„ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (MCERC) დამფუძნებელი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე.“

ლექSOSთვის!

ლექSOSთვის!

ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ ჩვენს მიძინებულ ქვეყანაში მედიამ განგაშის ზარი შემოჰკრა. თვალებიდან არ ამომდის ამ ამბის ჭირისუფლის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიერ ლექსოს დატირება პირდაპირ ეთერში და მინდა თანადგომა გამოვხატო ყველა კოლეგის მიმართ, ვინც ამ დღეებში ტირის და გლოვობს. ამის პარალელურად კი ვხედავ ცინიზმით სავსე განცხადებებს, რომლებიც მოკლული ოპერატორის გარდაცვალების მიზეზებზე კეთდება და ბრაზი მემატება.

სანამ იმ რეალობას ბოლომდე გავაცნობიერებთ, რომ ლექსო აღარაა, ნამდვილად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ლეგიტიმური ბრაზი და მერე უნდა ვიმოქმედოთ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ლექსოს მკვლელობამ ქართული მედია უნდა შეცვალოს, მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს და გააძლიეროს. მანამდე კი, ამ ამბის ჭირისუფლები ვუყურებთ, მედიაში როგორ (გა)შუქდება მისი მკვლელობის დამახინჯებული ვერსიები. დღე, როცა ეს მოხდა, შსს-ის ბრიფინგზე, სპიკერის სახეზე ამოვიკითხე, რომ ადამიანი შესაძლოა ისე დეგრადირდეს, რომ ამ გზაზე არაფერმა შეაჩეროს. ცოტა მეშინია კიდეც ადამიანების ფსკერზე ასე დაშვების დაჯერება, რადგან ვიცი, რომ მიმბაძველებიც ჰყავთ და მიმდევრებიც.

ლუციფერის ეფექტი

სანამ ცნობილი ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო უპასუხებდა კითხვას, თუ როდის და რატომ იწყებენ კარგი ადამიანები ცუდი საქმეების კეთებას, მან ჩაატარა საეტაპო, მაგრამ შემდგომში, არაეთიკურობის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული კვლევა. 1971 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შენობაში იმიტირებული ციხე მოაწყო, სადაც კვლევაში მონაწილე მოხალისეები/სტუდენტები გადაანაწილა „პატიმრებად“ და „ბადრაგებად“. ექსპერიმენტი ექვს დღეში დაიხურა, რადგან რამდენიმე დღეში მონაწილეებმა, რომლებსაც „ბადრაგების“ როლი ერგოთ, „პატიმრებისადმი“ არაადამიანური მოპყრობა დაიწყეს. ზიმბარდომ დაასკვნა, რომ მის ექსპერიმენტში „ბადრაგები“ ინსტინქტურად ავლენდნენ სადისტურ და ავტორიტარულ ქცევებს. მოგვიანებით გავრცელდა ექსპერიმენტში მონაწილე, სისასტიკით გამორჩეულ, „ბადრაგთან“ ინტერვიუ, სადაც ის გულწრფელად ცდილობდა აეხსნა, რომ სინამდვილეში კარგი ადამიანი იყო და თავადაც ვერ გაეგო, თუ რა დაემართა.

2004 წელს, აბუ-გრეიბის ციხეში გადაღებული პატიმრების წამების კადრების ნახვის შემდეგ, ზიმბარდო შეძრა იმან, რომ ნამდვილი ბადრაგების ქცევები ძალიან ჰგავდა მის ექსპერიმენტში, იმიტირებულ ციხეში ვითომ-ბადრაგების ქცევებს. 2007 წელს მან გამოსცა საეტაპო ნაშრომი „ლუციფერის ეფექტი: რატომ იქცევიან კარგი ადამიანები ეშმაკებად“. ამ წიგნმა პასუხი ბევრ კითხვას გასცა და ახალი კითხვებიც გააჩინა. ზიმბარდომ ნაწილობრივ ახსნა, თუ რატომ ხდებიან ადამიანები სასტიკები და მეცნიერებმა მის კვლევებზე დაყრდნობით ივარაუდეს, თუ რა დაემართათ მათ, ვინც ფაშისტური რეჟიმის დროს ენით აღუწერელ სიბოროტეს სჩადიოდა. პასუხი ერთი იყო: მათ არავინ აჩერებდა! არავინ იყო, ვინც აუკრძალავდა მათ სასტიკ მოპყრობას, არავინ იყო, ვინც გააფრთხილებდა, რომ ასე მოქცევა დაუშვებელი და დასჯადია.

პუტინის ეფექტი

ჩვენთან ექსპერიმენტს უკვე წლებია, კრემლი ატარებს. ძალადობა წახალისებულია. წესები და კანონები გაუქმებულია. ციხის კადრები ხან დადგმულია, ხან კი ქუჩაშია გადმოტანილი. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ ამაზე უარესს ვეღარაფერს მოიფიქრებენ, მაგრამ ყოველ ჯერზე მაოცებენ. მაოგნებენ, ერთ დროს, ჩემი წარმოდგენით „კარგი ადამიანებიც“, რომლებიც ახლა იტყუებიან, მლიქვნელობენ, ფარისევლობენ, „აპრავებენ“ და ამისგან, შესაძლოა ფინანსურს არა, მაგრამ ემოციურ კმაყოფილებას იღებენ.

ლექსო ლაშქარავას როცა ფიზიკურად გაუსწორდნენ, ბევრი აღშფოთდა და ცოტამაც „მაგრამ“ მოაყოლა აღშფოთებას. ლექსო როცა მოკლეს, მეგონა, რომ ეს „მაგრამ“ გაქრებოდა. სულ ტყუილად მეგონა. იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ციხეა, სადაც კრემლის ექსპერიმენტი ჯერ კიდევ გრძელდება და ოპერატორი მოკვდა იმიტომ, რომ ეშმაკის დადგმული ძალადობა არავინ შეაჩერა. პირიქით, „მაგრამ“ მოქექეს და ყველაზე უზნეო ფორმით შემოგვაჩეჩეს. აუცილებელია, ვინმემ განგაში ატეხოს, შეაჩეროს ეს საშინელი „ექსპერიმენტი“. და ეს შეიძლება მედიამ გააკეთოს. უფრო სწორედ, ეს მედიამ უნდა გააკეთოს!

პირველ რიგში, ლექსSOSთვის!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin