როგორ გამდიდრდა “ოპელი“?

2017 წლიდან კომპანია “ოპელი“ ფრანგული კომპანია “Groupe PSA“-ის საკუთრებაა, რომელიც ასევე ფლობს “პეჟოს“, “სიტროეს“ და “ვოქსჰოლის“ ბრენდებს. 2019 წელს “Groupe PSA“-ის შემოსავალმა 75 მილიარდი ევრო შეადგინა, საიდანაც 20 მილიარდ ევრომდე “ოპელზე“ მოდიოდა. “ოპელი“ წლიურად მილიონ ავტომობილზე მეტს ყიდის. დასაქმებული ჰყავს 37 ათასი ადამიანი.

კომპანია “ოპელი“ 1862 წელს გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში ადამ ოპელმა დაარსა, იგი საკერავი მანქანების წარმოებით იყო დაინტერესებული. კომპანიის დაარსებამდე, საფრანგეთში იმყოფებოდა და რამდენიმე წელი სწავლობდა საკერავი მანქანების ტექნიკურ მხარეებს და მუშაობის პრინციპებს. პირველი საკერავი მანქანა 1868 წელს, ხოლო 1870 წელს კი იმ დროისთვის ცნობილი მოდელი “სოფია“ გამოუშვა, რომელსაც სახელი ცოლის საპატივცემულოდ დაარქვა. მე-19 საუკუნის ბოლოს წლიურად ნახევარ მილიონ საკერავ მანქანას ყიდდა.

1886 წლიდან “ოპელმა“ ველოსიპედების წარმოება დაიწყო. მის შვილები ველომრბოლელები იყვნენ და “ოპელის“ მარკის ველოსიპედით ტურნირებს იგებდნენ. 1895 წელს, როდესაც ადამ ოპელი გარდაიცვალა, კომპანია საკერავი მანქანების და ველოსიპედების ბაზარზე ლიდერი იყო.

ადამ ოპელის ბიზნესი მისმა ცოლმა, სოფია ოპელმა გააგრძელა და 1898 წელს პირველი ავტომობილის დიზაინი თავად შეიმუშავა. ფრანგ ავტოინჟინერ ფრიდრიხ ლუცმანთან თანამშრომლობით პირველი ავტომობილი 1899 წელს გამოუშვა. თუმცა, პირველი მცდელობა წარმატებული არ აღმოჩნდა. 1901 წელს თანამშრომლობა დაიწყო ფრანგულ კომპანიასთან  “Automobiles Darracq France“ და ახალი ბრენდის “Opel Darracq“-ის წარმოება დაიწყო. 1907 წლიდან “ოპელმა“ დამოუკიდებლად დაიწყო ავტომობილების წარმოება და ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. “ოპელის“ ახალი მოდელი საკმაოდ ძლიერი და გამძლე იყო და ორჯერ უფრო იაფი ღირდა, ვიდრე სხვა ბრენდების ე.წ. “Luxury“ მოდელები. 1910 წელს “ოპელის“ წილმა გერმანიის საავტომობილო ბაზარზე 13%-ს მიაღწია. პირველი მსოფლიო ომის დროს სატვირთო ავტომობილებს აწარმოებდა ჯარისთვის.

1924 წლისთვის “ოპელი“ გერმანიის ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი გახდა, წელიწადში 4 ათასამდე ავტომობილს ყიდდა. მისი ავტომობილები საშუალო ფენისთვისაც ხელმისაწვდომი იყო და ფუფუნების ნაცვლად, მანქანა ტრანსპორტირების საშუალებად აქცია. 1928 წელს უკვე გერმანიის ბაზრის 38% ეკავა და პირველ ადგილზე იყო გერმანიიდან ავტომობილების ექსპორტშიც.

კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია 1929 წელი, როდესაც ამერიკულმა კომპანია “ჯენერალ მოტორსმა“ “ოპელის“ აქციების 80% იყიდა, ხოლო 1931 წლისთვის 100%, ანუ სრულად იყიდა კომპანია. “ოპელის“ გაყიდვის მიზეზი 1928 წელს გერმანიაში დაწყებული მძაფრი ეკონომიკური კრიზისი იყო (“დიდი დეპრესია“). “ჯენერალ მოტორსმა“ “ოპელი“ 33 მლნ დოლარად შეიძინა. 1935 წლიდან “ჯენერალ მოტორსმა“ “ოპელის“ ახალი ქარხნების გახსნა დაიწყო და ამავე დროს გააფართოვა ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ში, ჩინეთში და იაპონიაში “ოპელის“ წარმომადგენლობები გახსნა. “ოპელი“ გახდა პირველი გერმანული კომპანია, რომელიც წელიწადში 100 ათას ავტომობილს აწარმოებდა. 1937 წლიდან “ოპელმა“ ველოსიპედების წარმოება შეწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომის გამო 1940 წლიდან ამერიკული მენეჯმენტის გადაწყვეტილებით “ოპელმა“ წარმოება შეწყვიტა, თუმცა 1942 წლიდან გერმანიამ ოპელის ქარხნების გამოყენება დაიწყო საბრძოლო თვითმფრინავების და ტანკების საწარმოებლად. 1944-45 წლებში კომპანიის ქარხნები თითქმის ბოლომდე განადგურდა, თუმცა მეორე მსოფლიოს ომის დასრულებისთანავე “ჯენერალ მოტორსი“ მათ აღდგენას შეუდგა და 1948 წლიდან მანქანების გამოშვება განაახლა.

1950-იან წლებში “ოპელმა“ რამდენიმე ახალი მოდელი გამოუშვა, ყველაზე წარამტებული “Olympia Rekord“ იყო. 1960-იანი წლების დასაწყისში კი “კადეტი“, რომელიც 1973 წლამდე 2.6 მლნ ერთეული გაიყიდა. ამ დროისთვის “ოპელს“ გერმანიის ბაზრის 20% ეკავა. 1975 წელს კი კიდევ ერთი წარმატებული მოდელი “ვოქსჰოლი“ გამოუშვა.

1986 წელს შექმნა ახალი მოდელი “ომეგა“, ხოლო 1988 წელს “ვექტრა“, რომლებიც მალევე გახდნენ პოპულარულები. 1990 წელს გამოვიდა “კალიბრა“, ხოლო 1991-ში “ასტრა“. 2008 წლამდე კომპანიის გაყიდვები წარამტებით მიდიოდა, მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრიზისი მასაც მტკივნეულად შეეხო. მას გარკვეული დახმარება გერმანიის მთავრობამ გაუწია. თავის მხრივ, 2010 წელს “ჯენერალ მოტორსმა“ “ოპელში“ 11 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო. თუმცა, “ოპელმა“ მოგებაზე გასვლა ვერ მოახერხა და 2017 წელა “ჯენერალ მოტორსი“-სგან ის “Groupe PSA“-მა იყიდა 2.2 მილიარდ ევროდ. 2018 წელს, 10 წლიანი ზარალის შემდეგ, “ოპელმა“ ერთ მილიარდ დოლარამდე წლიური მოგება მიიღო.

წინა სტატია

Elevator Pitch
24 December, 2020

შემდეგი სტატია

საჯარო სექტორში დასაქმების ზრდის ეფექტი
25 December, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker