"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე" | + posts

"ვარ მედიაფსიქოლოგი, თსუ-ს პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი. მოდით, ერთად დავინახოთ როგორ მოქმედებს მედია და ტექნოლოგიები ჩვენზე"

ამომრჩევლის Q & A: ვის და რატომ ვირჩევთ პოლიტიკურ ლიდერებად?

211

ამომრჩევლის Q & A: ვის და რატომ ვირჩევთ პოლიტიკურ ლიდერებად?

მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები აღთქმულ მიწამდე და იქაც, მხოლოდ მათ მისცა შესვლის უფლება, ვინც თავისუფლებაში დაიბადა. რაღა დარჩა? ცოტაც და ჩვენს მოგზაურობასაც შეუსრულდება 40 წელი, ოღონც ეს უფრო უმიზნოდ ხეტიალია, სადაც მოძრაობის ტრაექტორია ერთ წრეს არ სცდება და, რაც მთავარია, ებრაელებისგან განსხვავებით, ჩვენ არც „მოსე“ გვყავს. სამაგიეროდ, ყოველ ჯერზე გვყავს ზარ-ზეიმით არჩეული ლიდერი, რომელიც იმთავითვე განწირულია, გახდეს „მსხვერპლი“ და რომელსაც, ადრე თუ გვიან, წარმართულად გავუსწორდებით. ასეთი ბედისწერა სულაც არაა ამა თუ იმ ლიდერის არჩევანი – ასეთია ჩვენი ხალხის კოლექტიური არაცნობიერის ნება. ხალხის და არა საზოგადოების, რომელსაც დაავიწყდა, რას ნიშნავს თავისუფლება და რაც ახსოვს – ესეც მისი პასუხისმგებლობა არაა.

კაცმა რომ თქვას, ქართული პოლიტიკისთვის 40 წელი ბევრიცაა და ცოტაც. ფრანგი პოლიტიკოსი ედგარ ფორი ამბობდა, რომ „მარადისობა პოლიტიკაში არ გრძელდება 20 წელზე მეტხანს“. ოღონდ, არა ქართულ პოლიტიკაში. ვუყურებ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა დროის ფრეიმს მოერგნენ და მგონია, რომ მათთვის ქართულ პოლიტიკაში ყოფნა შეიძლება „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდეც“ გაგრძელდეს. მათთვის პოლიტიკოსობა სახელმწიფოზე ზრუნვისგან დამოუკიდებლად ნიშნავს – თანამდებობას (უფრო სწორად, სკამს), ძალაუფლებას და ფულს (როგორც ერთ მდგენელს), ხალხთან და „ხალხზე ცოტა ზევით“ ყოფნას. მოკლედ, ქართველი პოლიტიკოსისთვის ყველაფერი „მოსულა“.

სად ვპოულობთ ამ ლიდერებს?

ჩვენს ხალხს „ნამდვილი ლიდერი“ სულ სჭირდება, რომელიც არ ჩანს. ველოდებით. ოღონდ, ეს დაკვეთა აქ სულაც არ მოიაზრებს განათლებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სწორი ფასეულობებისა და მყარი მორალის მქონე ადამიანს.  ხანდახან მგონია, რომ მოთხოვნაში მხოლოდ ერთი რამ გვიწერია: მთავარია, „ყოვლისშემძლე“ იყოს. მისი ძლევამოსილება ყველგან ჩანდეს და ამით, ყოველ ჯერზე გვაოცებდეს (მარტო ჩვენ კი არა, ევროპასაც). მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად წესიერი ან გაიძვერაა. მთავარია, გვაფიქრებინოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყველაფრის ძალა შესწევს! და თუ ფულიც აქვს … დანარჩენი თავისით დალაგდება, დროის ამბავია.

ხალხის მხრიდან ლიდერის ამ ტიპაჟზე დაკვეთას ზოგი საბჭოთა მემკვიდრეობას და მეხსიერებას დააბრალებს, ზოგიც – უბრალოდ, საყოველთაო გაუნათლებლობას. მე კი მგონია, რომ „ყოვლისშემძლე ბატონის“ პოლიტიკური არქეტიპი აკომპენსირებს ჩვენს უსუსურობას, დაუცველობას და შიშს, საკუთარ თავში ლიდერისა და ინდივიდის შეგრძნების დეფიციტს.

ბატონყმური თიხიდან გამოძერწილი პოსტსაბჭოთა ლიდერისთვის  მტერია რიგითი წესიერი, უშიშარი, თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანი, რადგან მასში კოლექტიურ არქეტიპს, თავის ანტიპოდს და განსხვავებულ ლიდერს ხედავს. ყველა, ვინც ეჭვქვეშ დააყენებს ბატონის დემონურ ძალას და კრიტიკულ კითხვებს დასვამს – გაირიყება, რადგან არაფერი აშინებს „ლიდერს“ იმაზე მეტად, ვიდრე ძლევამოსილ ბატონზე შექმნილი მითის დანგრევა და ბურუსის გაფანტვა. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველ ჯერზე, მისთვის მთავარია, დაამტკიცოს ერთი: იდუმალებით მოცულ პოლიტიკურ ველზე, სადღაც, კულისებიდან „ის ყველაფერს აკონტროლებს“, „არ მიდის კომპრომისზე“, „ტრიუკებს ატარებს“ ან „მის გარეშე არაფერი გამოვა“. არადა, ეს ტყუილია. ყველაფერი დომინოს ეფექტით ჩამოიშლება, როგორც კი ლიდერის მითოლოგიზებას შევეშვებით.

ამ არცთუ მოგებიან განლაგებაში პასუხი კითხვაზე – „სად ვპოულობთ ამ ლიდერებს?“ – ერთია: ვპოულობთ საკუთარ თავში (პირდაპირი მნიშვნელობით), რადგან ლიდერის ხატიც ჩვენი არაცნობიერიდან გამოძერწილი კრებსითი სახეა. ჩვენ ვცდილობთ, საკუთარ გონებაში გამოვძერწოთ ის პოლიტიკური არქეტიპი, რომელიც კოლექტიურ არაცნობიერში თავს მოუყრის და გააერთიანებს ნაცნობ ნიშნებს და სიმბოლოებს. ამ პროცესში წარმატებებიც ამ ერთ ნიშან-ხატს (ერთ ლიდერს) მიეწერება ხოლმე. ნებსით თუ უნებლიეთ, ლიდერად ჩვენებური არქეტიპის გამოჩენისას, ამომრჩეველი უფრო აქტიურად რეაგირებს და აღიქვამს საკუთარ კონტურებს, ჩრდილებს და მოქმედებას. ეს გონებისთვისაც ნამდვილი შვებაა, რადგან არაცნობიერი ნაცნობ პატერნს აგნებს. ამიტომ, თუ პოლიტიკური ლიდერობა გსურთ, მთავარია, კოლექტიურ არქეტიპად გაღიარონ. დანარჩენს ისევ არაცნობიერი მიხედავს.

მანიპულაცია უნდა ვახსენო, რადგან ლიდერის ხელოვნურად გამოძერწვა მართლა შეიძლება, ოღონდ ყველას მაინც ვერ ექნება წვდომა ჩვენს არაცნობიერზე. ხალხთან ურთიერთკავშირის ქსელი სინამდვილეში გაუცნობიერებლად იბმება და მისი ერთადერთი მარშრუტი – ბუნებრიობაა. ჩვენი სხეული ვერ მიიღებს ყველანაირ ლიდერს (თუნდაც იდეალურს), თუ ამ ლიდერმა ჩვენს გონებაში წინასწარ არ გააჩინა მიმღეობა. ამიტომ ყველა კარგი და ცუდი ლიდერიც – ჩვენი არჩევანია.

ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერი თუ ძლიერი საზოგადოება?

თანამედროვე და დემოკრატიულ ქვეყნებში ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერის დრომ თავისი დრო მოჭამა. აქ მრავალფეროვნებაა მნიშვნელოვანი. წარმატებულ ქვეყნებში საზოგადოება თავად პოზიციონირებს, როგორც ლიდერთა ჯგუფი. იქ ყველა პასუხისმგებელია თავის წილ გეგმებსა და მომავალზე და მხოლოდ მასშტაბები და სფეროებია განსხვავებული. იქ არა ერთი, არამედ ბევრი ლიდერი ქმნის მომავალს. სწორედ ასეთი ჯგუფი, საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას ცვლილებების ბირთვად. ამ ბირთვის გარეშე – გარსი უსიცოცხლოა. ლიდერების (და არა ლიდერის) გარეშე საზოგადოება არ არსებობს, რადგან სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაა ბირთვი, რომელიც შედგება ლიდერებისგან.

ლიდერის იმიჯმაც საზოგადოების აღქმის ფილტრი უნდა გაიაროს, ამიტომ, რაც არ უნდა თქვას პოლიტიკოსმა, საბოლოოდ საზოგადოება ახდენს ზეგავლენას იმაზე (თუნდაც სოციალურ ქსელებში კომენტარებით), თუ როგორ იქნება აღქმული მისი ესა თუ ის მოსაზრება და მოქმედება. საბოლოოდ კი, რაც უფრო დაცულად გრძნობს თავს ხალხი სახელმწიფოში, მით უფრო ნაკლებად აქვს მოთხოვნილება, აირჩიოს ძლევამოსილი ლიდერი და სულაც არ არის უცნაური, რომ დემოკრატიულ და ძლიერ ქვეყნებში აგრესიულ პოლიტიკოსებს ამჯობინებენ მათ, ვინც ეფექტური ლიდერის იმიჯი მოირგო.

გვეშველება რამე?

ქართულ პოლიტიკაზე ფიქრისას, ხშირად მახსენდება კარპმანის დრამის სამკუთხედი, სადაც აღქმის სამი პოზიციაა: მსხვერპლის, გმირისა და მოძალადის. ამ სამკუთხედში გაჭედვისას „მსხვერპლი“ შეიძლება გახდეს „გმირი“ და პირიქით, „გმირი“ – „მოძალადე“ და პირიქით, და ასე დაუსრულებლად. ხანდახან მგონია, რომ ქართველები წრეზე კი არა, კარპმანის სამკუთხედში ვტრიალებთ და ძალიან მინდა, ამ პოლიტიკური დრამიდან გამოვიდეთ და, პერიოდულად მაინც, გვერდიდან შევხედოთ ჩვენს თავს.

მოგვწონს ეს თუ რა, აქ და ახლა, ქართული პოლიტიკური ლიდერის არქეტიპიც ცოტა კარპმანისეულია: ყოვლისშემძლე გმირი, რომელიც ხან მოძალადეა და ხან მსხვერპლი.

სწორი კითხვის დასმა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „გვეშველება რამე?“ პასუხისმგებლობისგან და ენერგიისგან დაცლილი კითხვაა, რომელიც მანტრასავით დაგვდევს, ხავსს ეჭიდება და მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ გადაგვავიწყდეს. მინდა, ჩავთვალოთ, რომ დიდი ხანია, „გვეშველა“ და ახლა ჯერი ჩვენს მოქმედებაზეა. მინდა, უბრალოდ ვიკითხოთ: „დღეს რას ვშვრებით“ ან „რა გავაკეთეთ“, არ დაველოდოთ გარედან შველას და მომავალ დღეზე ვორიენტირდეთ. იქნებ ასე, უკეთესი ლიდერის არჩევის შანსიც ჩვენი შინაგანი პასუხისმგებლობისა და გაცნობიერების პროპორციულად გაიზარდოს.

პასუხი კითხვაზე, როგორ პოლიტიკურ ლიდერს ვირჩევთ და რატომ – მარტივი და რთულია. მას სხვა კითხვებთან მივყავართ: რისი შეცვლა გვსურს, უპირველესად საკუთარ თავში? რას (უფრო სწორად, რამეს) ვაცნობიერებთ? როგორი მომავალი გვსურს დღეს, 40 და 100 წლის შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის ძიება გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც თავისუფლებისმოყვარე მოქალაქემ შეიძლება მოსთხოვოს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ, უკვე თამამად, საკუთარი (გო)ნებით არჩეულ პოლიტიკურ ლიდერებს.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin