Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში

საქართველო

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 74-ე ადგილზეა.

მეთოდოლოგია

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით დგება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში ბიზნესისა და ეკონომიკური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს. ის ყოველწლიურად მართავს დავოსის ცნობილ ფორუმს, რომელშიც ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობის ინდექსს 2004 წლიდან, ყოველწლიურად აქვეყნებს. გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც პანდემიის გამო რეიტინგი არ განახლდა.

ეკონომიკური ფორუმის განმარტებით, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა გამოიხატება ინსტიტუტების განვითარებაში, მთავრობის პოლიტიკასა და ბუნებრივ ფაქტორებში, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განაპირობებენ. რეიტინგში შემავალი თითოეული ქვეყანა 114 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის კი, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალისა და განათლების დონე და სხვა (ჯამში 114-დან 85 კრიტერიუმი), ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა.

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

რეიტინგში საქართველო 60.6 ქულით (მაქსიმალურია 100 ქულა) 74-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. 2018 წელს 66-ე ადგილზე იყო, ანუ ბოლო ანგარიშის მიხედვით, მისი პოზიცია 8 ადგილით გაუარესდა. ყველაზე მაღალ პოზიციაზე – 59-ე ადგილზე საქართველო 2016 წელს იყო.

საქართველოს პოზიცია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

ინდექსში შემავალი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 89.6 საბანკო სექტორის სტაბილურობაში აქვს. ასევე მაღალი ქულა აქვს ელექტროენერგიასა და წყალზე ხელმისაწვდომობაში – 89.2. უსაფრთხოებაში, რაც კრიმინალის დაბალ დონეს გულისხმობს, 86.3 ქულა აქვს. თუ კრიტერიუმებს რეიტინგის მიხედვით ვნახავთ და არა ქულის, საქართველოს ყველაზე მაღალი პოზიცია – მე-18 ადგილი (141 ქვეყნიდან) კორპორაციულ მმართველობაში უჭირავს. შემდეგ მოდის უსაფრთხოება, სადაც 27-ე ადგილზეა და შრომის ბაზრის თავისუფლების დონე, სადაც 37-ე ადგილზეა.

ყველაზე დაბალი ქულა  – 23.8, საქართველოს კვლევებსა და განვითარებაში აქვს. შემდეგ მოდის საფინანსო სისტემა 29.4 ქულით, რაც მცირე ბიზნესის დაფინანსებას, ვენჩურული კაპიტალისადმი ხელმისაწვდომობას და საბაზრო კაპიტალიზაციას მოიცავს. საქართველოს საკმაოდ დაბალი ქულა – 32.7 აქვს ასევე ინოვაციებში. რეიტინგის მიხედვით, საქართველო ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 125-ე ადგილზე (141 ქვეყნიდან) სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონით არის. 122-ე ადგილზეა სოციალური კაპიტალით. 104 ადგილზეა ბაზრის ზომით და 91-ე ადგილზეა საფინანსო სისტემით.

ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში პირველ ადგილზე სინგაპურია. სინგაპურს ჯანდაცვაში მაქსიმალური 100 ქულა აქვს, მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში – 99.7, ინფრასტრუქტურაში – 99.2 და ფინანსურ სისტემაში – 91.3.

მეორე ადგილზე აშშ-ია, რომელსაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში 99.8 ქულა აქვს, კვლევებსა და განვითარებაში 95.7 ქულა. მესამე ადგულზე ჰონკონგია,  ხოლო მეოთხეზე – ნიდერლანდები.

რეიტინგში ბოლო, 141-ე ადგილს – 35.1 ქულით ჩადი იკავებს. 140-ე ადგილზე იემენია, ხოლო 139-ეზე – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა

წყარო: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, 2019 წლის ანგარიში

გააზიარე