4 დღე შრომა, 3 დღე დასვენება - შრომითი რევოლუცია მსოფლიოში?

ანა2

ხშირად ისმის კითხვები სამუშაო კვირის შემცირების შესახებ: შეცვლის 4-დღიანი სამუშაო კვირა მსოფლიოს? დასრულდა 5-დღიანი სამუშაო კვირის ეპოქა? იმუშავე ნაკლები, იცხოვრე მეტი – არის თუ არა 4-დღიანი სამუშაო კვირა მსოფლიოს მომავალი? 4-დღიანი სამუშაო კვირა – ანუ პროდუქტიულობა გადაწვის გარეშე? 4-დღიანი სამუშაო კვირა, როგორც პროდუქტიულობის გაზრდის საშუალება? იმუშავე ჭკვიანურად, 4 დღეში? 4-დღიანი სამუშაო კვირა მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად? როგორ იძლევა 4-დღიანი სამუშაო კვირა დიდ შედეგებს?

მსოფლიო კარგა ხანია, მსჯელობს, როგორ გახადოს შრომითი გარემო ჰუმანურობაზე ორიენტირებული, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია და არა პროცესი. შრომითი ურთიერთობების ფონზე მომატებულმა მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებმა, ასევე, შედეგების ანალიზმა, რომ კვირის განმავლობაში დასაქმებულები სხვადასხვა ენერგიით/მოტივაციით/ეფექტიანობით მუშაობენ, ამასთან, დასაქმებულთა შორის თაობათა ხასიათის ქცევითმა განსხვავებებმა დააფიქრა ბიზნესიც: ხომ არ იქნება უფრო მეტად რაციონალური, ადამიანები შრომით ურთიერთობაში დატვირთონ იმ დროით, რა დროითაც ისინი რეალურად ეფექტიანები არიან დამსაქმებლისთვის. ბიზნესები დაფიქრდნენ, სამუშაო კვირის შემცირება ხომ არ იძლევა ფინანსების რაციონალურად მიმართვის შესაძლებლობას, ხომ არ იქნება სამუშაო კვირის შემცირება ფინანსური კუთხითაც სასარგებლო?

მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება განსაზღვრავს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების კულტურასა და ბიზნესის სიმწიფეს. სწორედ ამიტომ გიზიარებთ რიგ სტრატეგიულ საკითხებს, რომელთა გარეშე შეუძლებელი იქნება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, რაც მრავალმხრივ სასიკეთო უნდა იყოს როგორც დასაქმებულის, ასევე დამსაქმებლისათვის და საზოგადოებისთვისაც, ვინც არის პროდუქტისა თუ მომსახურების მომხმარებელი/საბოლოო ადრესატი. სხვა შემთხვევაში, გადაწყვეტილება ვერ გაუძლებს კოლექტიურ წნეხს და დარჩება აღუსრულებელი.

სტრატეგიული გააზრებები:

  • ბიზნესის საფიქრალი
  1. რა არის 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის მიზანი? – პროდუქტიულობის ზრდა, დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ტალანტების მოზიდვა?
  2. რა არის მიზნის მიღწევის საშუალება – 40-საათიანი სამუშაო კვირის 32 სამუშაო კვირაზე დაყვანა ანუ სამუშაო საათების 8 საათით შემცირება? თუ თითოეული სამუშაო დღის მოცულობის გაზრდა, ანუ 8 საათის ნაცვლად 10 საათი? თუ დამატებითი კადრების მოზიდვა?
  • სამუშაო დატვირთვა და პროდუქტიულობა
  1. შესაძლებელია, იგივე სამუშაო 4 დღეში შესრულდეს?
  2. შესაძლებელია, გარკვეული ამოცანები ავტომატიზებული გავხადოთ? შესაძლებელია რომელიმე ამოცანაზე უარის თქმა?
  3. ვზომავთ ახლა დასაქმებულის პროდუქტიულობას? მაგალითად, 1 კონკრეტულ პოზიციაზე აუცილებელი მინიმუმის მოცულობა დათვლილი არის თუ არა დროში და შედარებული ფაქტობრივ მოცემულობასთან, რათა განისაზღვროს, ეფექტიანად ხდება სამუშაო ფუნქციების განხორციელება თუ არა.
  • მომხმარებლების/საბოლოო ადრესატების მოლოდინი
  1. მოახდენს თუ არა გავლენას შემცირებული ხელმისაწვდომობა მომხმარებელზე?
  2. შესაძლებელია თუ არა კლიენტისათვის ისევ 5-დღიანი სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ – დასაქმებულთა გუნდების ცვლებში მუშაობით? ან სხვადასხვა გრაფიკით/მონაცვლეობით მუშაობით?
  • გრაფიკის მოდელები
  1. შემცირებული საათების მოდელი კვირაში 5 დღე 8 საათის ნაცვლად, კვირაში 4 დღე 8 საათი?
  2. შემცირებული სამუშაო დღე, გაზრდილი სამუშაო საათის ხარჯზე? ოთხი სამუშაო დღე 10 საათი?
  3. შეეხება მთელ კომპანიას, თუ გარკვეული დეპარტამენტებისთვის ეს შეუძლებელია?
  • საპილოტე პროექტები
  1. შესაძლებელია 3-6-თვიანი საპილოტე სატესტო პერიოდით დაწყება, სადაც მნიშვნელოვანია უკუკავშირის მიღება;
  2. საჭიროა ანალიზის სისტემის შექმნა – რამდენ დასაქმებულზე მოახდინა დადებითი გავლენა, იზრდება თუ არა ეფექტიანობა, ხელმისაწვდომია თუ არა პროდუქტი/სერვისი საბოლოო მომხმარებლისთვის უკეთესი ხარისხით ან, სულ მცირე, იმავე ხარისხით.
  • დასაქმებულებთან კომუნიკაცია
  1. დამსაქმებელმა დასაქმებულთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, ჯერ კიდევ იდეის ფორმირება/დახვეწის ეტაპზე;
  2. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობა – მიზნების, მიზეზების, მოლოდინის, პროცესის წარმართვის თაობაზე.
  • იურიდიული საკითხები
  1. უნდა იქნას უზრუნველყოფილი კანონმდებლობასთან შესაბამისობა ახალი რეგულაციების მიღებამდე;
  2. შესატანი იქნება ცვლილებები ინდივიდუალურ და კოლექტიურ ხელშეკრულებებში.
  • ხელფასი
  1. შეინარჩუნებს დასაქმებული იმავე ხელფასს?
  2. შეინარჩუნებს დასაქმებული საშვებულებო პერიოდზე იმავე მიდგომას?
  • პროცესის სრულყოფა
  1. გამოსაყენებელია ტექნოლოგიები, თანამედროვე ინსტრუმენტები;
  2. ოპტიმიზაცია სჭირდება შეხვედრების, თათბირებისა და შიდა კომუნიკაციის ვადებს/ხანგრძლივობას;
  3. გადასამზადებელია გუნდები დროის მენეჯმენტსა და პროდუქტიულობაში.
  • ანალიზის მექანიზმები
  1. რეგულარული უკუკავშირი;
  2. ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი.

 

შეჯამება

როგორც ჩანს, არც ისე მარტივი პროცესია, თუ გვინდა რეალური სიკეთე მივიღოთ. მნიშვნელოვანია მოსამზადებელი სამუშაოების ეფექტიანად წარმართვა, რათა შედეგად პოზიტიურ ცვლილებებს მივაღწიოთ. უნდა ვიყოთ მზად, რომ მივუბრუნდეთ სტანდარტულ მოდელს ან გამოვიყენოთ მონაცემები მოდელის გასაუმჯობესებლად. ხაზგასასმელია, რომ შესაბამისი კონსულტაციების, მათ შორის იურიდიული მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა ნეგატიური შედეგები მივიღოთ.

 

საავტორო სვეტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს ავტორის პირად შეხედულებას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

ანა სამსონია - ECOVIS GEORGIA-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ადვოკატი, კოლექტიური დავის მედიატორი

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა