"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

3+3: ძნელი, მაგრამ... კატეგორიულად მიუღებელი!!!

3+3: ძნელი, მაგრამ… კატეგორიულად მიუღებელი!!!

მოდი, დავიწყოთ…. ლოგიკით.

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებაში მშვენივრად ხვდებიან, რომ 3+3-ის ფორმატში შესაძლო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობაც კი საქართველოსთვის ძალიან სერიოზული საფრთხეების და რისკების შემცველი იქნება. ყველა სხვა პოტენციურ პროექტს რომ თავი გავანებოთ, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, ჩეჩნეთის მიმართულებით საავტომობილო გზის მშენებლობა და ამოქმედება გაცილებით უფრო დიდ საფრთხეებთან და რისკებთან არის დაკავშირებული, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებლის მომტანი.

ცხადია, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე ძალიან კარგად უწყის, რომ ე.წ. ოფიციალური ანკარის ინიციატივის უკან რეალურად ჩვენდამი მტრულად განწყობილი, ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე შემოჭრილი მოსკოვი და მისი გეოპოლიტიკური ინტერესები დგას.

ცხადია, რომ რუსეთიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება ამ ფორმატის შესაქმნელად.

ცხადია, რომ საქართველოსთან მისი მეგობარი და მეზობელი თურქეთიც აქტიურად მუშაობს, რომ ე.წ. ანკარის ინიციატივა რეალობად იქცეს. თურქეთს თავისი ინტერესები აქვს, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია და საერთოდ არ მაქვს ილუზია, რომ საკუთარი ინტერესების რეალიზებისას რომელიმე ქვეყანა სხვისი ინტერესების გათვალისწინების ხარჯზე უკან დაიხევს. არ ხდება ასე. დიდ პოლიტიკაში ინტერესებია მხოლოდ მუდმივი და არა მეგობრები.

მეორე ომმა მთიან ყარაბაღში, აშშ-ისა და კოალიციური ჯარების ქაოსურმა გასვლამ ავღანეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში პოზიციების თვალსაჩინო ცვლილებამ ძალიან ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენს რეგიონში ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები დაწყებულია და შეუქცევადად განვითარდება. პირდაპირ ვთქვათ: არსებობს რეალური საფრთხე, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ისედაც განელებული ინტერესი კიდევ უფრო შემცირდეს. ეს მით უმეტეს უფრო სწრაფად მოხდება, თუკი რეგიონის ქვეყნები, კერძოდ საქართველო, თავად მოახდენს დემონსტრირებას, რომ მათ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებში სულ სხვა ვექტორებს ენიჭება უპირატესობა.

ჩემი აზრით, 3+3 ფორმულა უფრო პირობითია, ვიდრე რეალობის ამსახველი. სინამდვილეში ამ ფორმატის უფრო ზუსტი ფორმულირება 2+2+2 იქნებოდა.

რუსეთ-ირანის ღერძი, მათი ენერგეტიკული რესურსებით, რუსეთის არსებული ბირთვული არსენალით და ირანის ბირთვული პოტენციალით, და რაც ყველაზე მთავარია, მკვეთრად გამოხატული ანტიამერიკული პოზიციებით ამ ფორმატში ძალიან ბევრის განმსაზღვრელი და გადამწყვეტი იქნება.

თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სიმჭიდროვეზე ყარაბაღის მეორე ომის დროს კიდევ ერთხელ შეგვექმნა ძალიან მკაფიო წარმოდგენა და მას შემდეგაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შესაძლებლობა, დავრწმუნდეთ ამ ორი ქვეყნის ჭეშმარიტად სტრატეგიულ სამოკავშირეო ურთიერთობებში. ირან-აზერბაიჯანის ბოლო პერიოდის დაძაბულობის დროს თურქეთის მხრიდან სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება ასევე ყველაფერზე ძალიან ნათლად მეტყველებს.

საქართველო და სომხეთი – ორი ქვეყანა, რომელსაც არც ბუნებრივი რესურსები აქვს, არც სრულყოფილი და თანამედროვე თავდაცვითი შესაძლებლობები და არც მრავალმილიარდიანი უცხოური ინვესტიციები. რაც ნამდვილად აქვს, ცხადია, ჩვენს შემთხვევაში ოკუპანტის სტატუსით და სომხეთის შემთხვევაში იძულების წესით, არის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი რუსული ბაზები. ჩვენს ურთიერთობებს თურქეთთან არცერთ შემთხვევაში არ დავაკნინებ და ვერც იმ მხარდაჭერას დავუკარგავ, რომელსაც საქართველო იღებს პოლიტიკურად თურქეთისგან ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის საკითხში, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გასაგები მიზეზების გამო საქართველო-თურქეთის ურთიერთობები ხარისხობრივად განსხვავდება თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსისგან. სომხეთს რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის „მასპინძლობა“ უწევს, მისი სტრატეგიული ობიექტების პრაქტიკულად 100% რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. ამას დავუმატოთ ყარაბაღის მეორე ომში განცდილი მწარე მარცხი და ამ მარცხში „მეგობარი“ რუსეთის როლი და მისი მდგომარეობის ნამდვილად აღარავის შეშურდება.

ამ 2+2+2 ფორმატში არსად ჩანს და არც არასდროს იქნება ჩვენი ორი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ისა და ევროკავშირის ადგილი. შეიძლება აშშ ბირთვულ შეთანხმებასაც დაუბრუნდეს, შესაძლოა სანქციებიც შერბილდეს და ეკონომიკური ურთიერთობებიც ირანსა და ევროკავშირს შორის ისევ გაცოცხლდეს, მაგრამ ეს ფორმატი თავისი არსით ანტიდასავლურია და თუკი რამეს ისახავს მიზნად, პირველ რიგში აშშ-სა და ევროკავშირის რეგიონიდან ამოძირკვას. ბოლო წლებში განვითარებული პროცესების ფონზე, ჩემდა სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს შეუძლებელია და რუსეთ-ირანისთვის ეს ოცნება მიუღწეველი თუ აუხდენელია.

აშშ-თურქეთის ურთიერთობებისთვის ჩვენც არაერთი სტატია მიგვიძღვნია და ისედაც, საქმეში ჩახედული ყველა ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ერთი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ორი ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები, წლებია, სერიოზულ სირთულეებს განიცდის; რომ წლებია, თურქეთი რეგიონში დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს (შესაძლოა, აშშ-ის მდუმარე თანხმობითაც) და რომ თურქეთი თავად გადაწყვეტს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიღმა რომელი ფორმატი შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს.

ცხადია, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ვაშინგტონიდან იქნება სიგნალები, ღიაც და დახურულიც, ამ ფორმატის მიუღებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ავღანეთში ომის დასრულებამ მკაფიო გახადა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიცია: ჩვენ თქვენ მაგივრად არ გადავწყვეტთ, სად უნდა იყოთ, ვისთან უნდა იმეგობროთ და როგორი ქვეყანა უნდა იყოთ. საქართველოსთან მიმართებით ძალიან ლოგიკური შეკითხვა დასვა გამოცდილმა ამერიკელმა დიპლომატმა დენიელ ფრიდმა: „თქვენ უნდა გადაწყვიტოთ – სად გინდათ იყოთ 10 წლის შემდეგ?!“

ასე და ამგვარად, ძალიან ბევრი რამ ცხადზე ცხადია: 3+3 ფორმატში საქართველოს (არ მოვერიდები ამ სიტყვას) „შეთრევის“ შემთხვევაში:

  • საქართველოს და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ძალიან დიდი და ღრმა ნაპრალი გაჩნდება;
  • საქართველო პრაქტიკულად პირისპირ აღმოჩნდება მის ყველაზე დიდ და ერთადერთ მტერთან – რუსეთთან;
  • ფორმატში ჩვენს როლს უფრო „საბრალო ნათესავის“, სხვისთვის გეოპოლიტიკური პროექტებისთვის საჭირო ტერიტორიის ფუნქცია მიენიჭება, ვიდრე ღირსეული და თანასწორუფლებიანი პარტნიორის, რაშიც საქართველოს ხელისუფლება გვარწმუნებს.

დასასრულ, ისევ ორიოდ სიტყვით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე: საქართველომ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, აშშ-ის უმნიშვნელოვანესი ჩართულობით, შეძლო სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული პროექტების რეალიზება. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას: რომ არა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენები, იმ 20% ოკუპირებული საქართველოსგანაც კი ძალიან ცოტა რამ დარჩებოდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე.

ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ ოკუპანტ რუსეთთან სრულიად წაგებიან და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ფორმატებში „შეთრევის“ გარეშეც შესაძლებელია როგორც თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ისე ირანთან და სომხეთთან ერთად ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება, ხოლო 3+3 ფორმატში „შეთრევით“ პრაქტიკულად დასამარდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების ეგზისტენციალური მნიშვნელობის მიზანი.

ასე რომ: 3+3 ფორმატში საქართველოს წარმოდგენაც კი არათუ ძნელი, არამედ შეუძლებელია და კატეგორიულად მიუღებელია!

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin