"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

სუსხით სავსე სპარინგი ალასკაში

პეტრიაშვილი - WEb

მოლოდინი იმისა, რომ ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში შეხვედრა აშშ-სა და ჩინეთის უმაღლესი რანგის დიპლომატებს შორის თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლიდა, ნამდვილად არავის ჰქონდა. ურთიერთდამოკიდებულება ჯერ კიდევ ამ შეხვედრამდე საკმაო ხნით ადრე არაერთხელ გამოხატეს როგორც აშშ-ის, ისე ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ენტონი ბლინკენმა შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონში საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ჩინეთი შეაფასა, როგორც „21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური გამოცდა“. მისივე თქმით, აშშ-ს აქვს პრობლემები რუსეთთან, ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ასევე უნდა გაუმკლავდეს მწვავე კრიზისებს იემენში, ეთიოპიასა და მიანმარში, მაგრამ…

„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შესწევს ძალა, საკუთარი ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით შეარყიოს სტაბილური და ღია საერთაშორისო სისტემა“.

ნათქვამია, ეშმაკი დეტალებშიაო. ერთ-ერთი ასეთი დეტალი ანკორიჯში შეხვედრის სტატუსი იყო, რომლის განსაზღვრაც შეხვედრის მიმართ დამოკიდებულებას ძალიან მკაფიოდ გამოხატავდა. ამერიკული მხარე მიიჩნევდა, რომ ეს იყო ერთჯერადი შეხვედრა, ხოლო ჩინელები მას სტრატეგიულ დიალოგად აღიქვამდნენ. . როგორც შემდგომში შეხვედრიდან გაირკვა, ამერიკული მხარის მიდგომა უფრო რეალისტური იყო.

სუსხიან ალასკაში სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი წარმოადგენდა, ხოლო ჩინეთის მხრიდან მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი და კომუნისტური პარტიის უმაღლესი რანგის დიპლომატი, პოლიტბიუროს წევრი (კომპარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანი – სერიოზული ფიგურაა ჩკპ-ში!!!) იან ძეიჩი.

პრინციპში, სპარინგი პირველივე წუთებიდან დაიწყო. მსოფლიოში დაწესებული პროტოკოლის თანახმად, შეხვედრის დასაწყისში მედიისთვის განცხადებები რამდენიმე წუთს გრძელდება. ჩინურმა მხარემ ეს წესი მნიშვნელოვნად „შეცვალა“. მათი გამოსვლების ხანგრძლივობის გამო მედიის მონაწილეობით შეხვედრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ცხადია, ეს საშინაო მოხმარებისთვის გამიზნული მანევრი იყო, თუმცა ამ ნაბიჯით ამერიკულ მხარესაც თავშივე გაეგზავნა სიგნალი, რომ ჩინეთი თავისი წესებით თამაშს აპირებდა (ჩინურმა მედიამ წესების დარღვევასა და „არამასპინძლური“ დამოკიდებულების გამოვლენაში, ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა). მათი ხისტი პოზიციონირება შემდგომ საპასუხო გამოსვლებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჩინეთი გააკრიტიკეს ტიბეტში, სინძიანსა და ჰონკონგში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის, აგრეთვე ტაივანის მიმართ აგრესიული დამოკიდებულების, სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისა და კანონსაწინააღმდეგო ტექნოლოგიური საქმიანობის  გამო, პასუხად ჩინეთის პარტიულმა მაღალჩინოსანმა გაღიზიანებით უპასუხა, რომ აშშ არ არის იმ მდგომარეობაში, ჩინეთს ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს. ეს გარკვეულწილად პასუხი იყო ორი კვირის წინ ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც. ჩინურმა მხარემ აშშ-ს ასევე მოუწოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დამყარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მიემართათ უფრო მეტი ძალისხმევა.

ჩინეთის პოზიცია ძალიან მკვეთრი და შემტევი  იყო. კერძოდ, ჩინურმა მხარემ ძალიან ხისტად დააფიქსირა, რომ აშშ-ს არა აქვს უფლება, ჩაერიოს ჩინეთის საშინაო საქმეებში, მან არ უნდა წააქეზოს ცალკეული ქვეყნები თუ სუბიექტები ჩინეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისკენ და არ უნდა გაავრცელოს საკუთარი დემოკრატია სამხედრო და ფინანსური რესურსების გამოყენებით იქ, სადაც მას მოესურვება.

აშშ-ის მხარე ასევე უაღრესად პრინციპული იყო. მათი პოზიციით, ისინი ყველგან დაიცავენ ამერიკის ინტერესებს, მათ მოქალაქეებს და აშშ-ის მეგობრებსა და პარტნიორებს.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხების გარდა მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო სანქციების საკითხიც. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაწესებული სავაჭრო სანქციები ჯერ კიდევ ძალაშია. უფრო მეტიც, ანკორიჯში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე ბაიდენის ადმინისტრაციამ ახალი სანქციები შემოიღო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული ჩინური კომპანიებისა და ინდივიდების მიმართ. აგრეთვე, ძალაში დატოვა სხვა ყველა არსებული სანქცია თუ შეზღუდვა, რომლებიც მანამდე იყო დაწესებული. ჩინურ მხარეს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ორმხრივ შეხვედრაზე მათ საყვედური გამოთქვეს, რომ ეს იყო დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევა აშშ-ის მხრიდან და ჩინეთს „ზედმეტად დადებითი წარმოდგენა ჰქონდა ამერიკასთან დაკავშირებით“.

ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია ჩინეთთან მიმართებით არ შეიცვლება და გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო ხისტი გახდება, ვიდრე დონალდ ტრამპის დროს იყო. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის წარმომადგენლების პრინციპულ დამოკიდებულებას ჩინეთთან მიმართებით პოზიტიური შეფასება მოჰყვა რესპუბლიკური პარტიის მხრიდანაც.

ასე რომ, ჩინეთთან დაკავშირებით პრინციპული ხაზი შენარჩუნებულია, მხოლოდ ერთი განსხვავებით. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, წინამორბედისგან განსხვავებით, უფრო დიდ ძალისხმევას მოახმარს ჩინეთის წინააღმდეგ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. მართალია, ამ გაერთიანებაზე უარს არც დონალდ ტრამპი ამბობდა, მაგრამ მას იმდენად რთული დამოკიდებულებები ჰქონდა, მაგალითად, ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან, რომ მისი დაპირისპირება ჩინეთთან მაინც აღიქმებოდა, როგორც მსოფლიოს ორი ყველაზე მსხვილი ეკონომიკის პირისპირ შერკინება.

დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით, ახალი ადმინისტრაცია, ცხადია, უფრო მეტი აქტიურობით და „დახვეწილობით“ გამოირჩევა. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ნამდვილად ადრეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს უმაღლეს პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე.

ალასკის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი ვირტუალური „ოთხეულის სამიტი“ (მას ინდოეთ-წყნარი ოკეანის ნატო-დაც კი მოიხსენიებენ) აშშ-ის პრეზიდენტის და იაპონიის, ინდოეთისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით. ინდოეთ-წყნარი ოკეანის ლიდერებს ღიად და საჯაროდ ნამდვილად არ უსაუბრიათ ჩინეთის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებაზე, მაგრამ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებაში  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ ოთხი  დემოკრატიის კავშირის კონტურები ვირტუალურ სამიტზე ძალიან ნათლად იკვეთებოდა.

მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების ვიზიტები იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც. იქაც ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა. ძალიან ყურადსაღები იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი ინდოეთში, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიუღებლობაზეც ისაუბრა.

ამ კვირაში ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის რანგში პირველ ვიზიტს განახორციელებს ბრიუსელში, სადაც ის ნატო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, ბლინკენი შეხვდება ევროკავშირის ლიდერებსა და ბელგიის ხელმძღვანელ პირებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის შეკავების და ძალისხმევის გაერთიანების საკითხი ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი იქნება.

ამ ვიზიტების საპირწონედ შეიძლება იყოს განხილული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნების წინაშე უფრო რთული ამოცანა დგას მოკავშირეების შემომტკიცების თვალსაზრისით, ვიდრე „ცისქვეშეთის კანცელარიის“. ტრადიციულ უმცროს პარტნიორებს, რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას რომ თავი დავანებოთ, ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთმა ევროპის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სვლები განახორციელა (17+1 ფორმატი და სხვ.). ევროკავშირთან გასული წლის ბოლო დღეს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება ჩინეთის ძალისხმევის გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონი აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი და მსოფლიოს ყურადღების ცენტრი იქნება. დროთა განმავლობაში ვნახავთ, რამდენად წარმატებული იქნება აშშ ჩინეთთან დაპირისპირებაში ამა თუ იმ ტიპის კოალიციის შექმნის თვალსაზრისით.

აბა, გამოიცანით, რა კითხვით დავასრულებ ამ ბლოგს:

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? 🙂

გააზიარე