ის გარეთ. მექსიკას მალე მოჰყვა კანადა, ბრაზილია, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

2002 წელს ვოლმარტის შემოსავალი უკვე 220 მილიარდი დოლარი იყო.

2007 წლამდე “ვოლმარტის” სლოგანი იყო “ყოველთვის დაბალი ფასები, ყოველთვის”. 2007 წლის რებრენდიგის შემდეგ ახალი სლოგანი გახდა “დაზოგე ფული, იცხოვრე უკეთესად”. 2009 წელს კომპანიის შემოსავალმა 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნახევარ მილიარდიან ზღვარს კი 2018 წელს მიაღწია.

დღეს “ვოლმარტს” მსოფლიოს 27 ქვეყანაში 11 300 მაღაზია აქვს. 2019 წელს დაახლოებით 520 მილიარდი დოლარის წლიურ შემოსავალს მიიღებს და 7 მილიარდ დოლარამდე მოგებას ნახავს.

დღეს უოლტონების ოჯახიდან ყველაზე მდიდარი სემ უოლტონის შვილი ჯიმ უოლტონია 53.5 მილიარდი დოლარით, რომელიც მსოფლიოში სიმდიდრით მე-15 ადამიანია. 53.2 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს მისი და ელის უოლტონი. 53.1 მილიარდი დოლარის ქონება აქვს სემის უფროს შვილს, ჯიმის და ელისის ძმას, რობი უოლტონს. 18.5 მილიარდი დოლარის ქონება აქვს სემის შვილიშვილს, ლუკას უოლტონს. 8.8 მილიარდი აქვს სემის კიდევ ერთი შვილის, ჯონ უოლტონის ქვრივს, ქრისტი უოლტონს. სემ უოლტონის ძმის შვილებს, ნენსი და ანა უოლტონებს 8 და 7 მილიარდი დოლარის ქონება აქვთ.

ბოლო პერიოდში ბევრი იწერება, თუ რა იყო “ვოლმარტის” წარმატების საიდუმლო და ძირითადად შემდეგი მიზეზები სახელდება:

  • დაბალი ფასები
  • მინიმალური საოპერაციო ხარჯები
  • ტექნოლოგიური განვითარება. მაგალითად, ერთ-ერთი პირველია ბარკოდების დანერგვაში
  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • პროდუქციის პირდაპირ მწარმოებლებისგან შესყიდვა
  • დასაქმებულების მოტივირება ბონუსებით

წინა სტატია

ყველა ყველას წინააღმდეგ
09 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

ფინანსური კრიზისების უარყოფითი ეფექტები
11 დეკემბერი, 2019
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker