"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

FOCUS MOKUS AUKUS: ახალი ნატო ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში?!

FOCUS MOKUS AUKUS: ახალი ნატო ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში?!

15 სექტემბერს ახალი, სამმხრივი, აშშ-ავსტრალია-დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პაქტი – AUKUS-ი გაფორმდა. ავღანეთიდან დრამატული ევაკუაციის შემდეგ ბევრისთვის მოულოდნელად გაფორმებულმა ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გადაიტანა დიპლომატიური, პოლიტიკური და საექსპერტო წრეების ფოკუსი აზიის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე. ექსპერტების ნაწილის მიერ ის უმალ მოინათლა ახალ ნატო-დ ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. ნატო-მდეც მივალთ და კონკრეტულად მისი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრის – საფრანგეთის უმძაფრეს რეაქციამდეც, თუმცა მანამდე უმჯობესია გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს თავად აუკუს-ი.

აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ათწლეულების შემდეგ პირველად მიიღეს გადაწყვეტილება, გაუზიარონ ბირთვული ტექნოლოგიები მესამე ქვეყანას – ავსტრალიას. სტრატეგიული შეთანხების თანახმად, აშშ მიაწვდის ავსტრალიას მაღალგამდიდრებულ ურანს და დიდ ბრიტანეთთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობაში. გარდა ამისა, სამი ქვეყანა გააღრმავებს თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

არც თავად დოკუმენტში და არც ერთობლივი ვირტუალური სამმხრივი სამიტის დროს გაკეთებულ განცხადებებში პირდაპირ დასახელებული არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რომ ეს პაქტი გაფორმდა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ამბიციების დასაბალანსებლად და მისგან მომავალი შესაძლო საფრთხის შესაკავებლად. ჩინეთის რეაქცია რომ მძაფრი იქნებოდა, მოულოდნელობას ნამდვილად არავისთვის წარმოადგენდა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა შანხაის ორგანიზაციის სამიტზე ღიად განაცხადა, რომ ყოვლად დაუშვებელია რეგიონში უცხო ქვეყნის სამხედრო ყოფნის გაძლიერება და რომ რეგიონის ქვეყნები მტკიცედ უნდა აღუდგნენ გარე ძალების რეგიონის საქმეებში ჩარევას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით კი ეს შეთანხმება არის ცივი ომის ეპოქის მენტალიტეტის გამოხატულება და არავის არაფერ კარგს არ მოუტანს.

ცხადია, საინტერესო იყო, რა რეაქცია ექნებოდათ რეგიონის სხვა ქვეყნებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი მიესალმა სამ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, თუმცა საკითხის კომენტირებისას მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ახალი ზელანდიის პოზიცია მის ტერიტორიულ წყლებში ბირთვული მცურავი საშუალებების არდაშვების შესახებ უცვლელი რჩება.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად მიესალმა ამ შეთანხმების გაფორმებას. იაპონია ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში და მასთან ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები აქვს. მოსალოდნელია, რომ მომავალში იაპონია ასევე განიხილავს აუკუს-თან მიერთების შესაძლებლობას, თუმცა მას აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ვალდებულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ. ექსპერტების შეფასებით, იაპონიას უფრო მეტი ინტერესი აქვს სხვა მრავალმხრივ ფორმატთან მიერთების მიმართ. „ხუთი თვალი“ – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია სწორედ ამ დასახელების ფორმატში თანამშრომლობენ სადაზვერვო და უსაფრთხოების სფეროებში. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ღიად გამოხატა სურვილი ამ ფორმატში მიერთებასთან დაკავშირებით, რასაც მალევე მოჰყვა წევრი ქვეყნების მხრიდან პოზიტიური სიგნალები.

ოფიციალური ნიუ-დელი დუმილით შეხვდა ახალი სამმხრივი შეთანხმების გაფორმებას, თუმცა მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი სიახლე ნამდვილად არ ყოფილა. 2+2 ფორმატით ვაშინგტონში ვიზიტამდე, ავსტრალიის საგარეო და თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ ინდოელ კოლეგებს ნიუ-დელიში, ხოლო გამოცხადების დღეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი ტელეფონით ესაუბრა ინდოელ კოლეგა ნარენდრა მოდის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ს ინდოეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა.

იაპონია და ინდოეთი აშშ-სთან და ავსტრალიასთან სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფორმატშიც აქტიურად თანამშრომლობენ. QUAD, ანუ „ოთხეულის“ პირველი პირები 24 სექტემბერს, პანდემიის დაწყებიდან პირველად იკრიბებიან პირისპირ თეთრ სახლში. ცხადია, მათი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩინეთის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

ზემოთ ჩამოთვლილ ფორმატებს თუ ერთიანობაში შევხედავთ, ძალიან მკაფიო ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ძალისხმევას ანტიჩინური კოალიციის შექმნის მიმართულებით. ჩინეთის პოლიტიკის გამკაცრებამ ტაივანის წინააღმდეგ, მისმა აქტიურობამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგადად ჩინეთის გლობალურმა ამბიციებმა აშშ-ის წინაშე ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა მთავარი სტრატეგიული ხაზი მომავალი წლების განმავლობაში. გარეგნულად ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს, ვიფიქროთ, რომ მსოფლიო ახალი ცივი ომის მიჯნაზეა, თუმცა..  არცერთ ქვეყანას, ვინც ზემოხსენებულ ფორმატებში თანამშრომლობს აშშ-თან, ისევე როგორც ევროკავშირს, ისევე როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებს და, რაც მთავარია, ისევე როგორც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ჩინეთთან ცივი ომის დაწყება და მასში მონაწილეობა. ეკონომიკა და საბაზრო ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, განმსაზღვრელიც კი არის ასეთი გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით. ეს ძალიან კარგად იცის თავად ჩინეთმაც. ამიტომაც, სულაც არ იყო დამთხვევა, რომ აუკუს-ის პაქტის გამოცხადების მომდევნო დღეს ჩინეთმა გააკეთა ოფიციალური განაცხადი კიდევ ერთ მრავალმხრივ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიერთებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის მიერ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გაფორმებული ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან (TPP) გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იაპონიის თაოსნობით შედგა მოლაპარაკებები და გაფორმდა ახალი, ყოვლისმომცველი და პროგრესული ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმება (CPTPP). ამ შეთანხმებას იაპონიასთან ერთად ხელი კიდევ ათმა ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის: ავსტრალიამ, ახალმა ზელანდიამ, კანადამ, ჩილემ, მექსიკამ, პერუმ, ბრუნეიმ, ვიეტნამმა, სინგაპურმა და მალაიზიამ. სწორედ ამ შეთანხმებაზე მიერთებასთან დაკავშირებით ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ჯერ ოფიციალური განაცხადი გაუგზავნა ავსტრალიელ კოლეგას, შემდეგ კი ტელეფონითაც ესაუბრა.  ეს ნაბიჯები ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ჩინეთს სწრაფად და უპრობლემოდ მიიღებენ ამ გაერთიანებაში, თუმცა ჩინეთი რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მიზნის მისაღწევად, ცხადია.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი ბირთვული სახელმწიფოს – აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის,  ჩინეთისა და რუსეთის, აგრეთვე ინდოეთის შემდეგ ავსტრალია გახდება მეშვიდე ქვეყანა, რომელსაც ეყოლება ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტი. ეს გადაწყვეტილება ავსტრალიისთვის ნამდვილად ისტორიულია და თაობებით განსაზღვრავს მის მომავალ სტრატეგიულ სამოკავშირეო ურთიერთობებს აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან, მაგრამ…

ავსტრალიამ ასევე კარგა ხნით მნიშვნელოვნად გაიუარესა ურთიერთობები საფრანგეთთან. 2016 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მრავალმილიარდიანი (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, კონტრაქტის ღირებულება 55 მილიარდ ევროს შეადგენს) შეთანხმების თანახმად, ფრანგულ „ნეივალ გრუპს“ (Naval Group) ავსტრალიისთვის 12 წყალქვეშა ნავი უნდა აეშენებინა. ამ ხელშეკრულების მაღალ ფასთან დაკავშირებით უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქმულა ავსტრალიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ბოლო პერიოდში კი საერთოდ სერიოზული შეფერხებები წარმოიშვა კონტრაქტის რეალიზების მხრივ. ამ დროს აუკუს-ის პაქტით ავსტრალიას ეყოლება უფრო სწრაფი, უფრო კარგად აღჭურვილი, უფრო კარგად მანევრირებადი, უფრო რთულად აღმოსაჩენი და წყალქვეშ უფრო ხანგრძლივი ოპერირების რესურსის მქონე წყალქვეშა ნავები. ავსტრალიის მოქალაქეებს, ცხადია, დამატებითი გადასახადების გადახდა მოუწევთ  იმ ჯარიმისთვის, რომელიც ავსტრალიას დაეკისრება შეთანხმების შეწყვეტის გამო, მაგრამ, რაც მთავარია, ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობები ხანგრძლივად გაფუჭდება და ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე აისახება.

ავსტრალიის გარდა, საფრანგეთს ურთიერთობები სერიოზულად დაეძაბა ნატოელ მოკავშირეებთან – აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ივ ლე დრიანმა უმკაცრესად გააკრიტიკა შეთანხმება, გამოიძახა კონსულტაციებზე სამი ქვეყნიდან ელჩები და ვაშინგტონში დაგეგმილი ტრადიციული მიღება გააუქმა.

ჩინეთთან მიმართებით არჩეული სტრატეგიის გამო ჯოზეფ ბაიდენს დონალდ ტრამპ 2.0-ს ისედაც უწოდებდნენ, მაგრამ ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირებით მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ მას ეს მეტსახელი   აშკარად უფრო მეტად და დიდი ხნით დაუმკვიდრა.

ახლა ისევ გააქტიურდება ევროპის სტრატეგიული ავტონომიის თემა; ახლა ისევ დაიწყება საუბარი საკუთარი, აშშ-გან დამოუკიდებელი ერთიანი, ევროპული თავდაცვის ძალების შექმნის აუცილებლობაზე და ისევ გაძლიერდება საუბრები, რომ ევროპა მარტოა და მას აშშ-ის იმედი ვეღარ ექნება. ვნახოთ…

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყოველწლიური გაერო-ს გენერალური ასამბლეა წელს განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს. ნიუ-იორკში კიდევ ბევრი სიახლე იქნება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ:

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin