"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა

2 (19)

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

იმპორტში ან ექსპორტში ძირითადად საქონლის იმპორტს ან ექსპორტს გულისხმობენ, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მომსახურების ექსპორტ-იმპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დღეს მსოფლიო ეკონომიკის 65%-მდე მომსახურების სექტორზე მოდის.

საქონლის იმპორტი მოიცავს ქვეყნის გარეთ წარმოებული პროდუქციის შემოტანას, რომლის აღრიცხვაც საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას ხდება. შედარებით რთული აღსარიცხავია მომსახურების იმპორტი. მაგალითად, შეიძლება საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფებოდეს და იქ მიიღოს მომსახურება – განათლება მიიღოს ან იმკურნალოს, რაც მომსახურების იმპორტად ითვლება.

იმპორტის სტატისტიკას როგორც ნომინალურ რიცხვებში, ასევე ეკონომიკასთან, მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) მიმართებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს. იმპორტის მოცულობის მშპ-თან ფარდობა გვაჩვენებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დამოკიდებული იმპორტზე, ანუ რა წილი უჭირავს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების მოხმარებას ეკონომიკაში.

თუ ქვეყანა იმპორტზე ძალიან არის დამოკიდებული, მაგრამ ექსპორტიც მაღალი აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია, პირიქით, დღეს ბევრი მდიდარი, განვითარებული ქვეყანა გამოირჩევა იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით. იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება მაშინ არის საფრთხის შემცველი, როდესაც ქვეყანა საგარეო ვალების, განსაკუთრებით, მთავრობის ვალის აღებით აფინანსებს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების შეძენას.

საქართველო იმპორტზე დამოკიდებულების რეიტინგში

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 170 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მეტად იმპორტზე 45 ქვეყანა იყო დამოკიდებული. 2022 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2022 წლის მშპ-ის 62.7%-ს შეადგენს. 2021 წელს საქართველო 43-ე ადგილს იკავებდა, იმპორტი მშპ-ის მიმართ 59.6% იყო. პანდემიამდე, 2019 წელს იმპორტის წილი საქართველოს მშპ-ში 63.8% იყო.

2023 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით რანჟირებული არ არის.

2022 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 37 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 9 მილიარდი ლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით 1.9 მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი – 12.7% მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (2022 წლის მიხედვით), 10% მოდის ნავთობპროდუქტებზე.

საქართველოს საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის მიმართ 2014 – 2022 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული იმპორტზე

მსოფლიო ბანკის მიხედვით, მსოფლიოში ყველზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, რომელიც უმდიდრესი ქვეყანაა. თუმცა ტოპ-10-ში შედარებით ღარიბი ქვეყნებიც ხვდებიან. მდიდარი ქვეყნების შემთხვევაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება ეკონომიკაში სპეციალიზაციის მაღალი დონით არის გამოწვეული, ანუ იმპორტთან ერთად ექსპორტიც მაღალია. ღარიბი ქვეყნები კი შიდა წარმოების განუვითარებლობის გამო არიან იმპორტზე ძალიან დამოკიდებულები.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა (2022 წელი): სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 51%-ია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 74-ე ადგილზეა, თურქეთის მშპ-ის 43%-ია და 98-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის მშპ-ის 37%-ია და 140-ე ადგილზეა, რუსეთის მშპ-ის 15.6%-ია და 166-ე ადგილზეა.

2022 წლის მონაცემებით, მსოფლიოში იმპორტზე ყველაზე ნაკლებ სუდანი იყო დამოკიდებული – 1.1%-ით. შემდეგ მოდის თურქმენეთი 12.5%-ით და აშშ 14.6%-ით. ნომინალურ გამოსახულებაში აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 2022 წელს 3.2 ტრილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაგრამ რადგან მისი ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარი იყო, იმპორტი ეკონომიკის მიმართ დაბალი გამოდის.

საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2022 წელი

 ქვეყანაიმპორტი მშპ-ის მიმართ, %
1ლუქსემბურგი177
2ჯიბუტი171
3მალტა153
4სინგაპური150
5სეიშელის კუნძულები122
6ნაურუ114
7სლოვაკეთი105
8ლესოტო101
9ბელგია97
10ირლანდია97

წყარო: მსოფლიო ბანკი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა