"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

20 წელი ავღანეთში: დაუსრულებელი მისია

პეტრიაშვილი

თითქმის 20 წლის წინ, როდესაც კოალიციური ჯარები ავღანეთში შედიოდნენ, პირველი რიგის ამოცანას ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაედას და მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის განადგურება წარმოადგენდა. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ამოცანა ნაწილობრივ შესრულდა: ამერიკული სპეციალური დანიშნულების ძალებმა ბინ ლადენის ადგილსამყოფელს მიაგნეს და მისი ლიკვიდაციის ოპერაციაც წარმატებით განახორციელეს. ბინ ლადენის გარდა კიდევ არაერთი უაღრესად გავლენიანი ტერორისტი გამოესალმა სიცოცხლეს და ალ-ქაედაც,  როგორც ორგანიზაცია, საგრძნობლად დასუსტდა. დიახ, დასუსტდა, მაგრამ არ განადგურდა.

ამასობაში, კიდევ ერთი ტერორისტული ორგანიზაცია „დაეში“, ხალხში აისის-ის სახელით უფრო ცნობილი, გადაიქცა საფრთხედ და პრობლემად გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. საერთო ძალისხმევით სირიაში მათ წინააღმდეგ ბრძოლამ არსებით შედეგებს მიაღწია. მისი ავღანური განშტოებაც დაზიანდა, დასუსტდა, მაგრამ არ განადგურდა.

2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის დროს ავღანეთს თალიბები მართავდნენ. გარდა იმისა, რომ თავად ავღანეთის მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, უმძიმესი ფუნდამენტალისტური წნეხის ქვეშ უწევდა ცხოვრება, თალიბები ანადგურებდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე ყველაფერს, რაც მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილს წარმოადგენდა. ასე რომ, გარდა ბინ ლადენის პოვნის და ლიკვიდაციისა, კოალიციური ძალების წინაშე იდგა ავღანური ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა, რომელიც უფრო „ჩრდილოეთ ალიანსის“ სახელით იყო ცნობილი და რომელსაც ლეგენდარული საველე მეთაური აჰმად შაჰ მასუდი ხელმძღვანელობდა. მართალია, თავად შაჰ მასუდი მასზე თავდასხმას ემსხვერპლა, მაგრამ ჩრდილოეთის ალიანსმა, ნატოს ძალების მხარდაჭერით შეძლო თალიბების დამარცხება და მათი ხელისუფლებიდან განდევნა. თალიბანი მნიშვნელოვნად დასუსტდა, მაგრამ არ განადგურდა.

მაშინ, 2001 წლის შემოდგომაზე, როდესაც ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე და ასიათასობით სამხედროს გზავნიდა, ძალიან ცოტა თუ ფიქრობდა ტერორიზმთან ბრძოლის გარდა ავღანეთის სახელმწიფოს აღმშენებლობასა და განვითარებაზე. თუმცა ეს მისია ძალიან მალე გახდა ალიანსისა და მათი პარტნიორების ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტი. კარგად მახსოვს ის წლები, როდესაც, როგორც საქართველოს ელჩი, ვიზიტით ჩავდიოდი ავღანეთში და ვხედავდი გახარებულ ბავშვებს, განსაკუთრებით გოგოებს, რომლებიც სკოლაში იწყებდნენ სიარულს. ქალთა უფლებების კუთხით ძალიან ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც პირველი ნაბიჯები იდგმებოდა.

გადიოდა წლები, შენდებოდა სკოლები, საავადმყოფოები და გზები, მიიღებოდა კანონები, მოკლედ, ჩნდებოდა ცივილიზებული სახელმწიფოს რეალური ნიშნები, მაგრამ თავდაპირველად თალიბანი და ალ-ქაედა, შემდგომ წლებში კი უკვე აისისი არათუ ბრძოლაზე უარს ამბობდნენ, არამედ პირიქით, დღითიდღე ძლიერდებოდნენ. მათთან ბრძოლაში იღუპებოდნენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ავღანეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების და კოალიციური ძალების, მათ შორის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები. ტერორისტულ აქტებს ყოველდღიურ რეჟიმში ეწირებოდა როგორც ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ავღანეთში მოქმედი ათასობით საერთაშორისო კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომელი.

ექსტრემისტები, განსაკუთრებით თალიბანი სულ უფრო ძლიერდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში იყო მრავალასეულათასიანი საერთაშორისო კონტინგენტი და რამდენიმე ასეული ათასი ავღანელი სამხედრო მოსამსახურე, წარმატებით იმტკიცებდნენ პოზიციებს, რაც ბრძოლებში წარმატებასთან ერთად კონკრეტულ ავღანურ პროვინციებსა და რეგიონებში დე ფაქტო კონტროლის დაწესებასაც გულისხმობდა.

რაც უნდა წმინდა იყოს მისია, რომლისთვისაც პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებას საკუთარი ქვეყნის შვილების საზღვარგარეთ საბრძოლველად გაგზავნის თაობაზე, წლების შემდეგ, როდესაც ბრძოლებში დაღუპული სამხედროების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ძლიერდება ანტისაომარი განწყობები და საზოგადოება ითხოვს უცხოური სამხედრო მისიების დასრულებას მიუხედავად იმისა, მისიის წინაშე დასახული ამოცანები შესრულებულია თუ არა. წინა პლანზე გამოდის ფინანსები და არჩევნები, რაც, დამერწმუნეთ, გადამწყვეტ გავლენას ახდენს საერთაშორისო მისიების მიზნებზე, ამოცანებზე და მათი მოქმედების ხანგრძლივობაზე.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, წინასაარჩევნოდ პირობა დადო, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ყოფნას დაასრულებდა. ობამასგან განსხვავებით, ტრამპი ძალიან კონკრეტულ ქმედებაზე გადავიდა, რაც თალიბანთან შეთანხმებით დასრულდა. საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის გაყვანასთან ერთად შეთანხმება გულისხმობდა ავღანეთის ხელისუფლების მიერ ათასობით დაკავებული თალიბის გათავისუფლებას. ორად ორი რამ, რის ვალდებულებასაც საპასუხოდ თალიბანი იღებდა, იყო დათქმულ ვადაში საერთაშორისო სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და მათ მიერ ტყვედ აყვანილი ავღანეთის სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლება. თუმცა, თალიბანმა და მით უმეტეს არც ალ-ქაედამ და აისისმა არათუ არ შეაჩერეს, არამედ პირიქით, გააქტიურეს საბრძოლო მოქმედებები და ტერორისტული თავდასხმები ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ.

ასე მოვედით ნატო-ს გადაწყვეტილებამდე 2021 წლის 11 სექტემბერს ავღანეთში სამხედრო მისიის დასრულების შესახებ. „მოვედით ერთად! გავდივართ ერთად!“ – ასეთი იყო ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგი, სადაც პირველად პრეზიდენტის რანგში აშშ-ს ჯოზეფ ბაიდენი წარმოადგენდა. სამიტის გამართვის მომენტისთვის ამერიკული კონტინგენტი ავღანეთში ისედაც საგრძნობლად იყო შემცირებული, კერძოდ 100 ათასიდან 7500-მდე იყო ჩამოსული და გაყვანის პროცესიც ინტენსიურად მიმდინარეობდა. თუმცა პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დარჩენილი 3000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც არა მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დატოვებს ქვეყანას, არამედ 30 ივლისს აშშ-ის კონტინგენტი პრაქტიკულად სრულად იქნება გაყვანილი. მხოლოდ 600-მდე ამერიკელი დარჩება ქაბულში აშშ-ის საელჩოს დაცვის, ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნაში დახმარებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით.

როგორც ცნობილი გახდა, ბრიტანეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მცირედი ნაწილი ასევე დარჩება ავღანეთში.

ამასობაში, თალიბები იკავებენ ქვეყნის მასშტაბით პროვინციებს, რეგიონებსა და სოფლებს. სხვადასხვა შეფასებით, ისინი ქვეყნის 70%-დან 85%-მდე აკონტროლებენ. ავღანეთის რეგულარული ძალების წარმომადგენლები ყრიან იარაღს, ნებდებიან თალიბანს ან მასობრივად გადადიან მეზობელ ტაჯიკეთში, უზბეკეთსა თუ თურქმენეთში. ქვეყნიდან გარბიან მოქალაქეებიც, რომელთაც არა აქვთ მოქმედი ხელისუფლების იმედი და კატეგორიულად არ სურთ თალიბანის მმართველობის ქვეშ ქვეყანაში დარჩენა. განსაკუთრებული საფრთხე ექმნებათ იმ ავღანელებს, რომლებიც  უშუალოდ მუშაობდნენ საერთაშორისო კოალიციურ ძალებთან თარჯიმნებად, მძღოლებად და დამხმარე პერსონალად. აშშ-მ კი აიღო ბოლო ვალდებულება, იზრუნოს მათი ქვეყნიდან გაყვანაზე, მაგრამ თავად ავღანელები შიშობენ, რომ ვიდრე პროცედურები დაიწყება და ისინი შეძლებენ ქვეყნის დატოვებას, თალიბები მოვლენ ხელისუფლებაში და მათ და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან. არ არის გამორიცხული, ქვეყანა დატოვოს ავღანეთის მოქმედმა ხელისუფლებამაც. ვის ვის და, მათ ნამდვილად ვერავინ მისცემს ხელშეუხებლობის გარანტიას.

ვფიქრობ, არ არსებობს დღეს არც ავღანეთში და არც მის ფარგლებს გარეთ ადამიანი, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ თალიბები ხელისუფლებაში ძალიან მალე დაბრუნდებიან. ასე ფიქრობენ არა მხოლოდ აშშ-სა და ევროპაში. ახლა, როდესაც ნატოს კონტინგენტი პრაქტიკულად გასულია ავღანეთიდან, გავლენების განმტკიცების, აღდგენისა თუ დამყარების მიზნით ნაბიჯებს დგამენ ირანი, პაკისტანი, თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. მათ ყველას თავისი მიზანი ამოძრავებს, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს სულაც არ დაემთხვეს. თუმცა ეს ქვეყნები მაინც უფრო ადვილად შეძლებენ ავღანეთში საერთო ენის გამონახვას როგორც ერთმანეთთან, ისე მომავალ თალიბანის ხელისუფლებასთან. საერთო ენის პოვნასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ამის გაკეთება გაუჭირდებათ თალიბებს ალ-ქაედასა და აისისთან. ამასთან, ამ უკანასკნელთ თუ აქამდე საერთაშორისო კოალიციასთან უწევდათ ბრძოლა, ახლა შესაძლოა მოუწიოს თალიბებთან, აგრეთვე, თურქეთის რეგულარული ძალებისა თუ დაქირავებული მებრძოლების, რუსული ვაგნერის სამხედრო კომპანიის დაქირავებული მკვლელებისა თუ ჩინეთის სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ.

ასე რომ, ბრძოლა ავღანეთში ძალაუფლებისა და გავლენებისთვის გრძელდება და ახალ ფაზაში გადადის.

20 წელი გავიდა ავღანეთში სამხედრო მისიის დაწყებიდან. ამ დროის მდგომარეობით, 3.6 მილიონი ავღანელი გოგო დადის სკოლაში, ავღანეთის საკანონმდებლო ორგანოში  მანდატების მეოთხედი ქალებს აქვთ, მეტ-ნაკლები წარმატებით სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ჩრდილოეთში ვაჭრობისა და ეკონომიკის ნიშნები გაჩნდა. შეიძლება კიდევ იყოს რამდენიმე შედეგი, რომლებსაც  წარმატებად ჩავთვლიდით, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ და დასკვნის სახით ვიტყვი: მისია დაუსრულებელია.

გააზიარე