"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

პრეზიდენტ ბაიდენის პირველი 100 დღე

ალექქსი პეტრიაშვილი - ბლოგი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის პირველი 100 დღის ანგარიშის ტრადიცია 1932 წელს არჩეულმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა დაამკვიდრა. დიდი დეპრესიის პერიოდში ამერიკელ ხალხს სჭირდებოდა იმედი, პოზიტივი და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილები. ამიტომაც, პრეზიდენტმა რუზველტმა გადაწყვიტა, რომ არჩევიდან 100 დღეში მიემართა ხალხისთვის და ჩაებარებინა ანგარიში, თუ რა ნაბიჯები გადადგა მან დიდი დეპრესიიდან სწრაფად გამოსასვლელად და საკუთარი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაშინ პრეზიდენტმა რუზველტმა ხალხს პროგრამების პაკეტი სახელწოდებით „ახალი გარიგება“ გააცნო, რომლის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 500 მლნ დოლარი გამოყო და პირველ 100 დღეში კანონების დღემდე რეკორდულ რაოდენობას – 76 კანონს მოაწერა ხელი.

პრეზიდენტ ბაიდენის მაჩვენებელი გაცილებით მოკრძალებულია – მხოლოდ 11 ხელმოწერილი კანონი პირველ 100 დღეში (ობამამ – 14-ს, ჯორჯ ბუშმა უმცროსმა კი 7 კანონს მოაწერა ხელი), მაგრამ გასათვალისწინებელია სენატში ამჟამად არსებული ძალთა ბალანსი. 50 რესპუბლიკელი და 50 დემოკრატი სენატორის თანაფარდობის პირობებში პრეზიდენტ ბაიდენს დასჭირდა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ხმა (კანონმდებლობით ის ითვლება სენატის თავმჯდომარედ), რომ დაემტკიცებინა 1,9-ტრილიონდოლარიანი დახმარების ფონდი. ამ გამოწვევის გათვალისწინებითაც კი პრეზიდენტ ბაიდენს კვლევების მიხედვით საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. 57% იწონებს მის საქმიანობას (მათ შორის 11% რესპუბლიკელია), რაც მის წინამორბედ დონალდ ტრამპის მაჩვენებელზე საგრძნობლად მეტია (41%), უსწრებს ჯორჯ ბუშ უფროსს (56%) და ბილ კლინტონს (55%), მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება ჯონ კენედის (83%). სხვათა შორის,  პრეზიდენტი კენედი პირველი 100 დღის ანგარიშის ტრადიციისადმი არცთუ კეთილგანწყობილი იყო. მისი თქმით, „იმას, რის გაკეთებასაც ჩვენ ვგეგმავთ, არც 100 დღე ეყოფა, არც 1000 და არც ამ ადმინისტრაციის ვადა“.

პრეზიდენტ ბაიდენის მოწონების მაღალი მაჩვენებელი მნიშვნელოვანწილად ვაქცინაციის ტემპებმა განაპირობა. ჯოზეფ ბაიდენი გეგმავდა პირველ 100 დღეში 100 მილიონი ამერიკელის აცრას, მაგრამ მან ეს მაჩვენებელი გააორმაგა და 200 მილიონს გადააცილა. აშშ-ის მოსახლეობის 50%-ზე მეტს პირველი აცრა უკვე გაკეთებული აქვს და ზაფხულის ბოლომდე პრეზიდენტ ბაიდენს აქვს ამბიცია, რომ ყველას ჰქონდეს ერთი აცრა მაინც გაკეთებული და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად ვაქცინირებული იყოს.

ვაქცინაციის ტემპებმა და თითქმის 2-ტრილიონდოლარიანმა დახმარების ფინანსურმა პაკეტმა, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, აშშ-ის ეკონომიკის გამოცოცხლება განაპირობა. ექსპერტები წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებენ, რაც ბოლო ოთხ ათწლეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. ეკონომისტების ნაწილი შიშობს კიდეც, რომ ზრდის ასეთმა მაღალმა ტემპმა ინფლაციის „გაქცევის“ საფრთხე არ გააჩინოს.

პრეზიდენტ ბაიდენს კიდევ ორი მეგამსხვილი პროგრამის განხორციელების ამბიცია აქვს. თითოეული პროგრამა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარით დაფინანსებას მოითხოვს, რაც ზემოხსენებული საკანონმდებლო ძალთა ბალანსის პირობებში არცთუ ისე ადვილი მისაღწევია. რესპუბლიკელი სენატორები სულაც არ არიან განწყობილნი, რომ ყველაფერზე უაპელაციოდ დაეთანხმონ პრეზიდენტ ბაიდენს. უფრო მეტიც, კონგრესში გამოსვლის შემდეგ სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა სენატორმა მიჩ მაკკონელმა პრეზიდენტი გააკრიტიკა. მისი თქმით, „ბევრს ჰქონდა იმედი, რომ პრეზიდენტი მართლაც ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით გადადგამდა ნაბიჯებს და ყველას პრეზიდენტი იქნებოდა, როგორც ამას ჰპირდებოდა ამერიკელ ხალხს. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ტიმ სკოტმა აგრეთვე გააკრიტიკა პრეზიდენტი ბაიდენი და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის სწრაფად დაწყებასა და განხორციელებაში დიდია დონალდ ტრამპის დამსახურება.

გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს მინიმალური საათობრივი სამუშაოს ანაზღაურების 15 დოლარამდე გაზრდას, აგრეთვე გადასახადების საგრძნობლად გაზრდას („ჩვენი გადასახადების სამიზნეს მდიდრები და მსხვილი კორპორაციები წარმოადგენენ. ჩვენ არ შევეხებით მცირე და საშუალო ბიზნესს და ზოგადად საშუალო ფენას“), მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში რესპუბლიკური პარტიის პოზიცია კიდევ უფრო მეტად ხისტი გახდება და უფრო ხშირად გავიგებთ ბაიდენის ადმინისტრაციის სოციალისტურ და კომუნისტურ მმართველობაში დადანაშაულების განცხადებებს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ამერიკელი კონგრესმენებისადმი 65-წუთიან მიმართვაში პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ღიად ისაუბრა ჩინეთთან, როგორც მთავარ მოწინააღმდეგესთან გამკლავებისთვის საერთო ძალისხმევის აუცილებლობაზე. როგორც მან განაცხადა, „ჩვენ გავაძლიერებთ ინდოეთ-წყნარი ოკეანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ ამას ნატო-ს ფარგლებში ვაკეთებთ ევროპისთვის“. მისი თქმით, რეგიონში მიმართული იქნება დამატებითი სამხედრო საშუალებები და სხვა პარტნიორებთან ერთად რეგიონის ქვეყნებს გვერდში დაუდგებიან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ახალი პროგრამებიდან ერთ-ერთი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით შეიმუშავა, რათა გლობალურ ინფრასტრუქტურულ პაექრობაში ჩინეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთზეც ისაუბრა. თუმცა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიცია უფრო ორაზროვანი იყო. თავდაპირველად მან რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიზანშეწონილობაზე ისაუბრა. კერძოდ, განმარტა, რომ ეს იყო აშშ-ის რეაგირება რუსეთის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო  არჩევნებში ჩარევასა და განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან შესაძლებელია კლიმატის ცვლილებებისა და სტრატეგიულ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროებში თანამშრომლობა. ცოტა ხნის წინ გამართულ ვირტუალურ სამიტზე პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან და გახმიანებული ინიციატივებიდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა იქნება და ამ თვალსაზრისით ის რუსეთთან ურთიერთობას მომავალშიც დაუთმობს ყურადღებას. თუმცა,  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსების მიერ სამხედრო კონტინგენტის და შეიარაღების ზრდით გამოწვეული დაძაბულობის დროს აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთს, აგრესიული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მძიმე ფასის გადახდა მოუწევდა.

საგარეო პოლიტიკისა და გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ პირველი 100 დღის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებებიდან ყველაზე კონკრეტულს  აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანა წარმოადგენს. მართალია, მან გადაავადა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ 1 მაისს გაყვანის პროცესის დაწყება, მაგრამ პროცესი ფორმალურად მაინც დაიწყო მაისის პირველ დღეს და დასრულება ნავარაუდევია 2021 წლის 11 სექტემბერს.

ავღანეთისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ბაიდენი არ ჩქარობს ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას, ისევე როგორც ახალი მრავალმხრივი სავაჭრო შეთანხმებების დადებას და ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნას როგორც ჩინეთისთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის.

იმისათვის, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა საქმითაც დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაბრუნდა; იმისათვის, რომ თავისუფალი სამყაროს ავტოკრატიულ რეჟიმებთან ბრძოლაში წარმატება დასახული მიზნიდან რეალობად იქცეს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტს ნამდვილად დასჭირდება ახლო მომავალში პარტნიორებთან დაახლოების მიზნით კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და მოწინააღმდეგეების მიმართ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება.

იმედია, ასეც იქნება! თავისუფალ სამყაროს დღეს ნამდვილად სჭირდება ძლიერი ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატების სახით.

გააზიარე