"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

აღმოსავლური „ხლართები“ ანუ ამბავი ესე „ქინგ ბიბის“ და აღმოსავლელი პრინცების მისვლა-მოსვლისა

1426

აღმოსავლური „ხლართები“ ანუ ამბავი ესე „ქინგ ბიბის“ და აღმოსავლელი პრინცების მისვლა-მოსვლისა

ვიდრე მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები და მათი გაერთიანებები, კომუნისტური მმართველობები და ავტორიტარული რეჟიმები ვაქცინურ ომებსა თუ დიპლომატიურ ჭიდილში არიან ჩაბმული, ახლო აღმოსავლეთი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და რეგიონული თუ გლობალური მნიშვნელობის საკითხებში ძალიან კონკრეტულ სვლებს აკეთებს.

ძალიან საინტერესოდ მიდის პროცესები ახლო აღმოსავლეთში. ისეთი ხლართებია, რომ ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებს, დიპლომატებსა და ექსპერტებს, ბესტსელერებისა თუ სერიალის ავტორებსაც კი საკმაოდ გაუჭირდებათ კვანძის გახსნა.

დავიწყოთ ვაქცინაციაში მსოფლიო ჩემპიონის – ისრაელის ბოლოდროინდელი სვლებით და მოქმედებებით. პირველ რიგში უპრიანია აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღეში, უფრო ზუსტად კი 23 მარტს ისრაელში კვლავ გაიმართება ვადამდელი არჩევნები (აღარავის უკვირს ალბათ J). ასეთია დემოკრატია ისრაელში – ახლო აღმოსავლეთის ფაქტობრივად ერთადერთ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისევ იბრძვის გამარჯვებისთვის; იბრძვის რამდენიმე ფრონტზე – იბრძვის სასამართლოში, იბრძვის რეგიონში, იბრძვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დამდგარ ახალ რეალობაში. მე არ ვიცი, ვის მოგწონთ და ვის არა; მე არ ვიცი, როგორ დასრულდება მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული სასამართლო, მაგრამ ის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და თავდადებული მებრძოლი, ჩემში პირადად ეს უაღრესად დადებით ემოციებს და მისდამი დიდ პატივისცემას იწვევს.

ბოლო დღეებში თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. მასობრივმა ვაქცინაციამ შედეგი გამოიღო – ბოლო 5 თვეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელიც დაიდო; უახლოეს პერიოდში პრემიერმა ნეთანიაჰუმ კიდევ ათეულობით მილიონი დოზა ფაიზერის ვაქცინის შემოტანის ამბიციური პირობა დადო; უსაფრთხოების მიმართულებითაც პრემიერს პოზიტიური სიახლეები ჰქონდა – მართალია, არ დაუდასტურებიათ, მაგრამ სანდო წყაროებიდან ცნობილია, რომ ირანულ ტანკერებს, რომელთაც სირიისთვის ნავთობი გადაჰქონდათ, საზღვაო ნაღმების მეშვეობით დარტყმა სწორედ ისრაელმა მიაყენა. დამეთანხმებით, წინასაარჩევნოდ არცთუ ისე ცუდი ამბავია კამპანიის ყულაბაში.

მართალია, იყო უსიამოვნო ამბებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან, რომელმაც პალესტინის ავტონომიის მოთხოვნის საფუძველზე დასაშვებად ცნო საქმეების აღძვრა ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ისრაელი არ არის ამ სასამართლოს წევრი-ქვეყანა და, შესაბამისად, არც აღიარებს მის გადაწყვეტილებას, თუმცა მისმა დიპლომატიამ, როგორც ყოველთვის, აქტიურად და ეფექტიანად იმუშავა – აშშ-ის, გერმანიის, უნგრეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებმა არალეგიტიმურად მიიჩნიეს ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, ასეთი საქმეები თუ აღიძვრება კიდეც, ისრაელს უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება მსოფლიოში, ვიდრე მოწინააღმდეგე.

მით უმეტეს, რომ ისრაელმა, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის აქტიური შუამავლობით ისტორიული, ე.წ. აბრაჰამსის შეთანხმებები გააფორმა არაბული სამყაროს გავლენიან წევრებთან – არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ბაჰრეინთან, მაროკოსთან და სუდანთან. რა თქმა უნდა, ესეც პირდაპირ „ბიბის“ აქტივში ჩაიწერა.

განხორციელდა პირველი კომერციული ფრენები; გაიხსნა ცა ისეთ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც სულ რაღაც 5 წლის წინ ისრაელის კომერციული თვითმფრინავის გამოჩენა ფანტასტიკის ჟანრიდან იქნებოდა. ცხადია, საუდის არაბეთი მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

დღე-დღეზე მზადდებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური და მართლაც რომ ისტორიული ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, იმავე პერიოდში აბუ-დაბიში „მოულოდნელად“ შეიძლება გამოჩენილიყო საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი. ამ უკანასკნელს ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად მისდის საქმეები საერთაშორისო ასპარეზზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგჯის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით. ახალი, დემოკრატიული ადმინისტრაციაც არ სწყალობს მაინცდამაინც მემკვიდრე პრინცს და ღიად აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ვიზავი საუდის არაბეთში მოქმედი მეფეა და არა მემკვიდრე პრინცი. სხვათა შორის, არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა საუდის არაბეთის „მომავლის“ ზღვისპირა ქალაქ ნეომში, სადაც შეხვდა კიდეც მუჰამედ ბინ სალმანს. ვიზიტის დადასტურებაში ისრაელის წყაროები უფრო აქტიურობდნენ, ხოლო საუდელები კატეგორიულად უარყოფდნენ, თუმცა ამ უკანასკნელთა ე.წ. „უორდინგი“ ისრაელის მიმართ შესამჩნევად შერბილებული და, შეიძლება ითქვას, გაკეთილშობილებულიც იყო.

მოკლედ, ყველაფერი მზად იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს ამირთა მემკვიდრე პრინცთან მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან შეხვედრისთვის, მაგრამ..

ცა ჩაიკეტა; ამჯერად პრემიერ-მინისტრის სამთავრობო თვითმფრინავისთვის იორდანიის ცა ჩაიკეტა. არადა, იორდანია ყველაზე პირველი იყო, ვინც არაბული სამყაროდან ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. რა მოხდა ასეთი?

საქმე ისაა, რომ კიდევ ერთი მემკვიდრე პრინცი, ამჯერად იორდანიისა, მისი აღმატებულება პრინცი ჰუსეინი გეგმავდა აღმოსავლეთ იერუსალიმში განთავსებული ისტორიული მეჩეთის ალ-აქსას მოლოცვას. თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში გაიზარდა პრინც ჰუსეინის თანმხლები უსაფრთხოების ოფიცრების რაოდენობა, რაზეც უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ ისრაელის შესაბამის სამსახურებს. საბოლოო ჯამში, იორდანიის მემკვიდრე პრინცი ალ-აქსას აღარ ეწვია, ოფიციალურმა ამანმა კი „ქინგ ბიბისთვის“ ჰაერი „გადაკეტა“.

იერუსალიმი და აბუ-დაბი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განიხილავდნენ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ახალ შესაძლო თარიღს. გულწრფელად გითხრათ, ჩემთვის ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ბანალური მიზეზის – თანმხლები დაცვის ოფიცრების რაოდენობის გამო ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩაშლილიყო, თუმცა აღმოსავლეთი იმიტომაცაა აღმოსავლეთი, რომ თავისი ამბებით და ისტორიებით გაგვაკვირვოს და დაგვაფიქროს.

ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ვიზიტი ადრე თუ გვიან მაინც შედგება; მთავარია, ისრაელის პრემიერ-მინისტრის რანგში ვინ იქნება. ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებისთვის უაღრესად დაძაბულია. ბოლო კვლევების მიხედვით, ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ კარგავს მხარდამჭერებს და ამ არჩევნებში (2 წელიწადში რიგით მეოთხე!!!) მისი პარტია 35-ის ნაცვლად 28 ადგილს მიიღებს, მის მოკავშირე პარტიებთან ერთობლიობაში კი – 59-ს, რაც 2-ით ნაკლებია მთავრობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ 61 მანდატზე. კიდევ უფრო უარესად აქვს საქმე ერთ დროს ნეთანიჰუს მთავარ კონკურენტს, გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, გაერთიანება „ლურჯები და თეთრების“ ლიდერს 61 წლის ბენი განცს. ნეთანიაჰუსთან კოალიციაში შესვლამ  მისი პოპულარობა ფაქტობრივად გააცამტვერა და ახლა ნაცვლად 33-ისა, მან შეიძლება ოდენ 5-6 მანდატი მიიღოს.

ვნახოთ. არჩევნებამდე 8 დღეა. ამაზე უარესი სიტუაციებიდან მოუნახავს გამოსავალი „ქინგ ბიბის“ – ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ პრემიერ-მინისტრს (ერთობლიობაში 14 წელი – ცოტა ნამდვილად არ არის) ვფიქრობ, ის მაინც ეწვევა აბუ-დაბის, და არა მხოლოდ..

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin