როგორ გამდიდრდა ჯეკ მა?

ჩინელი ბიზნესმენის ჯეკ მას ქონება 44 მილიარდი აშშ დოლარია და ჩინეთში სიმდიდრით მეორე ადამიანია, მსოფლიოში კი მე-19.

ჯეკ მა (ნამდვილი სახელია მა იუნი) 1964 წელს ჩინეთის ქალაქ ჰანჩოუში დაიბადა, ღარიბი მუსიკოსების ოჯახში, მაო ძედუნის დიქტატურის პერიოდში. თუმცა ბავშობიდან ძალიან მიზანდასახული იყო და მოახერხა ინგლისური ესწავლა, რაშიც მის ქალაქში მდებარე სასტუმროს პერსონალთან საუბარი ეხმარებოდა. 17 წლისამ იმდენად კარგად იცოდა ინგლისური, რომ გიდად მუშაობდა.

ჯეკ მას უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდა. მეოთხე ცდაზე დაძლია გამოცდები და მშობლიური ქალაქის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც 1988 წელს დაასრულა ინგლისური ენის სპეციალისტის პროფესიით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის ლექტორი გახდა, ასწავლიდა ინგლისურს და საერთაშორისო ვაჭრობას. ხელფასი თვეში 15 დოლარი ჰქონდა. ამ პერიოდში მან 10-ჯერ სცადა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ არც ერთხელ არ მიიღეს.

1995 წელს ჯეკს აშშ-ში მოგზაურობა მოუწია, როგორც თარჯიმანს და აქ ნახა პირველად ინტერნეტი. როგორც მოგვიანებით თავად გვიამბო, პირველი რაც გააკეთა ინტერნეტში, იყო საძიებო სისტემაში სიტყვა “ლუდის“ ჩაწერა და გაოცდა, როცა სხვა ქვეყნების ლუდებთან ერთად, ჩინეთზე არაფერი აჩვენა და ზოგადად, ჩინეთზე ძალიან მწირი ინფორმაცია იყო ინტერნეტში. ამავე წელს მან თავის მეგობართან, სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელთან ერთად პირველი ინტერნეტ საიტი შექმნა chinapages.com, რომლითაც 3 წელიწადში 800 ათასი დოლარი გამოიმუშავეს. მას არასდროს დაუწერია პროგრამული კოდები, ის პროცესების მმართველი იყო.

1999 წელს ჯეკ მამ 17 მეგობარი დაპატიჟა სახლში და ახალი საიტის შესახებ იდეა გააცნო. თან სთხოვა მათ, ფინანსურად დახამრებოდნენ. საიტის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩინური პროდუქციის ექსპორტიორებს შეძლებოდათ მყიდველებისთვის პროდუქციის მიწოდება. ასე შეიქმნა დღეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანია “ალიბაბა“.

შექმნიდან რამდენიმე თვეში “ალიბაბამ“ ინვესტიციები მიიღო: 5 მლნ დოლარი “გოლდმან საქსისგან“ და 20 მლნ დოლარი “სოფტ ბანკისგან“. ჯეკ მა მთავარ კონკურენტად “იბეის“ თვლიდა, განსაკუთრებით ჩინეთის ბაზარზე. 2003 წელს “იბეიმ“ შესთავაზა ჯეკს “ალიბაბა“ მისთვის მიეყიდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. 2005 წელს “ალიბაბას“ 40% “იაჰუმ“ იყიდა, რაშიც 1 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა.

ჩინეთის ეკონომიკურმა განვითარებამ და მსოფლიოში ინტერნეტიზაციის და ინტერნეტ-მარკეტინგის სწრაფმა პროგრესმა “ალიბაბას“ პოპულარობა, როლი და შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.

2014 წელს “ალიბაბამ“ რეკორდულად მაღალი ღირებულების - 25 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანიის კაპიტალიზაცია კი 150 მილიარდ დოლარად შეფასდა. ჯეკ მას წილი 25 მილიარდი დოლარი იყო და იმ დროისთვის ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

2016 წელს, ვალენტინობას, 24 საათის განმავლობაში “ალიბაბაზე“ 18 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიყიდა.

2018 წელს ჯეკ მამ “ალიბაბას“ დირექტორის პოსტი დატოვა და გადაწყვიტა მუშაობას ნაკლები დრო დაუთმოს. მისი აზრით, ადამიანმა მთელი ცხოვრება მუშაობას არ უნდა დაუთმოს და ცხოვრებით უნდა დატკბეს. მან საქველმოქმედო ფონდი დაარსა და აპირებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოს, განსაკუთრებით განათლების დაფინანსების კუთხით.

წინა სტატია

“მიუნხენ უბერ ალეს”!!!
17 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

სამედიცინო ბაზრის მორალური რისკი
19 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker