"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

ამერიკა, ევროპა, ინგლისი, რუსეთი და ჩინეთი: აირჩიე უკეთესი, რომელია ასეთი?

პეტრიაშვილი

ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გათვლა თამაშის დროს, რუსულ ენაზე იყო გარითმული და  (შევეცადე ქართულად გამერითმა), შეიძლება ითქვას, არჩევან-არადანის ალტერნატიული ვერსია იყო – მოკლედ, ვისაც ახსოვს, ამ გათვლით ირჩევდი თანაგუნდელს…

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს, თამამად შეიძლება ითქვას, სწორედ ამ გათვლით ისარგებლა. მართალია, აშშ-ის პირველმა დიპლომატმა ისიც კი განაცხადა, რომ აშშ ევროპას არ აყენებს არჩევანის წინაშე (დედა უფრო გიყვართ თუ მამა – ეს ყველაზე სულელური შეკითხვაც გახსოვთ ალბათ ჩემს თაობას), თუმცა…

მთავარი თემა, უფრო სწორად თემები, კიდევ უფრო ზუსტად კი გამოწვევები, და სიტყვა სიტყვით თუ ვიტყვით, საფრთხე და გამოწვევა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრიუსელში პირველი ვიზიტის დროს განიხილებოდა, სწორედ რუსეთი და ჩინეთი იყო.

ამერიკისა და ევროპის ურთიერთობა ისევ რომ დათბებოდა  პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. გზავნილები ჯერ კიდევ კამპანიის დროს ძალიან მკაფიო და ურთიერთობების აღდგენაზე ორიენტირებული იყო. აშშ და დიდი ბრიტანეთი რომ ნებისმიერი ადმინისტრაციის და დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის პირობებში სტრატეგიულ მოკავშირეობას შეინარჩუნებენ, ჩემი აზრით, არც ეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი ამ ყველაფრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურება იყო.

თავად მინისტერიალს რომ ცოტა ხნით თავი დავანებოთ, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრების, აგრეთვე გერმანელ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში გამართული საუბრის დროსაც მთავარი გზავნილი იყო, რომ, მიუხედავად ნებისმიერ თემაზე არსებული უთანხმოებისა (მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენთან დაკავშირებით), აშშ-სთვის ევროპა უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და მასთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ყველაზე პრიორიტეტულად მიიჩნევს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბრიუსელში ნატოელ კოლეგებთან გამართული შეხვედრების დროს მთავარი გზავნილები იყო:

  • აშშ ნატო-ს ყველა მუხლის, რაც მთავარია, „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ ფიცის ერთგულია და რომელიმე წევრის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის შემთხვევაში აშშ მას აუცილებლად დაიცავს;
  • გადაწყვეტილებები ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებთან მიმართებით, კონკრეტულად ავღანეთში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივად მიიღება და არა ინდივიდუალურად (ანუ არა ისე, როგორც ეს დონალდ ტრამპმა გააკეთა. სხვათა შორის, თალიბებმა ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადეს, რომ თუ კოალიციური ჯარები დათქმულ დროს, ანუ 1 მაისს არ დატოვებენ ავღანეთის ტერიტორიას, იერიშს სწორედ მათზე მიიტანენ);
  • რუსეთი მზარდი საფრთხეა ალიანსის წევრებისთვის და მისი შეკავებაც საერთო ამოცანას უნდა წარმოადგენდეს; თუმცა ეს დამოკიდებულება არ გამორიცხავს კლიმატურ ცვლილებებსა და სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას;
  • ჩინეთი არის სისტემური კონკურენტი, აშშ არ „გაუტარებს“ ჩინეთს ადამიანის უფლებების სფეროში მძიმე დარღვევებს (განსაკუთრებით  მუსლიმ უიღურებთან  და ტიბეტელებთან მიმართებით), და პარტნიორების/მეგობრების(ჰონკონგი, ტაივანი) წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში კუნძულების მიტაცებას და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვას. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, აშშ კლიმატური ცვილილებების სფეროში მასთან თანამშრომლობაზე  მაინც არ ამბობს უარს (პრეზიდენტმა ბაიდენმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ ვირტუალურ სამიტზე 40 ქვეყნის ლიდერებს შორის ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებიც მიიწვია).

ასევე ნიშანდობლივია, რომ ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი (მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 2%) ვალდებულების შესრულებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან აქცენტი არ გაკეთებულა არც ერთი საჯარო გამოსვლისა თუ პრესკონფერენციის დროს.

ენტონი ბლინკემა ბრიუსელში ყოფნის დროს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთანაც გამართა შეხვედრები, სადაც ყველა ზემოხსენებულ საკითხთან ერთად უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეკავების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იყო აზიური ტურნე (ენტონი ბლინკენმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად გამართა კოლეგებთან შეხვედრები. გზავნილები პრინციპში იდენტური იყო – აშშ ბრუნდება; აშშ სტრატეგიული პარტნიორების გვერდით დგას; რუსეთიდან და განსაკუთრებით ჩინეთიდან მომავალი გამოწვევების შეკავებაში ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია) წინ უსწრებდა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენის ვირტუალურ ჩართვას.

არ ვიცი, რამდენად დიდია აშშ-ის როლი ევროკავშირის მხრიდან ჩინეთის სინძიანის პროვინციის ოფიციალური პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის ტიანანმენის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის შემდეგ პირველი სანქციების დაწესებაში, თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება ენტონი ბლინკენის ბრიუსელში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო, ხოლო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კვალდაკვალ აშშ-მ და კანადამაც დაუწესეს ჩინელ ოფიციალურ პირებს სანქციები. არ მგონია, დამთხვევა იყოს 😉 ამ გადაწყვეტილებამ გამორჩეულად ფიცხი რეაქცია გამოიწვია ჩინეთის მხრიდან. „ცისქვეშეთის კანცელარიამ“ საპასუხო სანქციები ევროპელ პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს დაუწესა. ექსპერტულ წრეებში ჩინეთის ასეთმა ხისტმა გადაწყვეტილებამ გაკვირვება გამოიწვია, ვინაიდან ევროკავშირ-ჩინეთის საინვესტიციო შეთანხმებას ჯერ კიდევ გასავლელი აქვს ევროპარლამენტში პროცედურები და ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გააღრმავა სკეპტიციზმი შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით.

ძალიან საინტერესო იქნება აშშ-ის პრეზიდენტის ახალი, მულტიტრილიონდოლარიანი   ინიციატივაც, რომელიც მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა და უახლოეს მომავალში მის პრეზენტაციასაც გეგმავს. ეს ინიციატივა ეხება დემოკრატიულ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. აშშ-ის პრეზიდენტი არც მალავს, რომ ეს იქნება ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ საპირწონე და მიმართული იქნება  დემოკრატიულ სახელმწიფოებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ამერიკული დაფინანსებით განხორციელებაზე (ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ქვეყნებთან 17+1 ფორმატში, ხოლო მის ინიციატივას სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად დიდი შვიდეულის წევრი იტალიაც კი არის მიერთებული). პრეზიდენტი ბაიდენი ასევე აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩინეთის, როგორც ეკონომიკური ზესახელმწიფოს პირველობას. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. იმედია, საქართველოც მოხვდება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც აშშ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გადაწყვეტს. შესაძლოა, სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში მოხდეს ანაკლიის პორტის მშენებლობაც და სხვა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაც, რაც ხელს შეუწყობს: აშშ-სთან საქართველოს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ჩვენი ქვეყნის რეგიონული როლის გაძლიერებას. ჩემი გამოცდილებით, ასეთი გადაწყვეტილებები თავისთავად არ მოდის და ძალიან სერიოზულ დიპლომატიურ მუშაობას მოითხოვს. რაც მთავარია, პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა იქნება განმსაზღვრელი აშშ-ის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.  ამ დროს საქართველო ისევ, მართლაც რომ გზაგასაყარზეა! აღარ დამთავრდა ეს გზაჯვარედინები და გზაგასაყრები ☹️.

გააზიარე