ფინანსისტი, ყოფილი დიპლომატი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი.

ახალი ცივი ომი - გაცოცხლებული აჩრდილები

ცივი ომი2

Those that fail to learn from history

are doomed to repeat it.

Winston Churchill

წელს, მარტში სრულდება 75 წელი უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამოსვლიდან, რომელიც მან წარმოსთქვა ვესტმინსტერის კოლეჯში (ფულტონი, მისური): „რკინის ფარდა დაეშვა კონტინენტზე, ბალტიკის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე.“

ცივი ომი არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური დაპირისპირება ლიბერალურ დემოკრატიას და ტოტალიტარულ რეჟიმს, საბაზრო და ცენტრალური დაგეგმარების ეკონომიკებს შორის – ეს იყო ეგზისტენციალური და ცივილიზაციური ბრძოლა, რომელიც საბჭოთა სისტემის კრახით დასრულდა.

რა იყო დასავლეთის, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ს პოზიცია ცივი ომის დროს, რას ეყრდნობოდა და როგორ ხორციელდებოდა იგი? და რატომ არის მსოფლიო დღეს მეორე ცივი ომის ფაზაში?

შეგახსენებთ, რომ თვითონ ტერმინი „ცივი ომი“ მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირება ორ ზემტერს, აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის, არ მომხდარა. ამის მიზეზი ორივე მხარის ხელთ არსებული იმ რაოდენობის და შესაძლებლობების მქონე ბირთვული არსენალი იყო, რომელიც, თავდასხმის შემთხვევაშიც კი, მაინც ტოვებდა თავდამსხმელისთვის გამანადგურებული საპასუხო დარტყმის მიყენების საშუალებას. ასეთ ბალანსს კოლოქვიალურად ერქვა „შეშლილი“, MAD (ოფიციალურად კი Mutually Assured Destruction, ორმხრივად გარანტირებული განადგურება). „ცხელი“ სამხედრო კი დაპირისპირება კი მუდმივად მიმდინარეობდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ე.წ. „ჩანაცვლებით ომებში“ (Proxy wars).

აშშ-ს პოზიციის საფუძველი იყო ტრუმენის დოქტრინა, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ ფ. კენანის 1946 წლის ე.წ. „გრძელ ტელეგრამას“. ამ ტელეგრამისმიხედვით, საბჭოთა კავშირი თავისი არსით ექსპანსიონისტური იყო და ეს ექსპანსიონიზმი მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერი ძალისხმევით უნდა შეკავებულიყო. შესაბამისად, ტრუმენის დოქტრინა, რომელსაც აშშ მთელი ცივი ომის განმავლობაში იყენებდა, იყო შეკავების დოქტრინა და ითვალისწინებდა ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელსაც ან საბჭოთა საფრთხე ემუქრებოდა ან სადაც ანტისაბჭოთა მდგომარეობა უნდა განმტკიცებულიყო – მათ შორის, დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა იყო არა მხოლოდ დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული და ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ ფაშისტური რეჟიმებისათვის (მაგ., ფრანკისტული ესპანეთი) – რას ვიზამთ, მიმდინარეობდა ბრძოლა გადარჩენისთვის. სწორედ ზემოხსენებული დოქტრინით განხორციელდა მარშალის გეგმა, რომელმაც ომისაგან განადგურებული ევროპა ააღორძინა და ამავე დოქტრინით შეიქმნა NATO.

ცივი ომის დასასრულად ითვლება 1989 წელი, რომლის სიმბოლური გამოხატულება იყო ბერლინის კედლის დანგრევა. საბჭოთა სისტემის (მოულოდნელ) დაშლას მოჰყვა ეიფორიული 90-იანები, რომლის კვინტესენცია კარგადაა გამოხატული ფრენსის ფუკუიამას წიგნში „ისტორიის დასასრული და ბოლო ადამიანი.“ ეს ეიფორია დიდხანს არ გაგრძელდა – ჯერ 2000-ებში სრულად გამოჩნდა ისლამური ჯიჰადიზმის საფრთხე (დღესაც აქტუალურია), ხოლო 2010-ებში მკაფიოდ გამოიკვეთა ეკონომიკური და სამხედრო კუთხით გაძლიერებული რუსეთის და ჩინეთის ამბიციური გეგმები რეგიონალურ და ზოგჯერ გლობალურ დომინანტობაზე. შესაბამისად, ჩვენ დღეს ვართ ახალი, მეორე ცივი ომის ფაზაში.

რა სხვაობაა პირველ და მეორე ცივ ომებს შორის? ჩემი აზრით, არსებობს 3 ფუნდამენტური განსხვავება:

1) პირველი ცივი ომის დროს არსებობდა ლიბერალური დემოკრატიის და საბაზრო ეკონომიკის ალტერნატიული მოდელი – საბჭოთა სოციალიზმი კომუნიზმის პერსპექტივით. სხვადასხვა მიზეზების გამო, რომელთა ჩამოთვლა და განაალიზება შორს წაგვიყვანს, ეს უკანასკნელი მოდელი მსოფლიოში მილიონობით ადამიანისათვის როგორც მოსაწონი, ასევე მისაღებიც იყო. ამჟამად რუსეთს არ გააჩნია ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ალტერნატივა, რომელსაც სხვას შესთავაზებდა. ის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა კი, რომელიც ჩინეთში არსებობს, არის სპეციფიკურად ადგილობრივი მოდელი, რომლის ასლის გადაღება სხვა ქვეყნებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია;

2) იმდროინდელ მსოფლიოში საბჭოთა კავშირს გააჩნდა მეტი ეკონომიკურ-ფინანსური და სამხედრო რესურსი, ვიდრე დღეს გააჩნია რუსეთს ან ჩინეთს (ვსაუბრობ დროით პერსპექტივაში, შეფარდებითი და არა აბსოლუტური კატეგორიებით). სსრკ-ს ერთიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობით ეკავა მეორე ადგილი  მსოფლიოში და მისი საგარეო პოლიტიკა იყო როგორც უფრო მასშტაბური, ასევე უფრო აგრესიულიც;

3) დასავლეთს ჰქონდა მეტნაკლებად მტკიცე და ერთიანი პოზიცია საბჭოთა კავშირის მიმართ. დღეს არათუ მტკიცე, არამედ ერთიანი პოზიციაც არ არსებობს და რაც არსებობს, ისიც ფრაგმენტირებულია. თუ რუსეთთან მიმართებით პოლიტიკურ დასავლეთს დავყოფთ 2 პირობით ნაწილად: აშშ და ევროკავშირი, საგარეო პოლიტიკის ველში შეიმჩნევა როგორც სხვაობა ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს  შორის, ასევე თვითონ ამ ერთეულებს ახასიათებთ არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა.

სავარაუდოდ, საჭიროა შემდეგი: დასავლურმა სახელმწიფოებმა, როგორც პირველი ცივი ომის დროს, სასურველია შეიმუშავონ საგარეო პოლიტიკის მკაფიო პოზიციები. მე არ ვგულისხმობ საქართველოსთვის „კარგ“ ან „ცუდ“ პოზიციებს. საქართველოსთვის, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიოსათვის, მნიშვნელოვანია იცოდეს გლობალური მოთამაშეების ცხადი მიდგომები და ამ მიდგომებისადმი საქმით დადასტურებული თანმიმდევრობა – სიცხადე, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლო გეზის დასახვისათვის და მოქმედებების შესასრულებლად. აშშ, ევროკავშირი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები თუ მსოფლიოს სხვა ლიბერალური დემოკრატიები, არ და ვერ დააფუძნებენ თავიანთ საგარეო პოლიტიკას ცალკე აღებული საქართველოს ან თუნდაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ირგვლივ, ჩვენ ეს როგორ ძალიანაც არ უნდოდა გვინდოდეს. მათი საგარეო პოლიტიკის ფორმულირება და მოქმედებაში მოყვანა ხდება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც, ჩვენ – რომ დავესესხო აშშ-ს ყოფილ თავდაცვის მდივანს, დონალდ რამსფელდს – ვიცით, ის რაც ვიცით; ვიცით, რომ რაღაც არ ვიცით; და არ ვიცით, რომ რაღაც არ ვიცით (Known knowns, known unknows and unknown unknowns).

გააზიარე