როგორ გამდიდრდა კომპანია “DHL“?

2019 წელს “Deutsche Post DHL Group“-ის შემოსავალმა 63 მილიარდი ევრო შეადგინა, მოგებამ კი 4 მილიარდი ევრო. კომპანიის აქტივები 50 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 55 მილიარდი ევროა. დასაქმებული ჰყავს 380 ათასი ადამიანი. კომპანია წელიწადში 1.5 მილიარდ ამანათს გზავნის.

1969 წელს, სან ფრანცისკოში ედრიან დელსიმ, ლარი ჰილბლომმა და რობერტ ლინმა კარიდან-კარამდე გადაზიდვების კომპანია დაარსეს, რომელსაც თავიანთი გვარების პირველი ასოების მიხედვით “DHL“ დაარქვეს. კომპანიის დაარსებამდე, სამივეს საქმიანობა საფოსტო მომსახურებასთან და გადაზიდვებთან იყო დაკავშირებული. თავიდან “DHL“ ჰონოლულუსა და ლოს ანჯელეს შორის წერილების და საბუთების გადატანით იყო დაკავებული. ედრიან დელსს და ლარი ჰილბლომს თავად მიჰქონდათ საბუთები თვითმფრინავის მეშვეობით. მანამდე კი საკუთარი ავტომობილით აკითხავდნენ სახლში საბუთების გაგზავნის მსურველებს. მათი უპირატესობა სისწრაფეში იყო. მათ ერთ-ერთმა პირველებმა გამოიყენეს თავიანთ ბიზნესში კორპორატიული საკრედიტო ბარათი. როდესაც შეკვეთებს ვეღარ აუდიოდნენ, თანდათან კურიერების აყვანა დაიწყეს.

იმდენად სწრაფად იზრდებოდა მოთხოვნა “DHL“-ის მომსახურებაზე, რომ 2 წელიწადში აშშ-ის ტერიტორიაზე სწრაფად გაფართოვდა და 1971 წელს კომპანიამ საერთაშორისო გზავნილების განხორციელება დაიწყო. პირველი ქვეყანა იყო ფილიპინები. 1972 წელს, ოფისები გახსნა ჰონგ კონგში, სინგაპურსა და იაპონიაში. 1973 წელს აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებშიც შევიდა. ამ დროისთვის 315 ადამიანი ჰყავდა უკვე დასაქმებული. მისმა მთავარმა კონკურენტმა “ფედექსმა“ საერთაშორისო ოფისები 1981 წელს გახსნა.

1974 წელს, “DHL“ ევროპაშიც გამოჩნდა, კერძოდ ლონდონში. ერთ წელიწადში ლონდონს მოჰყვა ამსტერდამი და პარიზი. ის გახდა გადაზიდვების პირველი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც ოფისი გახსნა შუა აღმოსავლეთში, ირანის დედაქალაქ თეირანში.1976 წლიდან კი “DHL“ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში შევიდა.

1977 წელს, კომპანიამ წერილებთან ერთად მცირე ზომის ამანათების მიწოდებაც დაიწყო. 1978 წელს, ნიგერია გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, სადაც “DHL“ შევიდა.

დაარსებიდან 10 წლის თავზე, კომპანიას უკვე 360 მომსახურების ცენტრი ჰქონდა, რომლებიც 85 ათას კლიენტს ემსახურებოდნენ. 1980 წელს, “DHL“ ჩინეთშიც შევიდა. 1984 წელს კი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო მომსახურების განხორციელება.

1989 წელს გზავნილის ადგილმდებარეობის კონტროლის სისტემა დანერგა. მომხმარებელს შეეძლო გაეგო, სად იმყოფებოდა მისი გზავნილი.

1998-2002 წლებში, კომპანია “DHL“-ის წილები თანდათან “გერმანიის ფოსტამ“ შეისყიდა და დღემდე მისი საკუთრებაა. აღნიშნული შესყიდვის შემდეგ კომპანიის სავაჭრო სახელი  “Deutsche Post DHL Group“ გახდა, რომლის 21%-ს გერმანიის მთავრობა ფლობს, ხოლო 79% კერძო ინვესტორებს აქვთ განაწილებული.

2000 წლიდან “DHL“-ის მომსახურების გამოყენება სატელეფონი ესემეს-ებით და ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. 2001 წლიდან კომპანიის რებრედინგი განხორციელდა, მისი ფერები თეთღის და შინდისფერის ნაცვლად ყვითელი და წითელი გახდა.

“გერმანიის ფოსტამ“ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო “DHL“-ში და კომპანიამ ზრდა განაგრძო. 2006 წელს კომპანიამ აგერთიანებული სამეფოს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მომსახურების ტენდერში გაიმარჯვა და 600 საავადმყოფოსთვის მომსახურების გაწევაზე გაუფორმეს 1.6 მილიარდი ფუტი სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი. 2007 წელს კომპანიამ 11 ბოინგი შეისყიდა.

2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს “DHL“-საც მოუხდა ნაწილი თანამშრომლების დათხოვნა და ზარალი განიცადა, მაგრამ 2011 წლიდან მისმა შემოსავლებმა ისევ ზრდა განაგრძო. დღეს “DHL“ არის მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში. ჰყავს 76 ათასი სატვირთო ავტომობილი და ემსახურება 420 თვითმფრინავი. მსოფლიოს მასშტაბით 6 500 ოფისი აქვს გახსნილი.

როგორც თავიდან, დაარსების პირველ წლებში,“DHL“-ის უპირატესობა დღესაც სისწრაფე, ხარისხი და სანდოობაა.

წინა სტატია

დისტანციური განათლების გამოწვევები და პერსპექტივა
28 October, 2020

შემდეგი სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
30 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker