ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

ახლა ამის დროა! შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში

ახლა ამის დროა! შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში

„გლეხი კაცისთვინ არავინაა“.

„30 წელია, ერთ წრეზე დავდივართ!“

„იმანაც რა ქნას?!“

„რაღაცა იქნება!“

თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მიჭირს ამ დაზეპირებული, რეალური შინაარსისგან დაცლილი, შემგუებლური ფრაზების სმენა. რა იქნება? როდის? რაც მთავარია, როგორ? რას ვაკეთებთ, რომ საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ და ერთსა და იმავე ხაფანგში მეასედ არ გავებათ? იმისთვის, რომ ჩვენი გარემო გაუმჯობესდეს? რომ შრომის ეთიკა ნორდიკული გვქონდეს და არა წინააზიური, რომ თავისუფლება ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობად იქცეს და მუდამ ვიღაცის წყალობად არ საღდებოდეს, ცოდნა და ხელობა ფასდებოდეს, კანონმორჩილება – სიქველედ, კორუფცია კი სამარცხვინოდ მიიჩნეოდეს? როგორც წესი, მხოლოდ ისტორიულ უბედობას ვტირით და სხვის იმედად ვართ: სულხან-საბას ეპოქაში – საფრანგეთის (საძაგელი ლუი XIV!), ერეკლე მეორის ხელმწიფებისას – „ერთმორწმუნე“ რუსეთის (როგორ გვიღალატა ტოტლებენმა?!), პირველი რესპუბლიკის დროს – გერმანიის (იმათაც მეტი რა ექნათ?), ამჟამად კი – ამერიკის ან ყოვლისშემძლე ლიდერის, რომელიც ჩამოვა და გვიხსნის (ან უკვე აქაა და სხვას არ გააჭაჭანებს). მაგრამ რამდენი ჩვენგანი აცნობიერებს საკუთარ როლსა და მნიშვნელობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში? რამდენი ხვდება, თუ რამხელა მოქალაქეობრივ რესურსს ატარებს მძინარე ფორმით? რესურსს, რომლის ამოქმედებას წინ ოდენ ბულინგის შიში უდგას? არის ასევე ისტორიული შიში იმისა, რომ როგორც კი ადამიანი იწყებს კითხვების დასმას, მას უამრავი მტერი უჩნდება: ზოგი – სრულიად ალალი და უანგაროდ მავნე, ზოგიც – სახელისუფლებო თუ ოპოზიციური კლანების მიერ საგანგებოდ ამ საქმეზე მიჩენილი იმ მიზნით, რომ სტატუს-კვო არ შეიცვალოს. საბოლოოდ, მათი მიზანი ინდივიდებში მოქალაქეობრივი ინსტინქტის ჩაკვლა და  თავისუფალი აზრის დათრგუნვაა. „ახლა ასეა საჭირო!“, „ახლა ამის დრო არ არის!“ – ქადაგებენ პარტიულ ელიტათა საყვირები, მაგრამ არ გვიმხელენ – და არავინ კითხულობს – ვინ გადაგვიწყვიტა ეს? რა მორალური ან სამართლებრივი უფლებით? რა პროცესის შედეგად? რის სანაცვლოდ?!

საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის თემაზე კვლევის ჩატარების იდეა რამდენიმე წელი მწიფდებოდა. კვლევის პირველადი მიზანი ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის ზოგადი ხარისხის დადგენა და ამ თვალსაზრისით არსებული ხარვეზების გამოვლენა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, ჭავჭავაძის ცენტრმა კვლევა პანდემიითა და გლობალური თუ რეგიონული კატაკლიზმებით დაღდასმული 2020 წლის ბოლოს ჩაატარა. როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ დაადგინა, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატიის მწვავე დეფიციტია. მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე წარმოდგენილ ყველა ძირითად პარტიას აქვს დემოკრატიულობის ამბიცია, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებათა უმეტესობა ფასადურ-პროცედურული დემოკრატიითაც კი არ იწუხებს თავს. ამ სევდიანი პარადოქსის ბოლო თვალსაჩინო ილუსტრაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ვიხილეთ, როცა პარტიებმა, მიუხედავად თავზე საყრელი დროისა, მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარადგინეს სიები და კანდიდატები, რამაც მომხრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თვეების განმავლობაში, რიგითი წევრები და ამომრჩევლები გამოცნობისა და მარჩიელობის რეჟიმში ელოდნენ თავიანთი რჩეული პარტიების მიერ სიებისა და კანდიდატების დასახელებას. წესიერი და ავტორიტეტული სახელის გაჟღერება – ჯგუფურ ეიფორიას, მიუღებელი კანდიდატურის ვინაობის გაჟონვა კი ლიდერთან ინდივიდუალურად, კულუარულად „ხმის მიწვდენის“ განწირულ მცდელობებს იწვევდა.

უცნაურია, მაგრამ ამ ფონზე, არავის მოსვლია თავში სიების ფორმირებისა თუ კანდიდატების შერჩევის პროცესში უშუალო ჩართულობა მოეთხოვა. არც ის გაგვიაზრებია, რომ ამ ჩაკეტილ სისტემას სინამდვილეში არა მხოლოდ ყბადაღებული „საბჭოთა მემკვიდრეობა“, არამედ კონკრეტული ავტორები და შემსრულებლები ასაზრდოებენ, რომლებიც ყოველგვარი ანგარიშვალდებულების მიღმა სუფევენ პოლიტიკური ცის კაბადონზე.

ანგარიშვალდებულება მართლაც უცხო ხილია ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. არც ერთ ძირითად პოლიტიკურ პარტიაში კანდიდატების შესარჩევად არ იმართება ე.წ. პრაიმერისი, რომელიც საშუალებას მისცემდა პარტიის ამომრჩეველს, თავად აერჩია სასურველი კანდიდატი. შესაბამისად, რიგითი წევრიცა და მხარდამჭერიც ყოველთვის დგება ფაქტის წინაშე და იძულებულია, მოცემულობად მიიღოს ის, რასაც ხშირად არ ეთანხმება. წევრები პარტიების მართვაში პრაქტიკულად არ მონაწილეობენ. პარტიული ელიტები მათ განიხილავენ, როგორც „ქვეითებს“, რომლებმაც უსიტყვოდ უნდა შეასრულონ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები.

ყველა ძირითად პარტიაში ყველაფერს რეალურად წყვეტს ერთი ადამიანი, ან, უკეთეს შემთხვევაში, ამ ადამიანთან მოცემულ მომენტში დაახლოებულ (ხშირად, ფორმალურად არაპარტიულ) პირთა მცირე ჯგუფი. ხშირად, საკვანძო პოზიციებზე „ავატარები“ ინიშნებიან – ადამიანები, რომლებიც სოლიდურად გამოიყურებიან, გამართულად მეტყველებენ, პოლიტიკოსის ყველა ატრიბუტს ატარებენ, მაგრამ ნულოვან პოლიტიკურ წონას და შინაარსს ასხივებენ, რადგან მხოლოდ რეალური გადაწყვეტილებების მიმღებთა დროებით პოლიტიკურ სხეულებს წარმოადგენენ.

არ არსებობს პიროვნული წინსვლის ინსტიტუციური მექანიზმები და მერიტოკრატიის წამახალისებელი სისტემა. ლიდერებსა და პარტიებში კონიუნქტურის განმსაზღვრელ გაცვეთილ უჩინმაჩინებს „ახალი“ მხოლოდ „სახეები“ უნდათ – როგორც საკარნავალო ნიღბები და არა რეალური პასუხისმგებლობითა და მართვის ბერკეტებით აღჭურვილი არჩევადი პოლიტიკოსები.

არც ერთი ძირითადი პარტია წაგებული არჩევნების შემდეგ არ გადის ანალიზისა და გადახალისების პროცესს. არავინ იღებს პასუხისმგებლობას სიებზე, კანდიდატებზე, კამპანიის ფორმასა და შინაარსზე, ორგანიზებასა თუ ფინანსებზე, გაუმჭვირვალედ მიღებულ გადაწყვეტილებათა შედეგებზე. ხოლო როცა მომხრეები ცვლილებებს ითხოვენ, მათ ისევ ლიდერთა სახელით მოქმედი აგიტატორები აჩუმებენ, „ახლა ამის დრო არ არის!“  ან „ნიჰილიზმს ნუ თესავთ!“ რეფრენით.

„ახლა ამის დრო არ არის“ პრობლემებზე თვალის დახუჭვის, კრიტიკოსების დადუმებისა და არსებული კონიუნქტურის შენარჩუნების მარტივ საშუალებად იქცა – საინფორმაციო ომის ერთგვარ იარაღად, რომელიც მრავალი წელი და უკვე მერამდენე საარჩევნო ციკლია, მოქმედებს. ამასთან, არავინ უწყის, როდის და რა ვითარებაში დადგება „ამის“ დრო. ნუთუ მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის ან ოპოზიციის საბოლოო განადგურების შემდეგ? საწინააღმდეგო არგუმენტი ხომ ისაა, რომ ასე ოპოზიცია ვერასდროს გაიმარჯვებს, ხოლო ხელისუფლება არასდროს გახდება უკეთესი?

აშკარაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის მწვავე დეფიტიცია. თავის მხრივ, არადემოკრატიულობა და არატრანსპარენტულობა ნოყიერი ნიადაგია პირადი ან ელიტური ინტერესებით მოტივირებული კულუარული პოლიტიკისთვის, რაც ფუნდამენტურად აზიანებს მთლიანად პოლიტიკურ გარემოს. ამდენად, შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტი და ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობა არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ მთელი ქართველი საზოგადოების გამოწვევაა.

ძალაუფლების სადავეებთან მყოფთათვის არასდროს დაილევა მიზეზი იმისა, თუ რატომ სჯობს, დემოკრატიამ ცოტა კიდევ მოიცადოს. არსებულ სისტემაში პარტიულ ელიტებს თანდაყოლილი ინტერესთა კონფლიქტი აქვთ შიდა დემოკრატიასთან. ამასთანავე, პარტიული ელიტები თანამდებობებს, დაფინანსებას და, ზოგადად, ლეგიტიმაციას რიგითი წევრებისა და ამომრჩევლებისგან იღებენ. შესაბამისად, ამ ჩიხური რეალობის შეცვლა მხოლოდ აქტიურ მოქალაქეებს შეუძლიათ. ამიტომ… ვიფიქროთ – გავბედოთ კითხვების დასმა – მოვითხოვოთ პასუხები! და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ახლა, რადგან არავის სურს, 20 წლის მერე ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომ ვთქვათ, ნახევარი საუკუნეა, ერთსა და იმავე წრეზე დავდივართო.

ამ ეტაპზე ჭავჭავაძის ცენტრის მოკრძალებული მიზანი შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის სტიმულირებაა. წინამდებარე კვლევა, რომელმაც ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის მწვავე დეფიციტი გამოავლინა, ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოხარული ვიქნებით, მივიღოთ და გავითვალისწინოთ ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევის დახვეწას და გაღრმავებას, აგრეთვე, საკვლევი თემის უფრო მეტად აქტუალიზებას. ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ გზა გავუხსნათ სხვა მკვლევრებსაც, რათა საზოგადოების ფოკუსში მოექცეს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემაფერხებელი მნიშვნელოვანი და აქამდე უგულებელყოფილი ფაქტორი.

ნიჰილიზმს თესავს არა ის, ვინც კითხვებს სვამს, არამედ ის, ვინც კითხვების დასმას კრძალავს. წარმატებული, პლურალისტური, ეკონომიკურად წელში გამართული საზოგადოება საპირისპირო პრინციპზე დგას. ცვლილება იწყება ჩვენით. ამიტომ ვიფიქროთ, დავსვათ კითხვები და ვეძიოთ პასუხები. ერთი სიტყვით, ვირწმუნოთ საკუთარ თავში მოქალაქე.


ზაზა ბიბილაშვილი

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და

სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი.

კვლევის ბმული


მასალა წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin